გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001580033
№2/3502-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.01.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ინდირა მაშანეშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ევგენიძე
მოსარჩელე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ----–ი გ--------–---–ი
მოპასუხე - შპს „G---------y“
წარმომადგენლები - ვ----–----------ე, ე-–-------–----ა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „G---------y“-ისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, 15 008.04 ლარის ოდენობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადის დარღვევით, შესაბამისად, პირგასამტეხლომ გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შეადგინა 6408.04 ლარი, ხოლო საბოლოოდ დასასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილებისათვის - 8600 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისვადის გადაცილება გამოიწვია ფორსმაჟორულმა გარემოებამ, კერძოდ, წვიმიანმა ამინდმა, რამაც კომპანიას არ მისცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარებილიტაციო სამუშაოს წარმოების შესაძლებლობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავოფაქტობრივიგარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 31 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „G---------y“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, ხელშეკრულების დანართი გეგმა-გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 522 997.67 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება - ს. ფ. 18-23;
- შეთანხმებები ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ - 24; 25; 62; 63;
3.2.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოს მიწოდების ვადები. კერძოდ: ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, მთლიანი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში; ხოლო ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება მიწოდება განეხორციელებინა გეგმა-გრაფიკის მიხედვით:
ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების 10 %-ის შესრულება;
ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების 20 %-ის შესრულება (სულ 30%);
გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების 30 %-ის შესრულება (სულ 60%);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება - ს. ფ. 18-23;
3.2.3.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულებით, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა პირგასამტეხლო. კერძოდ, ა) ხელშეკრულების 9.1. პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლო, განისაზღვრა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით, ამავე ხელშეკრულების 6.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ბ) ხოლო ხელშეკრულების 9.2. პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლო, ამავე ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის განისაზღვრა შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება - ს. ფ. 18-23;
3.2.4. #286 ხელშეკრულების ღირებულების 10 % - 52 299.77 ლარის ღირებულების სამუშაო, უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 30 აგვისტომდე, რაც არ შესრულდა. 2015 წლის 21 სექტემბერს წარმოდგენილი იქნა შესრულება ნაწილობრივ - 51555.51 ლარზე, შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 21 დღე, რისთვისაც მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 1098.30 ლარი (52299.77 ლარის 0.1 %X21). 2015 წლის 28 სექტემბერს წარმოდგენილი იქნა შესრულება ნაწილობრივ 46 051.10 ლარზე, შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 744.26 ლარი, ვადაგადაცილებამ შეადგინა 7 დღე, რისთვისაც მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 5.21 ლარი (744.26 ლარის 0.1 %X7).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება - ს. ფ. 18-23;
- მიღება-ჩაბარების აქტი #1, საფუძველქმნადი მასალებით - ს. ფ. 90-93;
- მიღება-ჩაბარების აქტი #2, საფუძველქმნადი მასალებით - ს. ფ. 90-98;
3.2.5. ხელშეკრულების ღირებულების 30 % - 156 899.30 ლარის ღირებულების სამუშაო უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 29 სექტემბრამდე, რაც არ შესრულდა.2015 წლის 15 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა შესრულება ნაწილობრივ 45 261.19 ლარზე, შეუსრულებელი სამუშაოების მოცმულობამ შეადგინა 59292.69 ლარი, ვადაგადაცილებამ შეადგინა 16 დღე, რისთვისაც მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 948.69 ლარი (59 292.69 ლარის 0.1 %X16).2015 წლის 27 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა შესრულება ნაწილობრივ 40 431.61 ლარზე, შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 14 031.50 ლარი, ვადაგადაცილებამ შეადგინა 12 დღე, რისთვისაც მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 168.39 ლარი (14 031.50 ლარის 0.1 %X16).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება - ს. ფ. 18-23;
- მიღება-ჩაბარების აქტი #3, საფუძველქმნადი მასალებით - ს. ფ. 99-102;
- მიღება-ჩაბარების აქტი #4, საფუძველქმნადი მასალებით - ს. ფ. 103-110;
3.2.6. ხელშეკრულების ღირებულების 60 % - 313 798.60 ლარი, უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 29 ოქტომბრამდე, რაც არ შესრულდა.2015 წლის 11 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა შესრულება ნაწილობრივ 24 096.47ლარზე, შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 160 499.19 ლარი, ვადაგადაცილებამ შეადგინა 12 დღე, რისთვისაც მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 1925.99 ლარი (160 499.19 ლარის 0.1 %X12).2015 წლის 25 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა შესრულება ნაწილობრივ 48 447.78 ლარზე, შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 136 402.72 ლარი, ვადაგადაცილებამ შეადგინა 12 დღე, რისთვისაც მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 1925.99 ლარი (160 499.19 ლარის 0.1 %X12).2015 წლის 28 ნოემბერს (ხელშეკრულებით სამუშაოს დასრულებისათვის განსაზღვრული ვადა) გრაფიკით შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 87 954.94 ლარი, ვადაგადაცილებამ 4 დღე, დარიცხულმა პირგასამტეხლომ 351.82 ლარი.
ერთობლიობაში, დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 6 408.04 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება - ს. ფ. 18-23;
- მიღება-ჩაბარების აქტი #5, საფუძველქმნადი მასალებით - ს. ფ. 111-115;
- მიღება-ჩაბარების აქტი #6, საფუძველქმნადი მასალებით - ს. ფ. 116-121;
3.2.7. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მიხედვით, მთლიანი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში 2015 წლის 29 ნოემბრამდე, თუმცა სამუშაოები გაგრძელდა 2016 წლის 15 აპრილამდე.
2015 წლის 2 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა შესრულება 65 620.18 ლარით, შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 260 944.16 ლარი, ვადაგადაცილებამ შეადგინა 3 დღე, ხოლო პირგასამტეხლომ - 782.83 ლარი.
2015 წლის 14 დეკემბერს წარდგენილი იქნა შესრულება 71723.62 ლარით. შეუსრულებული სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 195 323.98 ლარი, ვადაგადაცილებამ შეადგინა 12 დღე, ხოლო პირგასამტეხლომ 2343.89 ლარი.
2015 წლის 24 დეკემბერს წარდგენილი იქნა შესრულება 88289.89 ლარით. შეუსრულებული სამუშაოების მოცულობამ შეადგინა 123 600.36 ლარი, ვადაგადაცილებამ შეადგინა 12 დღე, ხოლო პირგასამტეხლომ 1483.20 ლარი.
სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა 2016 წლის 15 აპრილს. 2015 წლის 24 დეკემბრიდან ამ დრომდე შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა შეადგენდა 35 310.47 ლარს. ვადაგადაცილება 113 დღეს, პირგასამტეხლო - 3990.08 ლარს.
ერთობლიობაში პირგასამტეხლოს ოდენობამ ხელშეკრულების 9.1. პუნქტის მიხედვით შეადგინა 8600 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულება - ს. ფ. 18-23;
- მიღება-ჩაბარების აქტი #7, საფუძველქმნადი მასალებით - ს. ფ. 122-130;
- მიღება-ჩაბარების აქტი #8, საფუძველქმნადი მასალებით - ს. ფ. 131-141;
- მიღება-ჩაბარების აქტი #9 - ს. ფ. 142;
- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი - ს. ფ. 143;
3.2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობისსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 21.04.2016 წლის#002309616 დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 516 787.82 ლარი, რის საფუძველზეც გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 21.04.2016 წლის #002309616 დასკვნა;
3.2.9. 2016 წლის 11 მაისს შპს „G---------y“-ს გაეგზავნა კორესპოდენცია ხელშეკრულების 9.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტელოს - 8600 ლარისა და ხელშეკრულების 9.2. პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს - 6 408.04 ლარის ანაზღაურების შესახებ. დარიცხული პირგასამტეხლო შპს „G---------y“-ს ანაზღაურებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 11.05.2016 წლის კორესპოდენცია- ს. ფ. 144-146;
3.2.10. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულებითა და ამავე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში განპირობებული არ არის შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებებით.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით:
სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „G---------y“-მ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელა ფორსმაჟორული გარემოება - უამინდობა, რამაც კომპანიას შესაძლებლობა არ მისცა დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
სასამართლო აღიშნავს, რომ ფორსმაჟორი ეს არის გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ეს არის დაუძლეველი ძალა, მოვლენა, რომელიც ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებსაგან. მხარეების ინტერესიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორმაჟორის პირობები. თუ ხელშეკრულებაში მის შესახებ ნათქვამი არაფერია, მაშინ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსოფლიო საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის პრაქტიკიდან გამომდინარე პირობები (სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, ომები და ა. შ.). ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე ფორსმაჟორის მოქმედების გამო ვადის გადამეტების შემთხვევაში მხარეებს ეძლევათ უფლება უარი თქვან ცალმხრივად მის შესრულებაზე ისე, რომ მასზე პარტნიორის ან სხვა რომელიმე მხარის მიერ პრეტენზიის წაყენება ვერ მოხდება ან იძლევა შესაძლებლობას გაგრძელდეს ხელშეკრულებით დადგენილი ვადა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით წინასწარ მოაწესრიგეს ფორსმაჟორთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების მე-12.1 მუხლით განისაზღვრა, რომ მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თვიანთი ვალდებულების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე საომარი მოქმედებები თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე, ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ. ამავე ხელშეკრულების 12.3 მუხლის მიხედვით, მხარე, რომელსაც შეექმნა ფოსმაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ – გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; ასევე, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში ფორსმაჟორული გარემოების არსებობის ფაქტი, მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება. მოპასუხემ მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ მოწმეები, რომლებიც მიუთითებენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დასაწყისში არსებული წვიმიანი ამინდების შესახებ, თუმცა მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას ფორსმაჟორული გარემოებების დასადასტურებლად, მით უფრო იმ ფონზე, რომ აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი, სეზონური ბუნებრივი პირობებისაგან განსხვავებული სტიქიური მოვლენა, განსაკუთრებით უხვნალექიანობა არ დაფიქისრებულა და ამ გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულბა წარმოდგენილი არ არის. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ნაწილის სპეციფიკიდან გამომდინარე ნალექიანობა სამუშაოს შეუსრულებლობის მიზეზი ვერ გახდებოდა. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება იმგვარი გარემოების შესახებ, რაც გამორიცხავდა კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში არცერთხელ არ მიუმართავს ხელშემკვრელი მხარისათვის მისგან დამოუკიდებელი ფორსმაჟორული გარემოებების გამო სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებაში მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებები, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში განპირობებული არ ყოფილა შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს შპს „G---------y“-ისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრებას, 15 008.04ლარის ოდენობით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით შესრულების მოტივით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობასთან და შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
დადგენილია, რომ 31.07.2015 წლის #286 ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, ხელშეკრულების დანართი გეგმა-გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 522 997.67 ლარით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ მხარეებმა ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრეს სამუშაოების დასრულების ვადები, როგორც სამუშაოთა თითოეული ეტაპისათვის, ასევე სამუშაოთა საბოლოო დასრულების ეტაპისათვის.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ - შპს „G---------y“-მ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, მათ შორის მოპასუხემ დაარღვია, როგორც სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის დადგენილი ვადები, ასევე სამუშაოთა საბოლოო დასრულების ეტაპისთვის გათვალისწინებული ვადები, რის გამოც მოსარჩელეს, სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, წარმოეშვა ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #286 ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე: ა) სამუშაოთა ცალკეული ეტაპის განსაზღვრულ დროში შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და ბ) სამუშაოთა საბოლოო შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა შპს „G---------y“-ს მხრიდან სამუშაოს მიწოდების ვადების გადაცილების ფაქტი, რაც იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია.
მოსარჩელის მტკიცებით, პირგასამტეხლოს ოდენობა სამუშაოთა ცალკეული ეტაპისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის შეადგენს 6408.04 ლარს, ხოლო მთლიანი სამუშაოს დასრულების ვადის გადაცილებისათვის - 8 600 ლარს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს რაიმე შედავება ვადაგადაცილებული დღეები რაოდენობასთან დაკავშირებით არ განუხორციელებია. მოპასუხემ მხოლოდ განმარტა, რომ ვადაგადაცილება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.მოპასუხეს სადავოდ ასევე არ გაუხდია ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს რაოდენობა მოსარჩელის მიერ გამოანგარიშებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. მოპასუხის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას რომ დარიცხული პირგასამტეხლო (ჯამში 15 008.04 ლარი) შეუსაბამოდ მაღალია, საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ასევე მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულკანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს, ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთის შესაბამისობის საკითხს, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ.სუსგსაქმე Nას-1200-1145-2013).
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, აგრეთვე ის გარემოება, მოსარჩელემ დარღვევის შედეგად რა ფინანსური ზარალი განიცადა და საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, (რომ ვალდებულება, ვადის დარღვევის მიუხედავად შესრულდა და შემკვეთმა მიიღო შესრულება, შემკვეთს არ მიუთითებია რაიმე ზიანზე, რაც მიიღო მენარდის მხრიდან ვადის გადაცილებით) მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი და დაუშვებლად ხელყოფს მენარდის ინტერესებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი უნდა შემცირდეს 0.05 %-მდე და მოპასუხეს ნაცვლად მოთხოვნილი 15 008.04 ლარისა, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 7504.02 ლარის ანაზღაურება.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სამუშაოთა შესრულებისვადის გადაცილებისათვის დაეკისროს 7504.02 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 225.12 ლარის ანაზღაურება,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი, შპს „G---------y“-ს მიმართ.
2. მოპასუხე შპს „G---------y“-ს მოსარჩელე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 7504.02 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე შპს „G---------y“-ს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 225.12 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვითბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილებისსარეზოლუციონაწილისგამოცხადებიდანარაუადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდესბათუმისსაქალაქოსასამართლოში დაჩაიბაროსგადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი