გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-120-2017
(130310517002208437)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - ი----- კ-----ე
წარმომადგენელი - ნ--- ნ------ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი
წარმომადგენელი - მ------ თ----------
მე-3 პირები (ასკ-ის მე-16მ. IIნ.) - ზ------ კ-----ე, თ------ კ-----ის უფლებამონაცვლე - ნ----- კ-----ე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 20 მარტის №882017013260-13 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №128057 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე 334კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი----- კ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 20 მარტის №882017013260-13 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე 334კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაზიაზე. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის განმარტებით ეს გადაწყვეტილებები ზიანს აყენებს მის კანონით დაცულ ინტერესებს და ისინი მიღებულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე. 1963 წლის 23 ივნისს შედგენილი მიწის ნაკვეთისა და შენობის გეგმის მიხედვით, მის მამას ვ------- კ-----ეს ეკუთვნოდა ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე 334კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელის დედამ ქ------- კ-----ემ და რომელიც მას უნდა გადაეცეს მემკვიდრეობით. სააგენტო დაეყრდნო მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ დოკუმენტს, სადაც მითითებულია, რომ ქ------- კ-----ე არის გ-----ს ქ. N8-ში მდებარე ქონების 3/9-ის მფლობელი და ეს გადახაზულია, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია როდის მოხდა ეს გადახაზვა და რამდენად კანონიერია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ი----- კ-----ემ 2017 წლის 9 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისს და მოითხოვა ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას არ ერთვოდა საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი ვერ იქნა მოპოვებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან, რის გამოც, განცხადება გადაეგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარებაზე. აქედან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახურმა, ი----- კ-----ის განცხადებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
მოპასუხე უთითებს, რომ 1963 წლის 29 ივნისს შედგენილი ნახაზი ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული არ არის, ხოლო 1978 წლის ტექნიკური პასპორტი გაუქმებულია. თუ მაინც ჩაითვლება იგი უფლების დამდგენ დოკუმენტად, მაშინ ი----- კ-----ეს გააჩნია ქონების 3/9 წილზე თანასაკუთრების უფლება და არა მთლიანად.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირებმა ნ----- კ-----ემ და ზ------ კ-----ემ განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ პრეტენზია 330კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს ი----- კ-----ის სახელზე (იხ. 2018 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმი 17:08:43-17:08:53).
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ი----- კ-----ის მამა გარდაცვლილი ვ------- კ-----ე და ზ------ კ-----ის მამა გარდაცვლილი გ------- კ-----ე იყვნენ ძმები - ე-----ი კ-----ის შვილები, ხოლო ნ----- კ-----ის მამა გარდაცვლილი თ------ კ-----ე იყო მათი ძმისშვილი (მხარეთა ახსნა-განმარტებები იხ. სხდომის ოქმი, დაბადების, გარდაცვალების და სამკვიდრო მოწმობები, აღმასკომის N78 გადაწყვეტილება ს.ფ. 102-105).
4.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული სააღრიცხვო მასალის მიხედვით, ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე უძრავი ნივთის 3/9 ნაწილი აღრიცხულია მოსარჩელე ი----- კ-----ის დედის ქ------- კ-----ის სახელზე, ხოლო 3/9 ნაწილი მესამე პირის ზ------ კ-----ის მამის გ------- კ-----ის სახელზე. მიწის ნაკვეთის ფართია 1610 კვ.მ. (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის წერილი, 1975 წლის 25 ივლისს შედგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათი და საინვენტარიზაციო გეგმა).
4.3. ქ------- კ-----ეზე ქონების აღრიცხვის საფუძველია 1986 წლის 27 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან მიიღო გარდაცვლილი მეუღლის ვ------- კ-----ის სამკვიდრო და 1962 წლის 14 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ვ------- კ-----ემ მიიღო მამის ე-----ი კ-----ის მემკვიდრეობა (იხ. 27.09.1986წ. და 18.02.1963 წ. სამკვიდრო მოწმობები).
4.4. გ------- კ-----ეზე ქონების აღრიცხვის საფუძველია 1963 წლის 18 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან მიიღო გარდაცვლილი მამის ე-----ი კ-----ის სამკვიდრო (იხ. 14.12.1962 წ. სამკვიდრო მოწმობა).
4.5. 1975 წლის 25 ივლისს შედგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე მესაკუთრეები გადახაზულია და გაკეთებულია წარწერა აღარ არსებობს (ს.ფ. 76).
4.6. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალებში არის, ასევე, 1986 წლის 24 სექტემბერს ქ------- კ-----ეზე გაცემული გაცემული ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვითაც, ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ვ------- კ-----ის, გ------- კ-----ის და თ------ კ-----ის სახელზე, თითოეულზე 3/9 ნაწილი, თუმცა არ არის მითითებული და არც სააღრიცხვო მასალაში ინახება თ------ კ-----ის უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი (იხ. 1986 წლის 24 სექტემბრის N268 ცნობა-დახასიათება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის წერილი).
4.7. სარეგისტრაციო მასალებში არის ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 7 ნოემბრის N383 წერილი, რომლის მიხედვითაც ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ქ------- კ-----ის, გ------- კ-----ის და თ------ კ-----ის სახელზე, თითოეულზე 3/9 ნაწილი (ს.ფ. 74).
4.8. საქმეზე წარმოდგენილია 1963 წლის 29 ივნისს შედგენილი ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის გეგმა (3/9-ის მფლობელი ვ------- კ-----ე), რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის ფართია 346,3 კვ.მ. გეგმაზე არსებულ ნახაზზე მიწის ნაკვეთის სრული ფართი მითითებულია 927კვ.მ. (ს.ფ. 23).
4.9. ხაშურის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 30 აპრილის N78 გადაწყვეტილებით ვ------- ე-----ის კ-----ეს, მისი, მისი ძმის გ------- კ-----ის და ძმის შვილის თ------ კ-----ის საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გამოეყო 330 კვ.მ. მიწის ფართი (ს.ფ. 105).
4.10. ი----- კ-----ემ 2017 წლის 9 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისს და მოითხოვა ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარადგინა პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, საკადასტრო-აზომითი ნახაზი, სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან მიიღო გარდაცვლილი დედის ქ------- კ-----ის მემკვიდრეობა (ს.ფ.43-46).
4.11. სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაიწყო თავისი ინიციატივით ადმინისტრაციული ორგანოებიდან დოკუმენტების გამოთხოვა. 2017 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ ვერ იქნა მოძიებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ი----- კ-----ის განცხადება თანდარტული დოკუმენტებით გადაეგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ს.ფ. 51-52).
4.12. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ი----- კ----ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარებაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 50).
4.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 20 მარტის №882017013260-13 გადაწყვეტილებით ი----- კ----ეს უარი ეთქვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ეს გადაწყვეტილება ი----- კ-----ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2017 წლის 13 აპრილის N128057 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 14-22).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ... კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ რომ გასაჩივრებული აქტი არ იქნა მიღებულ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ნაკვეთთან დაკავშირებით სადავო აქტის გამოცემამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (ტექნიკური პასპორტები, აღმასკომის გადაწყვეტილებები და სხვა) შეიცავდა ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობის, ადგილმდებარეობისა და ნაკვეთის მფლობელთა შესახებ.
7.3. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები და ამდენად, ამ ორგანოთა მიერ შექმნილ დოკუმენტები საჯარო რეესტრის მიერ შექმნილი დოკუმენტების ტოლფასი იყო.
7.5. ი----- კ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის ძირითადი საფუძვლად მოპასუხე უთითებს იმ გარემოებას, რომ ტექნიკური პასპორტი გადახაზულია და მიწერილია, რომ აღარ არსებობს. მოპასუხემ ეს გარემოება ტექნიკური პასპორტის გაუქმებად ჩათვალა, თუმცა არ გამოუკვლევია რა დოკუმენტი (სამართლებრივი აქტი) დაედო საფუძვლად ტექნიკური პასპორტის გაუქმებას. ამგვარი დოკუმენტი ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი. ამავდროულად, სარეგისტრაციო მასალებში არსებობს 1986 წლის 24 სექტემბერს გაცემული ცნობა-დახასიათება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 7 ნოემბრის N383 წერილი, რომელთა მიხედვითაც, ხაშურში, გ-----ს ქ. N8-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ვ------- კ-----ის (2016 წლის დოკუმენტის მიხედვით ქ------- კ-----ის), გ------- კ-----ის და თ------ კ-----ის სახელზე, თითოეულზე 3/9 ნაწილი.
7.6. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, სარეგისტრაციო სამსახურს ი----- კ-----ის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე (უფრო ადრეც - აღიარების კომისიაში განცხადების გადაგზავნამდე) ვალდებული იყო გამოეკვლია თუ რატომ იყო შეუსაბამობა სარეგისტრაციო მასალებში დაცულ დოკუმენტებს შორის და არსებობდა თუ არა დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ტექნიკური პასპორტის გაუქმებას (გადახაზვას). საქმის ასეთი გამოკვლევა მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია. ამ საკითხის გარკვევას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად.
7.7. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
7.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამიტომ ი----- კ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა. სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს ი----- კ-----ის კუთვნილი ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა, კოორდინატები, წარდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შესაბამისობა. მოსაძიებელია, ასევე, არსებობს თუ არა დოკუმენტი, რაც დაედო საფუძვლად ტექნიკური პასპორტის გადახაზვას. ამ საკითხების გამოკვლევა მიზანშეწონილია მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დასადგენია, აგრეთვე ქონება საერთო საკუთრებაა თუ ინდივიდუალური, რის შემდეგაც შესაძლებელია საჭირო გახდეს წილების განსაზღვრა თანასაკუთრებაში (რაც სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს). ამიტომ სასამართლო ამ ეტაპზე არსებითად ვერ წყვეტს საკითხს და ადმინისტრაციული ორგანოს ავალებს მის ხელახლა განხილვას საქმისათვის მნიშვნელობის მქონეს ყველა გარემოების გამოკვლევით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცსო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-ე 32-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი----- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 20 მარტის №882017013260-13 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის N128057 გადაწყვეტილება;
3. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, იმსჯელოს ი----- კ-----ის 2017 წლის 19 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით;
4. დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი----- კ-----ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი