განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160100117002207553
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/269-17 18 იანვარი 2018 წელი ქ. ბოლნისი (გამოძიების N031260817001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: არჩილ დვალიშვილი
ბრალდებული: მ------ გ---------ი
მამის სახელი: ფიქრადი
დაბადებული: 1992 წლის 11 დეკემბერი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ზემო ვეძისი N69
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღანლოში, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ინდ.მეწარმე ,,რომან ქარიმოვის“ ტირ პარკის თანამშრომელმა მ------ გ---------მა და შპს ,,ტირ პარკი 2014-ის“ თანამშრომელმა ნ------ გ-------მა კონკურენციასთან დაკავშირებული უთანხმოების ნიადაგზე, ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მ------ გ---------მა ნ------ გ-------ს ჯერ სიგარეტის ნამწვი ესროლა, შემდეგ მუშტი დაარტყა სახის არეში. ამის შემდგომ ნ------ გ-------მა მ------ გ---------ის თანმხლებ მ------ ი---------ოვს დაარტყა მუშტი სახის არეში. ასევე მ------ ი---------ოვმა ნ------ გ-------ს სახის არეში დაარტყა მუშტი, რის შემდეგ ნ------ გ-------ი წაიქცა. მ------ გ---------მა და მ------ ი---------ოვმა ჯგუფურად, სხეულის არეში, ფეხების არაერთჯერადად დარტყმით წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ ნ------ გ-------ს მიაყენეს ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
2017 წლის 18 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005417317 დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ნ------ გ-------ი 26.08.2017 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 26.08.2017 წლიდან 28.08.2017 წლამდე და დაუდგინდა: თავის ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დაზარალებულ ნ------ გ-------ის და მოწმეების დავით შუბითიძის, ჰუსეინ გურბანოვის, აგილ მუსაევის, მ------ ი---------ოვის, გულარა ნასიბოვას, აშირ გ-------ის, ავგან იუსუბოვის, გოჩა ჯალაბაძის, ისლამ ახმედოვის, ელგუჯა ჩინჩალაძის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მ------ გ---------მა მუშტი დარტყა სახის არეში ნ------ გ-------ს და შემდეგ მ------ ი---------ოვთან ერთად ნ------ გ-------ს მიაყენა სხეულის არაერთჯერადი დარტყმა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მ------ გ---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა მ------ გ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ მ------ გ---------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ნ------ გ-------ის, მოწმეების დავით შუბითიძის, ჰუსეინ გურბანოვის, აგილ მუსაევის, მ------ ი---------ოვის, გულარა ნასიბოვას, აშირ გ-------ის, ავგან იუსუბოვის, გოჩა ჯალაბაძის, ისლამ ახმედოვის, ელგუჯა ჩინჩალაძის გამოკითხვის ოქმები და სამედიცინო ექსპერტიზის N005417317 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მ------ გ---------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, მ------ გ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ------ გ---------მა ნ------ გ-------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
5.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ მ------ გ---------ს უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------ გ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს მ------ გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე