გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001623710
№2/3714-2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.01.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე
მოსარჩელე - შპს „გ------ი აჭ------------–---ია“
წარმომადგენელი - ია------------ა
მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - სუ-–---------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 1375 ლარის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელის - შპს “გ------ი აჭ------------–---იის“ სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2013 წელს, გ------ „ა-----ში“ გამოაქვეყნა მოპასუხის მიერ მიწოდებული 8 სამართლებრივი აქტი. გაწეული მომსახურების ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 1375 ლარი, რომლის ანაზღაურების ვალდებულება, ზემოთ მითითებული ხელშეკრულების შესაბამისად, ეკისრებოდა მოპასუხეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას. მოპასუხემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით, მოსარჩელეს გაწეული მომსახურება არ აუნაზღაურა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელეს გაშვებული აქვს მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 24 მაისს შპს „გ------ აჭ------------–---იასა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #98 ხელშეკრულება, რომლის მიხდევით მიმწოდებელმა (მოსარჩელემ) იკისრა ვალდებულება შემსყიდველის (მოპასუხის) მოთხოვნისამებრ გაეწია მომსახურება გ------ „ა-----ში“ გვერდის დაკაბადონების, დაბეჭდვის და მზა პროდუქციის გამოქვეყნება/გავრცელების სახით, ხოლო შემსყიდველი (მოპასუხე) კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო მომსახურების მიღება და ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #98 ხელშეკრულება - ს. ფ. 13-16;
3.2.2. 24.05.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #98 ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 3000 ლარით, ხოლო ერთი მთლიანი საგაზეთო შავ-თეთრი გვერდის გამოქვეყნების ღირებულება განისაზღვრა 250 ლარით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტობრივად გამოქვეყნებული ინფორმაციის მოცულობის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #98 ხელშეკრულება - ს. ფ. 13-16;
3.2.3. 24.05.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #98 ხელშეკრულებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი და ანგარიშსწორების პირობები. კერძოდ: შესყიდვის ობიექტის მიღება/ჩაბარება უნდა დადასტურებულიყო შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გამოქვეყნებითა და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტისა და მის შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ანგარიშსწორების ფორმად განისაზღვრა უნაღდო ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 5 სამუშაო დღე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის მომენტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #98 ხელშეკრულება - ს. ფ. 13-16;
3.2.4. 24.05.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #98 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში, მოსარჩელემ - შპს „გ------ი აჭ------------–---იამ“, შემსყიდველის მოთხოვნით, 2013 წლის 09 თებერვლიდან 22 მაისის ჩათვლით, უზრუნველყო გ------ „ა-----ში“ სამართლებრივი აქტების გამოქვეყნება, რაზეაც 2013 წლის 23 მაისს შედგა ანგარიშ-ფაქტურა გაწეულ მომსახურებაზე, საერთო ღირებულებით 1375 ლარი და მიღება - ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით მხარეთა უფლებამოსილი წარომადგენელების მიერ დადასტურებული იქნა 1375 ლარის ღირებულების სამუშაოს გაწევის/მიღების ფაქტი. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე მოპასუხის მიმართ წარმოეშვა 2013 წლის მაისის თვის ბოლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #98 ხელშეკრულება - ს. ფ. 13-16;
- ანგარიშ-ფაქტურა გაწეულ მომსახურებაზე - ს. ფ. 18;
- მიღება-ჩაბარების აქტი - ს. ფ. 17;
3.2.5. მოსარჩელის - შპს „გ------ი აჭ------------–---იის“ მიერ გაწეული მომსახურების 1375 ლარის მოპასუხის მხრიდან ანაზღაურების ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი), ხოლო მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მოპასუხის მოთხოვნით შეასრულა სამუშაო, რომლის ღირებულება მოპასუხემ არ აუნაზღაურა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მიუთითებს, რომ მან გაწეული მომსახურება აანაზღაურა სრულად.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მტკიცების ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში გასწია სათანადო მომსახურება, რაც შემსყიდველმა მიიღო პრეტენზიის გარეშე და დაადასტურა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. აღსანიშნავია, რომ სამუშაოს ჯეროვნად შესრულების ფაქტი, ან შესრულებული სამუშაოს ღირებულება მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა ღირებულების ანაზღაურების ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიღების/დადასტურების წესი განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით. მითითებული ნორმის მიხედვით, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონით კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მიზნით ჩაურიცხა 1375 ლარი, თუმცა მოსარჩელე არ ადასტურებს ამ თანხის მიღების ფაქტს.
გამომდინარე იქიდან, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მტკიცების ტვირთი ეკისრება შემკვეთს (მოპასუხეს), ის ვალდებულია სასამართლოს წარმოუდგინოს ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მოსარჩელის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები, ან სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულება - მენარდის (მოსარჩელის) მიერ გაცემული თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება. დადგენილია, რომ მოპასუხეს არ გააჩნია მოსარჩელის (კრედიტორის) მიერ გაცემული რაიმე დოკუმენტი, სადავო თანხის ჩარიცხვა/მიღების შესახებ.
დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების უნაღდო ანგარიშსწორების ფორმაზე და ხელშეკრულებითვე განისაზღვრა მოსარჩელის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეაც მოპასუხის მიერ უნდა განხორციელებულიყო თანხის ჩარიცხვა. მოპასუხისაგან განსხვავებით მოსარჩელემ სასამართლოს მტკიცებულების სახით წარმოუდგინა ამონაწერი კომპანიის საბანკო ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, მოპასუხის მიერ 1375 ლარის ჩარიცხვის ფაქტი არ ფიქსირდება.
ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი ახსნა-განმარტებით, რაც ამ სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, მიღებული მომსახურების ანაზღაურების ფაქტის დასადასტურებლად, მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეული - 1375 ლარის ღირებულების მომსახურება ანაზღაურებული აქვს სრულად.
3.2.6. მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მომართა ხანდაზმულობის ვადის კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
განსახილვევლ შემთხვევაში, სახეზეა ნარდობის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.
დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ნარდობის გარიგების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო, მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის მაისის თვის ბოლოს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ამ პერიოდიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2016 წლის 24 ნოემბერს, ე. ი. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რის შესახებაც სასამართლო იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების დროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „გ------ი აჭ------------–---იას“ სარჩელი ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, შპს „გ------ი აჭ------------–---იას“ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე,130-ე, 144-ე, 316-317-ე, 629-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ნარდობის ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გაუწია მომსახურება, რომლის ღირებულება მოსარჩელეს ანაზღაურებული არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულია სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულია სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. "ხანდაზმულობა" სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა, განსაზღვრული სახით, გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდი იქნებოდა ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის მაისის თვის ჩათვლით გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომლის ანაზღაურების ვალდებულება, სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა 2013 წლის მაისის თვის ბოლოს. (მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როდესაც ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არაა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა გონივრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება. მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე - მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. როგორც კი ეს ნება იქნება განცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზეა იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და შესაბამისად დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.
საქართველოს სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოიშვა ჯერ კიდევ 2013 წლის მაისის თვიდან და ამ პერიოდიდან მხარისათვის უკვე ცნობილი იყო მოთხოვნის არსებობა. 2013 წლის მაისის თვიდან სარჩელის აღძვრამდე 2016 წლის 29 ნოემბრამდე გასულია დაახლოებით სამი წელი და 6 თვე, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლო, ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა განხორციელდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 130-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოთხოვნის წარმოშობის, ისე უფლების დარღვევის მომენტი უშუალოდ უკავშირდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების წესსა და ვადას (ხელშეკრულების მე-8 მუხლი). დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 5 სამუშაო დღე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის მომენტიდან. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების ამ პირობიდან გამომდინარე, გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო, მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2013 წლის მაისის თვის ბოლოს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ამ პერიოდიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2016 წლის 24 ნოემბერს, ე. ი. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასვლისას ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე და ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.
იმ გარემოების გათალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს "გ------ აჭ------------–---იას" სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი