გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N2-968 (130210017002237043)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
07 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე გ--–- ჩ---------
წარმომადგენლები: ნ----------------------შვილი
მოპასუხე უ----------შვილი
წარმომადგენელი დ--------------აძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
უკანონო მფლობელობიდან გათავისუფლდეს გ--–- ჩ-------ძის საკუთრება - უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6-----------;
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 20 ოქტომბრიდან, გ--–- ჩ-------ძის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6----------- რომელსაც უკანონოდ ფლობს უ----------შვილი. ამ მიზეზით, მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი საკუთრებით (იხ. სარჩელი. გვ.4, 6);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთით ის არ სარგებლობს, სარჩელის დაკმაყოფილება მისთვის სახელმწიფო ბაჟის უსამართლოდ დაკისრებას გამოიწვევს;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ--–- ჩ-------ძის საკუთრებაა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–-ში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით 6-----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავოდ გახდა სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთის უ----------შვილის მფლობელობაში ყოფნა;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადგინდა, რომ უ----------შვილი სადავო ნივთის მფლობელია;
5. კანონები რომლებიდაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე გ--–- ჩ---------;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;
ამ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და გ) მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ--–- ჩ--------- სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეა, მაგრამ არ დადგინდა, რომ სარჩელში აღნიშნული ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია, შესაბამისად, ის, არც ხელშეშლას ახდენს;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეა ვალდებული დაადასტუროს სადავოდ გამხდარი გარემოება, რომ სადავო ნივთს უ----------შვილი ფლობს;
მოპასუხის მიერ ხელშეშლის განხორცილების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მითითებულია: მოსარჩელეს პირადად არ უნახავს, ფიზიკურად სოფელ ფ–-ში არ ყოფილა, მაგრამ ტელეფონით მიიღო ინფორმაცია, რომ მის კუთვნილ სახლში მოპასუხე ცხოვრობს და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს მომართა (იხ.სხდომის ოქმი16:08:10-16:08:37);
როდესაც მოპასუხეს ხელშეშლის აღკვეთა მოსთხოვა, მასთან, მოსალაპარაკებლად, სათანადო რწმუნებით, უ----------შვილის წარმომადგენელი მივიდა; განსახილველ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოდან გაგზავნილი სარჩელი და დოკუმენტები მოპასუხის ოჯახის წევრმა ჩაიბარა;
აღნიშნულ მტკიცებულებებზე მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავს, ,,არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ სადავო ნივთს უ----------შვილი ფლობს“ (იხ.სხდომის ოქმი: 15:57:45-15:58:15);
მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ არ წარმოუდგენია ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე გ--–- ჩ---------სთან უ----------შვილის წარმომადგენლის მოლაპარაკების დამადასტურებელი მტკიცებულება;
მოპასუხე უარყოფს სადავო ნივთის მის მფლობელობაში არსებობას, არც იცის იქ ვინ ცხოვრობს. მისი ახსნა-განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, თვითონ და დედამისიც ცხოვრობდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–-ში. ამჯერად ორივე თბილისში იმყოფება, მისი დედის სახლი სადავო სახლის მიმდებარედ დგას (ზედ არის გადაბმული), იცის, რომ სესხთან დაკავშირებული დავა არსებობს მოსარჩელესა და სადავო სახლის წინა მესაკუთრე თამაზ ოსაძეს შორის (რომელიც მისი ნათესავია იხ.სხდომის ოქმი: 16:01:00-16:01:12) და ამ სესხთან დაკავშირებით მხარეთა შორის მოლაპარაკებასთან, თვითონაც არის დაკავშირებული;
სადავო ნივთის მოპასუხის მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნაზე გ--–- ჩ-------ძის მიერ გაგზავნილ ,,შეტყობინებაში“ ადრესატებად აღნიშნული არიან მ-------- ბ------შვილი და კ----–- ბ------შვილი, ამ გზავნილის ჩაბარების დასტურში კი, მ-------- ბ------შვილის ნაცვლად - უ----------შვილი და გზავნილი ჩაიბარა მხოლოდ კ----–- ბ------შვილის ბებიამ (ს.ფ.18-20);
მოსარჩელე მხოლოდ ტელეფონით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიუთითებს, რომ სადავო ნივთი უ----------შვილის მფლობელობაშია, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ნივთთან დაკავშირებით ხელშეშლის აღკვეთაზე მასთან მოლაპარაკებას მოპასუხე აწარმოებდა. მოპასუხე ადასტურებს მხოლოდ მოსარჩელესა და სახლის წინა მესაკუთრეს შორის სესხთან დაკავშირებით მოლაპარაკებაში მონაწილეობას, რაც არ ნიშნავს, რომ სადავო ნივთი მის მფლობელობაშია;
სასამართლოდან გაგზავნილი დოკუმენტების მოპასუხის შვილისათვის ჩაბარებით არ დგინდება, რომ სადავო სახლში მოპასუხე ცხოვრობს, მით უმეტეს, საქმის განხილვისას, მხარეებმა დაადასტურეს, რომ სოფელ ფ–-ში არც ქუჩების დასახელებაა და არც - ნუმერაცია, შესაბამისად, თუნდაც მოპასუხის შვილის მიერ გზავნილის მიღება, არ ნიშნავს, რომ ეს გზავნილი მან ზუსტად იმ სახლში მიიღო, რომელიც მოსარჩელეს ეკუთვნის;
არც უ----------შვილის საქმის განხილვაში მონაწილეობით დასტურდება მის მიერ სადავო სახლის ფლობა - როგორც მოსარჩელე მიუთითებს (იხ.სხდომის ოქმი: 15:57:15-15:58:15; 15:58:26-15:59:00), პირიქით - ამ გზით მან თავი დაიცვა სარჩელისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დადასტურებულად ჩაითვლებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება - უ----------შვილის მიერ სადავო ნივთის უკანონოდ ფლობა. საქმის განხილვაში მონაწილეობაში, მისი ინტერესია, როგორც აღნიშნა, მოპასუხემ თავიდან აიცილოს მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება (იხ.შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი: 16:14:35-16:15-25);
ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება - რომ სადავო ნივთს მოპასუხედ აღნიშნული უ----------შვილი ფლობს. არაფრით დადასტურებული მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მეორე მხარე, არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადასტურებლად;
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რადგან თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”კ” ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ--–- ჩ-------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გ--–- ჩ---------ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 120 (ას ოცი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი