გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.02.2018
საქმის ნომერი
140310018002256230
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002256230

საქმე № 3/6-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

1 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი

 

მოსარჩელე: სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

წარმომადგენელი: ე-–--- გ-----------–---–-

 

მოპასუხე: ს-------- ი-----ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ხელფასის სახით გაცემული თანხის - 123,64 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ს-------- ი-----ი (პირ. № 5----------) მუშაობდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2016 წლის 27 დეკემბრიდან. მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 850 ლარით; მას 2016 წლის 20 დეკემბერს სრულად ჩაერიცხა ეს თანხა პირად ანგარიშზე საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით - 679 ლარი; შესაბამისად, 4 დღის სახელფასო ანაზღაურება მას ზედმეტად აქვს აღებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ს-------- ი-----ი 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2016 წლის 28 დეკემბრამდე დაინიშნა გამოსაცდელი ვადით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; მისი თანამდებობრივი სარგო, საშტატო ნუსხის შესაბამისად, განისაზღვრა 850 ლარით;

 

მტკიცებულება: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2016 წლის 28 ნოემბრის № DES 9 16 00001975 ბრძანება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2016 წლის 8 სექტემბრის № DES 2 16 00000339 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა.

 

3.2.2. ს-------- ი-----ს 2016 წლის 20 დეკემბერს სს ,,ლიბერთი ბანკში” გახსნილ პირად ანგარიშზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ჩაერიცხა 679 ლარი.

 

მტკიცებულება: საგადასახადო მოთხოვნა № 14628.

 

3.2.3. მან 2016 წლის 27 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთა პირადი განცხადება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც იმავე დღეს იქნა დაკმაყოფილებული.

 

მტკიცებულება: განცხადება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2016 წლის 27 დეკემბრის № DES 1 16 00002354 ბრძანება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ხელფასის ნაწილი 4 სამუშაო დღისთვის, რაც მას რეალურად არ შეუსრულებია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის (1997 წლის რედ.), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის (1997 წლის რედ.) 37-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს; შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოსამსახურეს ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

 

დადგენილია, რომ ს-------- ი-----ი 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2016 წლის 28 დეკემბრამდე დაინიშნა გამოსაცდელი ვადით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, და შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

მისი თანამდებობრივი სარგო, საშტატო ნუსხის შესაბამისად, განისაზღვრა 850 ლარით, რაც, საშემოსავლო გადასახადის (20 %-ი) გამოკლებით (170 ლარი) შეადგენდა 680 ლარს.

 

დადგენილია, რომ ს-------- ი-----ი დანიშნული იყო მითითებულ თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით - 2016 წლის 28 დეკემბრამდე და მას დეკემბრის თვის სახელფასო განაკვეთი სრულად ისედაც არ ეკუთვნოდა;

 

მას 2016 წლის 20 დეკემბერს პირად ანგარიშზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ჩაერიცხა სრული თვის - 2016 წლის დეკემბრის ხელფასი - 679 ლარი, თუმცა იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 2016 წლის 27 დეკემბრიდან; შესაბამისად, მან მიიღო სახელფასო ანაზღაურება იმ დღეებზეც, რაც მას არ უმუშავია - 123,64 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 123,64 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობამ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სარჩელი ს-------- ი-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ს-------- ი-----ს დაეკისროს 2016 წლის დეკემბერში ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 123 (ასოცდასამი) ლარისა და 64 თეთრის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460, გადახდის დანიშნულება: ორგ. კოდი 3802, ვალდებულება 795, მუხლის 2.1.1.1.1. საგადასახადო მოთხოვნა 14628.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი