გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
200210116001503446
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/582-16

№200210116001503446

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2018 წელი თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

თავდაპირველი სარჩელით, მოსარჩელე - შპს ,,კლ-------------+“

წარმომადგენლები - ა----------–-–---–ი, მ------------ა

თავდაპირველი სარჩელით, მოპასუხე - შპს ,,G---------”

წარმომადგენელი - ნ-----–---- ა-------ე

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

 

შეგებებული სარჩელით, მოსარჩელეები - შპს ,,G---------”

წარმომადგენელი - ნ-----–---- ა-------ე

შეგებებული სარჩელით, მოპასუხე - შპს ,,კლ-------------+“

წარმომადგენლები - ა----------–-–---–ი, მ------------ა

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელით:

 

1.1. მოპასუხე შ.პ.ს. ,,G----------ს” მოპასუხე შ.პ.ს ”კლ-------------+-ის” სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების საფასურის გადაუხდელი ნაწილის 11 450 (თერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე შპს ,,G----------სს“ მოსარჩელე შპს ,,კლ-------------+-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 493.50 (ოთხასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 4%-ის - 458.00(ოთხასორმოცდათვრამეტი) ლარის ანაზღაურება.

თავდაპირველი სარჩელის არსი:

 

2016 წლის იანვრიდან შ.პ.ს ”კლ------------- +”-სა და შ.პ.ს. ” G---------”-ს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ კი, მოპასუხემ დაუკვეთა მოსარჩელეს, სოფელ ჯ-------ში არსებული კოტეჯებისათვის ელექტროფიკაციის სისტემების პროექტის შექმნა, რომლის ღირებულებაც მხარეთა მიერ განისაზღვრა 16 250 ლარად. მოპასუხე კომპანიამ 2016 წლის 1 თებერვალს შ.პ.ს ”კლ------------- +”-ის საბანკო ანგარიშზე ჩაირცხა თანხის ნაწილი- 4 800 ლარი. 2016 წლის აპრილის თვეში შ.პ.ს ”კლ------------- +”-ს შესრულებული ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობით ნაკისრი შეკვეთა. არაერთი მიმართვის მიუხედავად შ.პ.ს ” G---------”-მა უარი განაცხადა შესრულებული სამუშაოს მიღებაზე და დარჩენილი საფასურის 11 450 ლარის გადახდაზე, რაც წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის.

1.2. მოპასუხის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელზე:

 

მოპსაუხემ წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხისათვის საქმეში არ არის წარმოდგენილი ვალდებულების შესრულების და მისი მოპასუხისათვის ჩაბარების/გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი/მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია და არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა.

 

2. მოსარჩელე შპს ,,G----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა, შეგებებული სარჩელით:

 

2.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შპს ,,კ-–-------------+-ს“ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,G----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ მისთვის ავანსის სახით გადახდილი თანხის 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელის არსი:

 

შპს ”კ-–------------- +-მა” 2016 წლის 14 სექტემბერს სარჩელით მიმართა თ--–--ის რაიონულ სასამართლოს მოსარჩელისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით (საქმე №2-582-16) სასამართლოს მოახსენებენ, რომ მოსარჩელემ 2016 წლის იანვრის თვეში მოპასუხეს დაუკვეთა სოფელ ჯ-------ში არსებული კოტეჯებისათვის ელექტროფიკაციის სისტემების პროექტის შექმნა, რომლის ღირებულებაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 16 250 ლარით. მოსარჩელემ 2016 წლის 01 თებერვალს მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ავანსის სახით ჩარიცხა თანხის ნაწილი, კერძოდ 4 800 ლარი (აღნიშნულს ადასტურებს მოპასუხეც მის მიერ აღძრულ სარჩელში). მხარეები ასევე შეთანხმდნენ შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადაზე, კერძოდ მოპასუხეს, მოსარჩელისათვის სამუშაოები უნდა ჩაებარებინა არაუგვიანეს 2016 წლის 01 მაისისა.მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მათი მხრიდან არაერთხელ მოხდა მოპასუხისათვის ხელშეკრულების (რომელიც მოიცავს ზემოაღნიშნულ პირობებს) გადაგზავნა მისი ხელმოწერის მიზნით, მათთვის გაურკვეველი და უცნობი მიზეზების გამო მოპასუხე თავს არიდებს მის ხელმოწერას.მოპასუხე, მიუხედავად იმისა, რომ მას ავანსის სახით მიღებული ქონდა ხელშეკრულების საფასურის ნაწილი (4 800 ლარი) არ ასრულებდა მასზე ნაკისრ ვალდებულებებს. მოსარჩელეს, მოპასუხისათვის არა თუ 2016 წლის 01 მაისამდე, არამედ დღემდე არ მიუწვდია დასრულებული პროექტი. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც შეიძლება იგი არსებობდეს. მოპასუხე იძლეოდა მხოლოდ დაპირებებს, რომ იგი დათქმულ ვადაში დაასრულებდა სამუშაოებს, თუმცა როგორც აღინიშნა მან დაარღვია ყოველგვარი გონივრული ვადა და ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე ისე ითხოვდა ხელშეკრულების საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდას, რომ მას არ ქონდა მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული ელ. გაყვანილობის პროექტი მომზადებული. აღნიშნული ნათლად ჩანს მის მიერ აღძრული სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოებიდანაც, სადაც მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მოპასუხეს 2016 წლის 17 აპრილს ელ. ფოსტის მეშვეობით აცნობა, რომ ამავე წლის 24 აპრილს დასრულებული ექნებოდა პროექტი და მისთვის ჩაერიცხა შეთანხმებით გათვალისწინებული ღირებულების დარჩენილი ოდენობა. მოპასუხე პრაქტიკულად ცდილობდა წინასწარ ინ დროს როცა მას არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება ) მიეღო შეთანხმების მთლიანი საფასური. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება (პროექტის დასრულება და მოპასუხისათვის მისი გადაცემა დათქმულ დროში) მოსარჩელე იძულებული იყო სხვისთვის დაეკვეთა შესასრულებელი სამუშაოები, ვინაიდან მისი შეუსრულებლობა აფერხებდა მთლიან სამშენებლო პროცესს. მოპასუხემ ელექტრო გაყვანილობის პროექტი შეუკვეთა თურქულ კომპანია A------------, რომლის შექმნილი პროექტის შესაბამისადაც განხორციელდა ელექტრო გაყვანილობის დამონტაჟება/ განთავსება.

 

3. მოპასუხის პოზიცია, შეგებებულ სარჩელზე:

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,კლ-------------+-ის“ წარმომადგენლები არ ეთახმებიან მოთხოვნას და განმარტავენ, რომ მხარეებს შორის არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება, შესაბამისად შემსრულებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადად მკაცრად 2016 წლის 1 მაისის არ იყო დადგენილი. თუმცა მიუხედავად ამისა შპს ,,კლ-------------+-მა“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სწორედ 2016 წლის 1 მაისამდე და აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ მოახსენა მოსარჩელეს, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სატელეფონო საუბრებით. ის ფაქტი, რომ შპს ,,კლ-------------+-ს“ შესრულებული ჰქონდა ელექტროფიკაციის პროექტი 1 მაისამდე დასტურდება თავდაპირველ სარჩელთან ერთად წარმოდგენილ დისკზე არსებული PDF ფაილების შექმნის თარიღით, რომელიც არ ცდება 2016 წლის აპრილის თვეს. მოსარჩელემ ხელშეკრულების პროექტი მხოლოდ ერთხელ გაუგზავნა მოპასუხეს და მისგან უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება მარტო ინგლისურ ენაზე იყო შესრულებული. შპს ,,კლ-------------+-მა“ კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ელექტორფიკაციის პროექტი. მიაჩნიათ, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და წარმოდგენილია მხოლოდ პროცესის გაჭიანურების მიზნით, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის იანვრიდან შ.პ.ს ”კლ------------- +”-სა და შ.პ.ს. ” G---------”-ს შორის არსებობს ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შ.პ.ს ”კლ------------- +” იკისრა ვალდებულება, მოპასუხის საკუთრებაში არსებული კოტეჯებისათვის რომლებიც მდებარეობს თ--–--ის რაიონის სოფელ ჯ-------ში, შეექმნა ელექტროფიკაციის ქსელის პროექტი, დამკვეთს კი უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური- 16 250 ლარის ოდენობით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადაზე, კერძოდ მოპასუხეს, მოსარჩელისათვის სამუშაოები უნდა ჩაებარებინა არაუგვიანეს 2016 წლის 01 მაისისა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 1 მარტის ხელშეკრულების პროექტი, ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან, ტექნიკური დავალება, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 25-28, ს.ფ. 29, ს.ფ. 33-35)

 

3.2.2. 2016 წლის 1 თებერვალს შ.პ.ს. ” G---------”-მა შ.პ.ს ”კლ------------- +”-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა თანხის ნაწილი 4 800 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 1 თებერვლის N2943 საგადასახადო დავალება (ს.ფ. 30)

 

3.2.3. შ.პ.ს ”კლ------------- +-ს” დირექტორმა გიორგი მ------–---–მა 2016 წლის 17 აპრილს ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა მოპასუხე კომპანიას, რომ იმავე წლის 24 აპრილს ნაკისრი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნებოდა, პროქტი - გამზადებული და შეახსენა მათ მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილის 11450 ლარის გადახდა.

2016 წლის 20 აპრილს მოპასუხემ შ.პ.ს ”კლ------------- +”-ს ხელმოსაწერად გაუგზავნა ინგლისურ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება. მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელი მოეწერა რადგან არ ერთვოდა ქართული ვერსია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან (ს.ფ. 29)

- 2016 წლის 1 მარტის ხელშეკრულების პროექტი, ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან, ტექნიკური დავალება, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 25-28, ს.ფ. 29, ს.ფ. 33-35)

 

3.2.4. 2016 წლის აპრილის თვიდან მოსარჩელე მხარე არაერთხელ დაუკავშირდა მოპასუხე კომპანიას, ითხოვდა მათი მხრიდან დარჩენილი თანხის გადახდასა და შესრულებული სამუშაოს მიღებას, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 6 ივლისის Nგ-079/16 შეტყობინების ასლი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის ასლი (ს.ფ. 31, ს.ფ.32)

 

3.2.5. შ.პ.ს ”კლ-------------+”-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო შესრულებულია და კოტეჯების ელექტროფიკაციის ქსელების პროექტი - დასრულებული 2016 წლის 24 აპრილს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პროექტის ელექტრონული ვერსია, CD დისკი (ს.ფ. 36-172)

 

3.2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს შგებებულ სარჩელში მოსარჩელე მხარის მოსაზრებას რომ შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა დათქმულ ვადაში შესრულებული პროექტი და ამიტომ სხვა კომპანიას დაუკვეთეს პროექტის შერულება, მაშინ როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია რომ შპს,,კ-–-------------+“-ს 2016 წლის 24 აპრილს უკვე შესრულებული ჰქონდა პროექტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

ამდენად, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე შპს ”G---------“-მა ვერ დაადასტურა შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 629-ე, 636-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლელბას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიხედვით შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე,მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი, შპს,,კ-–-------------+“-ს მიერ 2016 წლის 24 აპრილს ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, შედგენილი იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული კოტეჯებისათვის, რომლებიც მდებარეობს თ--–--ის რაიონ სოფელ ჯ-------ში, ელექტროფიკაციის ქსელის პროექტი, ხოლო შემკვეთის - შპს ”G---------“-ის მიერ არ იქნა სრულად გადახდილი შეთანხმებული საზღაური და მას თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 11450 ლარი. შესაბამისად მოსარჩელე შპს,,კ-–-------------+“-ს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება რომ შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე შპს ”G---------“სა და მოპასუხე შპს,,კ-–-------------+“-ს შორის დადებული იყო ზეპირი ხელშეკრულება, რომელიც შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მხარის მიერ შესრულრებული იქნა ხოლო შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის მიერ არ იქნა გადახდილი სრულად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, მითუმეტეს რომ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებით გამოირიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქაქლაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 992-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916- 30921-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე შპს ,,კლ-------------+-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე შპს ,,G----------სს“ მოსარჩელე შპს ,,კლ-------------+-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 11450(თერთმეტიათასიოთხასორმოცდაათი) ლარის გადახდა;

2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,G----------სს“ უარი ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხე შპს ,,G----------სს“ მოსარჩელე შპს ,,კლ-------------+-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 493.50 (ოთხასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 4%-ის - 458.00(ოთხასორმოცდათვრამეტი) ლარის ანაზღაურება.

4. შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. თელავი, აღმაშენებლის 41) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინე ცერცვაძე