გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.01.2018
საქმის ნომერი
411310017002218153
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
09.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411310017002218153

საქმე № 3/15-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2018 წელი ქ. კასპი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: ა-- კ----------–-

 

მოპასუხე: ლ--- ი------ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

სოციალური დახმარების სახით გაცემული თანხის - 220 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ლ--- ი------ის (პირ. N 5----------) ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 4 წევრზე.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ ლ--- ი------ის ოჯახის წევრს - ლ---- ხ--–-–---–ს (პირ. N 2----------) დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2017 წლის განმავლობაში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 220 (ორას ოცი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 მოპასუხის ოჯახს 2016 წლის მაისიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 4 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 36630-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2 სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე მანია ლ--- ი------მა, რომელმაც 2016 წლის 30 მაისს აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.3 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლ--- ი------ის ოჯახის წევრს - ლ---- ხ--–-–---–ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი.

 

მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2017 წლის 18 ივლისის N 04/47216 წერილები; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია;

 

3.2.4. ლ--- ი------ის ოჯახის მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 220 ორას ოცი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მოსარჩელე მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოპასუხემ მიიღო საარსებო შემწეობის თანხა, რაც მას არ ეკუთვნოდა, ამასთან, მოპასუხე ვალდებული იყო, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N 145-ე დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის შესახებ; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

როგორც აღინიშნა, ლ--- ი------ის ოჯახს 2016 წლის მაისიდან დაენიშნა სოციალური დახმარება.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

 

დადგენილია, რომ ლ--- ი------ის ოჯახის წევრი - ლ---- ხ--–-–---–ი მუშაობდა შპს ,,ლ-------------"-ში, და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებია.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება;

 

მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილებისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

 

მოპასუხის ოჯახისათვის ზედმეტად გამოყოფილი სოციალური დახმარება შეადგენს 220 ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხის ოჯახმა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 220 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილების სარჩელი ლ--- ი------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ლ--- ი------ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2017 წლის განმავლობაში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი