გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 421310217001911561
(3/1-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.01.2018 წელი ქ. მარტვილი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
მარტვილის მუნიციპალიტეტში დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი მელანო შალამბერიძე
მოსარჩელე - მი----– ცა--ა
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - დი------- ბა-----ა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსათვის, მოსარჩელე მი----– ცა--ას სასარგებლოდ, 1998,1999,2000 წლებისა და 2003 წლის სახელფასო დავალიანების 1057.06 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოპასუხის განმარტებით, 1990 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა შსს მარტვილის რაიონულ განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მიუღებელი აქვს 1998,1999,2000 წლებისა და 2003 წლის ხელფასი - ჯამში 1057.06 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენს საჯარო მოხელეს, რის გამოც მის მიმართ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები.
3.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წერილობითი ინფორმაციის თანახმად, მი----– ცა--ას 1998,1999,2000 წლებში და 2003 წელს დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 1057.06 ლარს, საიდანაც ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი სარგო) დარიცხული სახით - შეადგენს 388.97 ლარს, კვების (ულუფის კომპენსაცია) ხელზე გასაცემი სახით -603,14 ლარს, წელთა ნამსახურევი -64.95 ლარს. სხვა (საშემოსავლო, სპორტკლუბ ”დინამოს” საწევრო ანარიცხები, სოც.ანარიცხები, ელექტროენერგიის გადასახადი) დაკავებები შეადგენს-32.05 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სამმართველოს წერილობითი ინფორმაცია
-ამონაწერი სახელფასო უწყისებიდან;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მოსარჩელის სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი; „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლები; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-11, მე-14, 37-ე 1341-ე მუხლები; პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი; 1997 წლის 17 მარტის საქართველოს პრეზიდენტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესი”; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი და 130-ე მუხლი, ’’ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო იმავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, დაწესებულება, რომელშიც მუშაობს თანამშრომელი, თვითონ არის პასუხისმგებელი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.
აღნიშნული საკითხი ანალოგიურად არის მოწესრიგებული ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსით და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონულ სამმართველოსთან შრომით–სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირი, წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს ’’პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ’’საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” შესაბამისად.
სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების 55-ე მუხლით (რომელიც ამაჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 დეკემბრის №1141 ბრძანებულებით) დადგენილი იყო, რომ სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი. საჭიროების შეთხვევაში, დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის მიერ მოთხოვილი კვების კომპენსაციის ანაზღაურების საკითხის თაობაზე სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შეთხვევაში თუ საქართველოს კონსტიტუციის, სპეციალური კანონმდებლობით ამ მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი (რომელიც ამაჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 დეკემბრის №1141 ბრძანებულებით), რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა) რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმი დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (კვების კომპენსაციას) და სხვა. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
მოსარჩელის წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1998-2000 და 2003 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დავობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. ამასთან 1998-2000 წლების თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, დანამატის და ულუფის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა ’’პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, რომლის დროსაც ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, არამედ სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა კომპონენტები.
2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციით ’’პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს წელთა ნამსახურობის დანამატი და კვების ულუფის კომპენსაციის თანხა და იგი ხელფასისგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისთვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. (რასაც ასევე გათვალისწინებული იყო ამჟამად ძალადაკარგული ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით) უდავოა ის, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, აგრეთვე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა. ამდენად, განსახილველი დავის საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები, რომელთა მოქმედების დროსაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება.
კერძოდ: ვინაიდან ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 2000 წლის 28 ივნისს განხორციელებულ ცვლილებამდე პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო ნამსახურების დანამატსა და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ სასურსათო ულუფის ღირებულებასაც, ამიტომ ამ პერიოდში (2000 წლის ივლისის თვემდე) წარმოშობილ კვების სასურსათო ულუფის დავალიანებაზე, როგორც ხელფასში შემავალ კომპონენტზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ხოლო 2003 წელს წარმოშობილ კვების ფულადი კომპენსაციის დავალიანებაზე, უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ნორმა ავალდებულებს სახელმწიფოს 2005 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გასცეს კუთვნილი თანხა. 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებული ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით სახელმწიფომ აღიარა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენოს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება და მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადები არ ვრცელდება.
ვინაიდან ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში იგულისხმება მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, ამიტომ კვების ულუფის კომპენსაციის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასის შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით სახელმწიფომ არ აღიარა ვალდებულება აენაზღაურებინა წინა წლებში წარმოქმნილი კომპენსაცია (რომელიც არ შედის ხელფასში და ხელფასისგან დამოუკიდებელი დანამატია). ამდენად, ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გასაცემი კვების (ულუფის) ფულადი კომპენსაციის დავალიანება 1998 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, 1999 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, 2000 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით წარმოშობილია 2000 წლის 28 ივნისამდე, მათზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვერ გავრცელდება. ამიტომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, როგორც ხელფასის ანაზღაურების და ულუფის ნაწილში სამართლიანი და საფუძვლიანია. ასევე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ვინაიდან ამ პერიოდში (2003 წელს) კვების კომპენსაცია ხელფასის შემადგენელ კომპონენტს აღარ წარმოადგენს, მოთხოვნის ამ ნაწილზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ის, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება, ეს საყოველთაოდ ცნობილი დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. მოპასუხის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს, გარდა ამისა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის უფლების – მიიღოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებამ დარღვევა ეწინააღმდეგება, ასევე, სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება, რადგან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც შეუერთდა საქართველო, ჯერ კიდევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელეთათვის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელეთათვის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, სახელფასო დავალიანების თაობაზე წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოსარჩელე მი----– ცა--ას მიმართ გასაცემი თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, დანამატი და ულუფა, ასევე 2003 წლის თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო დარიცხული სახით შეადგენს 1057.06 ლარს, საიდანაც მას უნდა დაუკავდეს საშემოსავლო გადასახადი (12%-ის ოდენობით), ასევე, ელ/ენერგიის გადასახადი, დინამოს ანარიცხები, რაც ერთიანობაში შეადგენს 158.90 ლარი. საბოლოოდ, მი----– ცა--ასათვის ხელზე გასაცემი ხელფასი უნდა განისაზღვროს 898.16 ლარით. მასვე უარი უნდა ეთქვას 2003 წლის წელთა ნამსახურებისა და კვების კომპენსაციის გაცემაზე, ხანდაზმულობის გამო, რაც შეადგენს 68.29 ლარს დარიცხული სახით (დასაბეგრი განაკვეთის გამოკლების გარეშე). საბოლოოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ხელზე გასაცემი თანხის 829.87 (რვაასოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” და ,,უ’’ პუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მი----– ცა--ას სარჩელი ნაწილობრივ;
2.მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს მოსარჩელე მი----– ცა--ას სასარგებლოდ დაეკისროს 1998-1999-2000 წლებისა და 2003 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 829.87 (რვაასოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის ოდენობით, ხელზე გასაცემი სახით.
2.1.მასვე, უარი ეთქვას 2003 წლის წელთა ნამსახურებისა და კვების კომპენსაციის სახით დარიცხული თანხის 68.29 (სამოცდარვა ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის ანაზღაურებაზე.
3. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მარტვილი, გამსახურდიას ქ№12) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია