განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100117002098303
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ირაკლი დონდოლაძე
ბრალდებული - მამ-----------აძე
ადვოკატი - ნა--------–----ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მამ-----------აძე
მამის სახელი: ბადრი
დაბადებული: 22.10.1993 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6---------6
მისამართი: ხელვაჩაური, სოფელი ზე---------ო მე-4, IV ჩიხი N3.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტი.
დაკავების თარიღი და დრო: 2017 წლის 10 სექტემბერი, 15:08 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. მამ-----------აძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0.136 გრამ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 10 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება (გარდა გამომძიებელ გი---------–--------ნებისა) სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად და ამ მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
3. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 10 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილების დროს, მამ-----------აძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 17 ცალი მთლიანი ტაბლეტი, წარწერით „სუბოქსინი“, რაც დაილუქა კანონოთ დადგენილი წესით.
4. 2017 წლის 10 სექტემბერს, გამომძიებლის მიერ მამ-----------აძის დაკავების, პირადი ჩხრეკის და ჩხრეკის შედეგად მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი დადასტურებულია გიო-------------ძის და გი--------------იძის გამოკითხვის ოქმებით.
5. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/376 დასკვნის თანახმად, მამ-----------აძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 17 ცალი მთლიანი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.136 გრამის ოდენობით.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა გი---------შაძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და დამატებით აღნიშნა, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარატმენტში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მოქალაქე მამ-----------აძე ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. იმავე ინფორმაციის თანახმად, მამ-----------აძე იმყოფებოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შესაძლოა ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. ოპერატიული ჯგუფი, გამომძიებელთან ერთად გავიდა მითითებულ ადგილზე, სადაც ქვეითად გადაადგილების დროს შენიშნეს მამ-----------აძე. იგი შეჩერებული იქნა მათ მიერ და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს მამ-----------აძის ტანთმოსილი შორტის გვედითა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 17 ცალი კონვალუტის ჩამონაჭერი, წარწერით სუბოქსინი, სულ 17 ტაბლეტი, რაც დაილუქა ადგილზევე. ადგილზევე შედგენილი იქნა მამ-----------აძის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმი, რასაც გაეცნო მამ-----------აძე და მოაწერა ხელი. აღნიშნულის შემდეგ იგი გადაყვანილი იქნა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მის მიერ გამოკითხული იქნა ბრალდებულის სახით. გამოკითხვისას მამ-----------აძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული. შემდეგ პროკურორს დავალებით გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ. გამომძიებლის განმარტებით მითითებულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია მის მიერ, რომლის სისწორესაც ადასტურებს.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
8. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა:
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გამო. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.
10. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქ/პუნქტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა II სიაში შეტანილია - ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები, მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია.
11. ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების II სიაში, N10 რეგისტრაციით და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
12. ბრალდებულ მამ-----------აძეს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შეძენა-შენახვისათვის სპეციალური ნებართვა არ გააჩნია.
13. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის N2 დანართის - უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის შენიშვნის 1-ლი ნაწილის ”დ” ქ/პუნქტის თანახმად, ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
14. ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” მითითებულ ნუსხაში არის სიითი ნომრით - 29 და მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულია - 0.12 გრამი.
15. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/376 დასკვნით დადგენილია, რომ მამ-----------აძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული - 17 ცალი მთლიანი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.136 გრამის ოდენობით.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მამ-----------აძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0.136 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
17. მამ-----------აძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებ არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
19. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
20. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მამ-----------აძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მამ-----------აძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
21. ამასთან, მამ-----------აძეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მამ-----------აძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მამ-----------აძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მამ-----------აძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: 17 ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერზე არსებული ექვსკუთხა ფორმის 17 ცალი მთლიანი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.136 გრამის ოდენობით და ინახება აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- მამ-----------აძის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი