განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002256216
№1-04/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16.02.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - ჯ------- თ----------–---
ადვოკატი - რ----- ჯ----------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №176300617001
ბრალდებულ ჯ------- თ----------–--ის მიმართ,მამის სახელი: ხ-----
დაბადებული: 18.06.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ხულო დ-----–---–---
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ხულოს რაიონი სოფელი დ-----–---–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ხულოს რაიონის სოფელ დეკანაშვილებში, ჯ------- თ----------–---მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა ხელების, ფეხის და რკინის ჯოხის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ე---- ვ----ეს, რამაც გამოიწვია მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 ივლისის №004144617 დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ე---- ვ----ეს აღენიშნებოდა ნასკდომი მარჯვენა ყურის ნიჟარის მიდამოში, ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
5. დაზარალებულ ე---- ვ----ის ჩვენების თანახმად, მეუღლემ, ჯ------- თ----------–---მ, მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი, მისივე განმარტებით აპატია ბრალდებულს და შეურიგდა.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ჯ------- თ----------–---მ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------- თ----------–---მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ჯ------- თ----------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გაჩნია
10. ჯ------- თ----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ------- თ----------–---მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებაზე განაცხადა თანხმობა, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
12. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად ჯ------- თ----------–---ს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს ჯ------- თ----------–--ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ჯ------- თ----------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
2.გაუქმდეს ჯ------- თ----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.საქმეზე დართული დისკი დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო რკინის ჯოხი, რომელიც ინახება შსს ხულოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი