გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.02.2018
საქმის ნომერი
120310018002253897
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2253897-3/006-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - ნ------–---------–---–ი

წარმომადგენელი - მ----------–-–---–ი, ქ-------------–---–ი

მოპასუხე - ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - თ--------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 დეკემბრის N------ ბრძანება ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტის ნ------–---------–---–ის მიმართ „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე მოსარჩელე ნ------–---------–---–ი 2015 წლის ივლისის თვიდან სამი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. იმავე წლის ოქტომბრის თვიდან დაინიშნა ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოში აპარატის წამყვან სპეციალისტად. 2015 წლიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე მოსარჩელე ნ------–---------–---–ის მიმართ არ ქონია ადგილი დისციპლინარული ზომის გამოყენებას. 2017 წლის 14 დეკემბერს კი ბო--------ს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის N------ ბრძანებით ნ------–---------–---–ს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, რადგან ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემას წინ უძღვოდა ნ------–---------–---–ის მიმართ რამდენჯერმე სიტყვიერი გაფრთხილების გამოცემას ხელმძღვანელის მხრიდან, შრომის დისციპლინის დარღვევის, კერძოდ სამუშაო ადგილის დატოვების, შინაგანაწესის დადგენილი, დაწსესებულებაში ყოფნის წესის დარღვევის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ------–---------–---–ი ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანებით დაინიშნა ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე 3 (სამი)თვის გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 29.07.2015წ. N---- ბრძანება (ს.ფ. 20.)

 

3.1.2. ნ------–---------–---–ი ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნა ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმცროს საჯარო თანამდებობაზე საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტად 2015 წლის 30 ოქტომრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 29.10.2015წ. N---- ბრძანება (ს.ფ. 21.)

 

3.1.3. 2017 წლის 14 დეკემბერს ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N------ ბრძანებით საკრებულოს აპარატის მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს ნ------–---------–---–ს სამსახურებრივი მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად მიეცა გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 14.12.2017წ. N------ ბრძანება (ს.ფ. 26.)

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ------–---------–---–ის ქმედებაში სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და სამუშაო ადგილის თვითნებურ დატოვებას ადგილი არ ქონია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმე ნა----–----------- ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმის CD.დისკი).

 

3.2.2. ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 14 დეკემბრის N------ ბრძანება ნ------–---------–---–ისათვის დისციპლინარული სახდელის დაკისრების თაობაზე ისე გამოიცა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უწარმოებია დისციპლინარული წარმოება, შესაბამისად დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად არ შეუდგენია შესაბამისი დასკვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის CD.დისკი).

- ნ------–---------–---–ის განცხადება(სფ.25).

 

3.2.3. ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელთა მიერ ნ------–---------–---–ისათვის სიტყვიერი გაფრთხილების მიცემას შრომის დისციპლინის დარღვევის, კერძოდ სამუშაო ადგილის დატოვების, შინაგანაწესის დადგენილი, დაწესებულებაში ყოფნის წესის დარღვევის გამო, ადგილი არ ქონია, რადგან აღნიშნული გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც დასტურდება ასევე ბო--------ს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა N------ და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბო--------ს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა N------.

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის CD.დისკი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------–---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.’’ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გამოცემული N------ ბრძანება ნ------–---------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 3-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურეა – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

 

ამავე კოდექსის მუხლი 31-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

- დადგენილია, რომ ნ------–---------–---–ი ნ------–---------–---–ი ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანებით დაინიშნა ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე 3 თვის გამოსაცდელი ვადით 2015 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე, ხოლო ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნა ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე 2015 წლის 30 ოქტომრიდან, შესაბამისად წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.’’

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 7-ე მუხლის თანახმად საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს.

 

ამავე კანონის 8-ე მუხლის თანახმად საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს.

 

ამავე კანონის 9-ე მუხლის თანახმად ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.’’

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.’’

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებით, ასევე მხარეთა განმარტებებით დადგენილია მოსარჩელე ნ------–---------–---–ი 2015 წლიდან მუშაობს ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ნ------–---------–---–ის ქმედებაში სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და სამუშაო ადგილის თვითნებურ დატოვებას და ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელთა მიერ სიტყვიერი გაფრთხილების მიცემას შრომის დისციპლინის დარღვევის, კერძოდ სამუშაო ადგილის დატოვების, შინაგანაწესის დადგენილი, დაწსესებულებაში ყოფნის წესის დარღვევის გამო, 2015 წლიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე არ ქონია ადგილი, რადგან აღნიშნული გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო 2017 წლის 14 დეკემბერს ბო--------ს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის N------ ბრძანებით ნ------–---------–---–ს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად მიეცა გაფრთხილება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო, მაშინ როდესაც ნ------–---------–---–ის ქმედებაში სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და სამუშაო ადგილის თვითნებურ დატოვებას ადგილი არ ქონია, რადგან სასამართლო სხდომაზე, როგორც მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ იმ დროს, რის გამოც მას გაფრთხილება მიცეს იგი იმყოფებოდა ,,საპირფარეშოში" იმავე შენობაში და მას სამუშაო საათების განმავლობაში არ დაუტოვებია სამსახური, აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–----------მ, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილიარ არის, უფრო მეტიც სასამართლო აღნიშნავს, რომ თუკი ადგილი ექნებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მისი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დადასტურებული, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ნ------–---------–---–ის მიმართ ეწარმოებინა საქართველოს კანონით “საჯარო სამსახურის შესახებ“ გათვალისწინებული დისციპლინური წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, კი დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე.

 

ამავე კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია:

ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;

ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა;

გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.

 

ამავე კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება (მოწმე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება ამ პირის (მოწმის) ან მისი ოჯახის წევრის ინტერესებს. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას ზეპირი მოსმენის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე–112-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 14 დეკემბრის N------ ბრძანება ნ------–---------–---–ისათვის დისციპლინარული სახდელის დაკისრების თაობაზე ისე გამოიცა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უწარმოებია დისციპლინარული წარმოება, შესაბამისად დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად არ შეუდგენია შესაბამისი დასკვნა შესაბამისს უფლებამოსილ პირს.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 92-ე მუხლის დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით; ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა; გ) წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება; დ) წარადგინოს მტკიცებულება; ე) წარადგინოს წერილობითი მოსაზრება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნასთან დაკავშირებით; შესაბამისად, რადგან დადგენილია, რომ ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ყოველგვარი დისციპლინარული წარმოების გარეშე მოხდა 2017 წლის 14 დეკემბრის N------ ბრძანების, ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნ------–---------–---–ის მიმართ „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ", გამოცემა, ამით დაირღვა ნ------–---------–---–ის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 92-ე მუხლით გარანტირებული უფლებები, რადგან არ მიეცა კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შრომა თავისუფალია.

 

სასამართლო განმარტავს, რო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების და სამსახურის გავლის პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ------–---------–---–ს ისე მიეცა გაფრთხილება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უწარმოებია ადმინისტრაციული/დისციპლინარული წარმოება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მაშინ როდესაც ვალდებული იყო ყველა მონაცემის ურთიერთშედარების საფუძველზე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 დეკემბრის N------ ბრძანება, გამოცემულია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, არის დაუსაბუთებელი ვინაიდან არ ემყარება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს და სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რადგან ნ------–---------–---–ის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ქონია, რაც მისი ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 დეკემბრის N------ ბრძანება ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნ------–---------–---–ის მიმართ „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,უ" ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

მხარები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე,243-244-ე, 247-249-ე,257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ნ------–---------–---–ის დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 დეკემბრის N------ ბრძანება ბო--------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნ------–---------–---–ის მიმართ „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

3. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქუჩა №7ა) 14 დღის ვადაში მხარეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია