განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002218249
საქმე #1-1091/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
თამარ გიორგაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ მ-----– ქ------–--ის
ადვოკატის _ დ----- კ----–--ის
მონაწილეობით, ბრალდებულ ა------– მ--------- ჯ--–--–ის დასწრების გარეშე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე:
ბრალდებულ - ა------– მ--------- ჯ--–--–ის მიმართ
მამის სახელი: მ-------
დაბადებული: 21.03.1--- წელს
მოქალაქეობა: ა---------- რ-------–----
ნასამართლობა: მ-----
რეგისტრირებული მისამართზე: ა---------- რესპუბლიკა, ქ. ქ-–---, სახლი N--
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ა---------- ისლამური რ-------–---- მოქალაქე ა------– მ--------- ჯ--–--–ი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი და არალეგალურად გადასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა :
2. მოწმე გ---- ი------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის სასაზღვრო სექტორი "სარფის" უფროსი. 2017 წლის 19 ნოემბერს, შუადღის საათებში, სექტორის მორიგისგან მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში დამონტაჟებულმა ფოტო-ხაფანგმა დააფიქსირა საზღვრის მიმართულებით მიმავალი უცხო პიროვნება. შეტყობინების მიღებისთანავე დაუკავშირდა ბლოკ-საგუშაგოს და გასცა განკარგულება გადაეკეტათ სახელმწიფო საზღვრის ხაზი N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში და თვითონაც გაემართა ამ მიმართულებით. სულ რამდენიმე წუთში რაიოსადგურით დაუკავშირდა მესაზღვრე ნ-------- ბ-------ე და აუწყა, რომ მან და მისმა თანამშრომელმა ა-–---------- რ------მა დაინახეს უცხო პირი, რომელიც მიემართებოდა საზღვრისკენ და დააკავეს ის საზღვრის ხაზიდან 20-25 მეტრის მოშორებით. დაახლოებით ხუთ წუთში ი------ე თავადაც მივიდა ბ-------ის მიერ მითითებულ ადგილას და იცნო დაკავებული პირი - ა---------- მოქალაქე ა------– მ--------- ჯ--–--–ი, რომელიც 2017 წლის მაისის თვეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, საზღვრისკენ მიმავალ ბილიკებთან დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები, ქართული და ინგლისურენოვანი წარწერებით, რომელიც აუწყებს ყველას, რომ იწყება საზღვრისპირა ტერიტორია და აფრთხილებს არ გადავიდნენ ბანერს მიღმა. ამ ადგილიდან ტერიტორია დაუსახელებელია, იქ მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნებართვით.
3. მოწმე ნ-------- ბ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს სასაზღვრო სექტორ "სარფში" მესაზღვრე სპეციალისტად. 2017 წლის 19 ნოემბერს, სექტორის უფროსმა გ---- ი------ემ რადიოსადგურის მეშვეობით საგუშაგოზე მყოფ მესაზღვრეებს შეატყობინა, რომ N 444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში დამონტაჟებულმა ფოტო-ხაფანგმა დააფიქსირა სახელმწიფო საზღვრიკენ მიმავალი უცხო პირი, ამიტომ დაავალა გადაეკეტათ საზღვრის ხაზი მითითებულ რაიონში. ა-–---------- რ------თან ერთად მაშინვე გავიდა დავალების შესასრულებლად - საზღვრის გადასაკეტად, რა დროსაც საზღვრის ხაზიდან 20-25 მეტრის დაშორებით შენიშნეს საზღვრისკენ მიმავალი უცხო მამაკაცი. დაუძახეს, შეჩერება მოსთხოვეს, მამაკაცი დაემორჩილა მათ მოთხოვნას და გაჩერდა. გაესაუბრნენ, თუმცა ქართული არ ესმოდა. მისი დაკავების შესახებ შეატყობინეს სექტორის უფროსს, რომელიც რამდენიმე წუთში მივიდა მათთან და იცნო დაკავებული პირი. მისი განმარტებით, ეს მამაკაცი რამდენიმე თვის წინაც დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის. მოწმე ბ-------ემ ასევე განმარტა, რომ ფოტო-ხაფანგი, რომელმაც უცხო პირის საზღვრის მიმართულებით მოძრაობა დააფიქსირა, საზღვრიდან დაახლოებით 200-250 მეტრზეა განთავსებული. N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, საზღვრისკენ მიმავალ ბილიკებთან დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერი, რომელიც აუწყებს ყველას, რომ იწყება საზღვრისპირა ტერიტორია და აფრთხილებს არ გადავიდნენ ბანერს მიღმა.
4. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე ა-–---------- რ------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებითაც, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
5. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა------– მ--------- ჯ--–--–ი დაკავებულ იქნა N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, სახელმწიფო საზღვრიდან 20-25 მეტრის მოშორებით მესაზღვრეების - ნ-------- ბ-------ის და ა-–---------- რ------ის მიერ. მისი პირადი ჩხრეკისას რაიმე ნივთი ან დოკუმენტი, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი, არ ამოღებულა.
6. ა------– მ--------- ჯ--–--–ის დაკავების ზუსტი ადგილი ასახულია ელექტრონული რუკაზე, რომელზეც კარგად ჩანს სახელმწიფო საზღვართან სიახლოვე, გარშემო კი მთაგორიანი და ტყით დაფარული ტერიტორია.
7. 2017 წლის 21 ნოემბრის, საქართველოს შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს წერილის თანახმად, ა---------- მოქალაქე ა------– მ--------- ჯ--–--–ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 ნოემბრამდე არ დაფიქსირებულა.
8. საქმეში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენი ა------– მ--------- ჯ--–--–ის მიმართ, რომლითაც დამტკიცდა ბრალდებულსა და აჭარის ა/რ პროკურატურას შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და ის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 21 მაისს აღნიშნულმა პირმა N447-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში. საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ჯ--–--–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
9. პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის წერილის თანახმად, ა------– მ--------- ჯ--–--–მა პენიტენციური დეპარტამენტი დატოვა 2017 წლის 17 ნოემბერს.
10. ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ბრალდებულმა ა------– მ--------- ჯ--–--–მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
11. სსკ-ის 19-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაულის ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
12. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულის განზრახვა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისკენ იყო მიმართული, თუმცა მესაზღვრეების ჩარევის შედეგად განზრახვა ბოლომდე ვერ განხორციელდა.
13. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მოთხოვნას ა------– მ--------- ჯ--–--–ის უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ სავსებით შესაძლებელია ბრალდებული უბრალოდ მოძრაობდა მითითებულ ტერიტორიაზე და ვერც კი მიხვდა, რომ აკრძალული იყო იქ გადაადგილება. გამაფრთხილებელი ბანერი მხოლოდ ორენოვანია და შესაბამისად, შესაძლოა ვერ კი აცნობიერებდა, რომ აკრძალულ ტერიტორიაზე შედიოდა.
14. დაცვის მხარის ეს ვერსია საფუძველსმოკლებულია და სრულად ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ა---------- მოქალაქე ა------– მ--------- ჯ--–--–ის საქართველოში შემოსვლა საზღვრის უკანონო კვეთის გზით მოხდა 2017 წლის 20 მაისს, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით სასჯელად განესაზღვრა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 17 ნოემბერს, ორი დღის შემდეგ - 2017 წლის 19 ნოემბერს კვლავ საზღვრის უკანონოდ კვეთის გზით შეეცადა დაეტოვებინა საქართველო. საგულისხმოა, რომ დაკავებისას მას თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენის თანახმად, ექვემდებარებოდა მისთვის დაბრუნებას. ამდენად, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, არ მიაკითხა გამოძიების ორგანოს ამ დოკუმენტის და სხვა პირების ნივთების დასაბრუნებლად და პიროვნების ინდენტიფიცირებისთვის აუცილებელი დოკუმენტების გარეშე ისევ გაემართა საზღვრის მიმართულებით. მოწმის სახით დაკითხული მესაზღვრეების განმარტებებით, საზღვრისკენ მიმავალი ყველა ბილიკის დასაწყისში დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც ასახულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიღმა იწყება სასაზღვრო ტერიტორია და იქ შესვლა აკრძალულია. შესაბამისად, ბრალდებული, რომელიც ერთხელ უკვე გასამართლებული იყო მსგავსი ქმედებისთვის და კვლავ დაუსახლებელი, ტყიანი ტერიტორიის გავლით სასაზღვრო ხაზთან 20-25 მეტრის დაშორებით იქნა დაკავებული, ნაკლებად სარწმუნოა, რომ მხოლოდ სეირნობდა მითითებულ ტერიტორიაზე, როგორც ამას დაცვის მხარე მიუთითებდა საქმის განხილვისას.
15. თავად ბრალდებული ა------– მ--------- ჯ--–--–ი არც წინასასამართლო და არც არსებითი განხილვის სხდომებს დასწრებია. პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულებიდან სასამართლოში გადმოგზავნილი ოქმების თანახმად, მან ყველა ჯერზე კატეგორიული უარი განაცხადა საკნიდან გამოსვლასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბადრაგირებაზე.
16. "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ი" ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
17. სწორედ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ასეთი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში ა------– მ--------- ჯ--–--–ი შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი და ამ გზით არალეგალურად გადასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
18. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
19. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
20. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
21. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა------– მ--------- ჯ--–--–ის ბრალდების დადასტურება.
22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
25. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
26. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
27. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
28. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
29. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
30. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
31. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
32. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სამართლებრივი შეფასება:
33. ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა------– მ--------- ჯ--–--–ი, 2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი და არალეგალურად გადასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, ბრალდებულმა ა------– მ--------- ჯ--–--–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
34. ა------– მ--------- ჯ--–--–ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება - ნასამართლევია იგივე დანაშაულისთვის.
35. ა------– მ--------- ჯ--–--–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
37. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
38. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
39. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
40. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
41. საქართველოს სსსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
42. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
43. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------– მ--------- ჯ--–--–ს, სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რადგან უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა ისეთ პირობებში, როდესაც იგივე დანაშაულისთვის მანამდე განსაზღვრულმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების შესრულება და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - გაუმართლებელია.
44. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------– მ--------- ჯ--–--–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ა------– მ--------- ჯ--–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალის პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ ა------– მ--------- ჯ--–--–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი