გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
35---------------2
საქმე №2-243-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2018 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - რო-------------ი (პ/ნ 12--------2)
წარმომადგენელი - და------------------–---–ი
მოპასუხე - ელ-----------------ა (პ/ნ 12--------1)
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.1 სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.1. დაეკისროს მოპასუხეს - ელ----------------ს არასრულწლოვანი შვილის, 28.07.2014 წელს დაბადებული რა---–-----------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით, სრულწლოვანების მიღწევამდე.
1.1.2. საქმის ზეპირ განხილვაზე, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხის გვარი ,,იბ---------ა“.
1.1.3. მოსარჩელის - რო-------------ის განმარტებით, ელ----------------ს დაჟინებული მოთხოვნით, მხარეებმა 2017 წლის 14 ოქტომბერს ოფიციალურად მოახდინეს განქორწინება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. მათ ჰყავთ საერთო შვილი - რა---–----------ი, დაბადებული 2014 წლის 28 ივლისს. მოპასუხე 6 თვეზე მეტია წასულია სახლიდან და მას საერთოდ არ აინტერესებს მცირეწლოვანი შვილის ბედ-იღბალი. მოსარჩელეს ეგონა, რომ განქორწინების საქმის განხილვაზე მაინც მოითხოვდა დედა ბავშვის დაბრუნებას, ან მასთან ურთიერთობას, მაგრამ მას დღემდე არ მოუკითხავს შვილისთვის. მოპასუხე არ იღებს არანაირ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, მაშინ როდესაც ორივე მშობელი არის ვალდებული იზრუნონ შვილების აღზრდაზე და მათ კეთილდღეობაზე, რასაც მოპასუხე თავს არიდებს. მოპასუხეს აქვს საკმარისზე მეტი შემოსავალი, იგი აპირებს თურქეთის რესპუბლიკაში წასვლას სამუშაოდ. მოსარჩელე თვისი მშობლების დახმარებით ზრდის და ზრუნავს შვილზე, ცდილობს არ მოაკლოს შვილს ზრუნვა-პატრონობა და შეძლებისდაგვარად შეუქმნას მას ყველა პირობა, რათა აღზარდოს ღირსეულ ადამიანად.
1.2. მოპასუხის პოზიცია:
1.2.1. მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა, დაეკისროს ალიმენტის გადახდა მხოლოდ 50 ლარის ოდენობით, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვს არანაირი შემოსავალი (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
1.2.2. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, შეიცვალა გვარი და დღეის მდგომარეობით მისი გვარია ,,იბ---------ა“ (იხილეთ განქორწინების მოწმობა).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რა---–----------- დაიბადა 2014 წლის 28 ივლისს, მისი მშობლები არიან: დედა - ელ-----------------ა, მამა - რო-------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი 01141017213 (ს.ფ. 14)
3.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ელ----------------სა და რო-------------ას შორის შეწყდა 26.04.2013 წელს რეგისტრირებული ქორწინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლოს გადაწყვეტილება #2-1---17 (ს.ფ. 15-16).
3.1.3. ელ----------------სა და რო-------------ს შორის ქორწინების შეწყვეტა დარეგისტრირდა 2017 წლის 30 ნოემბერს და განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, ცოლს მიეკუთვნა გვარი ,,იბ---------ა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 41).
3.1.4. არასრულწლოვანი რა---–----------- ცხოვრობს მამასთან - რო-------------თან ერთად. დედას არ აქვს სურვილი ჰქონდეს რაიმე სახის ურთიერთობა შვილთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. მოპასუხე ელ-----------------ა ცხოვრობს მის მშობლებთან ერთად, მისამართზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაზარლო. იგი არ მუშაობს არსად და მის ფინანსურ ხარჯებს იღებს მამა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს აქვს საკმარისზე მეტი შემოსავალი, აპირებს წასვლას თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, ელ-----------------ას მიერ რაიმე საქმიანობიდან რაიმე სახით შემოსავლის მიღების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1198-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები;
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. ალიმენტის ოდენობის დადგენისას, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები, რო-------------ი და ელ-----------------ა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. არასრულწლოვანი რა---–----------- ცხოვრობს და იზრდება მამასთან - რო-------------თან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. თავის მხრივ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხოლოდ დედის მხრიდან ბავშვისათვის ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ხარჯის აუცილებლობას.
წარმოდგენილი შესაგებლით და ზეპირი ახსნა-განმარტებით, მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილის - რა---–-----------ს სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომლის გადახდაშიც მას დაეხმარება მამა.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. იმავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად, რო-------------ი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. იმავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ელ-----------------ამ შესაგებლით ცნო სარჩელი ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რო-------------ის სარჩელი ელ-----------------ას მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ელ-----------------ას დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - რა---–-----------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 10 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3. ელ-----------------ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი