გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2018
საქმის ნომერი
080210116001387265
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210116001387265

N2/3065-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი 2018წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე შა-–-- ჯა---–--ე;

წარმომადგენელი ნ--ა ზა------;

მოპასუხე: ნა---- ქუ---–---–ი (არ გამოცხადდა);

მოპასუხე: სს მისო “კრი-----–ი“;

წარმომადგენელი თორნიკე ქათამაძე;

დავის საგანი: ყადაღისგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გათავისუფლებული იქნას ყადაღისაგან იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 11 აპრილს ნივთების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები: „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, ვერცხლისფერი გაზქურა, ნაჭრის სამეული, ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, ტელევიზორის მაგიდა შავი ფერის მინის კარებით, ჟურნალების მაგიდა, სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, კომპიუტერის მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, კომპიუტერის მაგიდა, ზალის მაგიდა ყავისფერი, „ვესტელის“ ფირმის კონდიციონერი, 6 ცალი სკამი ნაჭრის ზედაპირით;

სარჩელის საფუძვლები:

1.2. მოსარჩელის მითითებით 2016 წლის 11 აპრილს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მის საცხოვრებელ ბინაზე დაყადაღებული იქნა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები, იმ მოტივით, რომ სს მისო „კრი-----–ი“ ნა---- ქუ---–---–ს ედავება 5133,41 აშშ დოლარს, სადავო ნივთები შეძენილი მისი და მისი დედის გულნარა ჯა---–--ის მიერ.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე სს მისო “კრი-----–ის“ წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი, იხ. სხდომის ოქმი)

2.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნა---- ქუ---–---–მა სარჩელი ცნო;

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2016 წლის 11 აპრილის აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში ნიკეას ქ. N62/63 საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, ვერცხლისფერი გაზქურა, ნაჭრის სამეული, ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, ტელევიზორის მაგიდა შავი ფერის მინის კარებით, ჟურნალების მაგიდა, სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, კომპიუტერის მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, კომპიუტერის მაგიდა, ზალის მაგიდა ყავისფერი, „ვესტელის“ ფირმის კონდიციონერი, 6 ცალი სკამი ნაჭრის ზედაპირით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, იხ, ს. ფ 2-12

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი. იხ ს. ფ 17;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. შა-–-- ჯა---–--ე და ნა---- ქუ---–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ისინი ცხოვრობენ ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩა მე-2 შესახ.ბინა N62/63-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რომელიც არის შა-–-- ჯა---–--ის ნათესავის საკუთრება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი),3.2.2 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 11 აპრილის აქტით დაყადაღდა შა-–-- ჯა---–--ის კუთვნილი ნივთები, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმის ახსნა-განმარტება (იხ. 4.01.2018წ. სხდომის ოქმი);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო მიიჩნევს, წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ახსნა-განმარტების და მოწმეების ჩვენების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მოვალეს არ შეუძენია დაყადაღებული ქონება, ამის შემდეგ დაუშვებელია კვლავ მოსარჩელეს მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი, ასეთი მტკიცებულებები კი წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შა-–-- ჯა---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. ამასთან, ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

სასამართლო სრულად იზიარებს, როგორც მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, ისე საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს სადავო მოძრავი ნივთების პირადად მოსარჩელის მიერ მრავალი წლის წინ შეძენასთან დაკავშირებით, ასევე, განმარტებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შა-–-- ჯა---–--ე და ნა---- ქუ---–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და სადავო მოძრავი ნივთები არ შეიძლება ჩაითვალოს მათ თანასაკუთრებად.

 

ამდენად, ვინაიდან აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადავო ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება და მოსარჩელე არაა მოვალე, სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. მოვალე სს მისო „კრი-----–ის“ ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალის ქონებიდან, შესაბამისად, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოვალე სს მისო „კრი-----–ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. იმის გათვალისწინებით, რომ შა-–-- ჯა---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 8 ივნისს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შა-–-- ჯა---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 11 აპრილის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები - „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, ვერცხლისფერი გაზქურა, ნაჭრის სამეული, ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, ტელევიზორის მაგიდა შავი ფერის მინის კარებით, ჟურნალების მაგიდა, სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, კომპიუტერის მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, კომპიუტერის მაგიდა, ზალის მაგიდა ყავისფერი, „ვესტელის“ ფირმის კონდიციონერი, 6 ცალი სკამი ნაჭრის ზედაპირით;

3. მოპასუხე სს მისო „კრი-----–ს“ შა-–-- ჯა---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 8 ივნისის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე