განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100117002007429
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - შოთა ქემაშვილი
ბრალდებული - მა-–------–---იძე
ადვოკატი - და------------იძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მა-–------–---იძე
მამის სახელი: ნუსრედინი
დაბადებული: 27.01.1970 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქობულეთი, სოფელი ხუ–----ნი, 1-ლი ქუჩა N10, ბინა-38.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტი.
დაკავების თარიღი და დრო: 2017 წლის 12 ივნისი, 17:41 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. მა-–------–---იძემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0.1215 გრამს, რაც 2017 წლის 12 ივნისს ამოღებული იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა მა-–------–---იძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ირ---–----------ძის, მი-------------ლის და მი---------–----ილის ჩვენებებს, მა-–------–---იძის პირადი ჩხრეკის ოქმს და ფოტოცხრილს, მა-–------–---იძის დაკავების ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის Nქ/256 დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა-–------–---იძემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.
სამართლებრივი შეფასება:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა:
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გამო. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.
7.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქ/პუნქტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა II სიაში შეტანილია - ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები, მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია.
8. ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების II სიაში, N10 რეგისტრაციით და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
9. ბრალდებულმა მა-–------–---იძემ დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი კუთვნილია და მისი შეძენა-შენახვისათვის სპეციალური ნებართვა არ გააჩნია.
10. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის N2 დანართის - უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის შენიშვნის 1-ლი ნაწილის ”დ” ქ/პუნქტის თანახმად, ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
11. ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” მითითებულ ნუსხაში არის სიითი ნომრით - 29 და მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულია - 0.12 გრამი.
12. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/256 დასკვნით დადგენილია, რომ მალხაზ ლომიძისგან ამოღებული - 15 ცალი ტაბლეტი და 1 ცალი ტაბლეტის ნატეხი, საერთო წონით - 6.0752 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.1215 გრამის ოდენობით.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა-–------–---იძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0.1215 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
14. მა-–------–---იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
15. მა-–------–---იძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
17. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
18. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მა-–------–---იძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მა-–------–---იძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
19. ამასთან, მა-–------–---იძეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მა-–------–---იძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მა-–------–---იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მა-–------–---იძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: მა-–------–---იძისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი