გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2018
საქმის ნომერი
140310117001843072
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117001843072

საქმე № 3/73-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: თ-------- ვ-----

 

მოპასუხეები: შპს ,,ბ----", თ------ ს-------ი

წარმომადგენელი: ი--- ა--------

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,ბ----სა" და თ------ ს-------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, შპს ,,ბ----ს" (საიდენტ. კოდი 4--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება; მან ეკონომიკური საქმიანობა შეწყვიტა 2015 წლის მარტში; 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით მისმა შემოსავალმა შეადგინა 475 095 ლარი, თუმცა დავალიანების წარმოშობის შემდგომ მის მიერ ბიუჯეტში თანხა გადახდილი არ ყოფილა.

 

შპს ,,ბ----ს" დირექტორს - თ------ ს-------ს (პირ. № 2----------) შპს ,,ბ----დან" დივიდენდის სახით 2015 წლის თებერვლის მონაცემებით გატანილი აქვს 153 105 ლარი, საიდანაც დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი შეადგენდა 7 655 ლარს, რაც დღემდე არ გადახდილა.

 

თ------ ს-------მა 2015 წლის 28 დეკემბერს შეიძინა ძვირადღირებული ავტომანქანა, რაც, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. თ------ ს-------მა ავტომანქანა შეიძინა განვადებით ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მისი ტაქსის სახით გამოყენების მიზნით, თუმცა შემდგომში გაასხვისა ეს მანქანა, რადგან ვერც ამ საქმიანობით მიიღო შემოსავალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს ,,ბ----” დარეგისტრირდა 2014 წლის 15 სექტემბერს, მისი იურიდიული მისამართი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩანგილარია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე თ------ ს-------ია;

 

მტკიცებულება: 2014 წლის 15 სექტემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 27-28).

 

3.2.2. 2015 წელს მის მიერ წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით შპს ,,ბ----დან" დივიდენდის სახით 2015 წლის თებერვლის მონაცემებით გატანილი აქვს 153 105 ლარი, საიდანაც დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი შეადგენდა 7 655 ლარს.

 

მტკიცებულება: მოგების გადასახადის დეკლარაციები (ს. ფ. 19-26) ინფორმაცია საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ (ს. ფ. 35-36).

 

3.2.3. შპს ,,ბ----ს" ქონებას დაედო შემოსავლების სამსახურის ყადაღა;

 

მტკიცებულება: შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 1 მაისის ბრძნება № 052-96 (ს. ფ. 34).

 

3.2.4. თ------ ს-------ის სახელზე 2015 წლის 28 დეკემბერს აღირიცხა ავტომანქანა.

 

მტკიცებულება: ამონაბეჭდები ავტომობილის შესახებ (ს. ფ. 33).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ბ----ს" მეორე მოპასუხის - თ------ ს-------ისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე)” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) ქვეპუნქტის საფუძველზე;

 

იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის;

 

მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება.

 

დადგენილია, რომ თ------ ს-------ი არის შპს ,,ბ----ს” დირექტორი და 100 %-აინი წილის მფლობელი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა გაუმიჯნაობას.

 

აღნიშნული მსჯელობისა და ამგვარი დასკვნის უმთავრესი საფუძვლია ის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

მოსარჩელის მხრიდან კი არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავება შეუძლებელია მეორე მოპასუხისაგან.

 

მოსარჩელის მითითებით, თ------ ს-------ის ცრუმაგიერი პირი არის მის მიერვე დაფუძნებული შპს ,,ბ----" იმის გამო, რომ მან შპს ,,ბ----დან" დივიდენდის სახით მიიღო 153 105 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადაუხდია, ამასთან, მან შეიძინა ავტომანქანა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული განმარტება არ ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, თ------ ს-------მა წინასწარ მიიღო ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინა შპს ,,ბ----ს“ შემოსავალი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება ამ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და ამ გაუმიჯნაობის პირობებში განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება; ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება.

 

წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით, გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ბ----ს“ თ------ ს-------ისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა არ დგინდება;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

მოცემულ სარჩელზე უტყუარად დასტურდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. - 3.2.4. პუნქტები), რომელიც არ იძლევა სარჩელით მოთხოვნილი ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე მსჯელობის საფუძველს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

როგორც აღინიშნა, სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მან თ------ ს-------მა შპს ,,ბ----დან" დივიდენდის სახით მიიღო 153 105 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადაუხდია, ამასთან, მან შეიძინა ავტომანქანა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ შესაძლო საგადასახადო მოთხოვნების მოლოდინის პროცესში, მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,ბ----სა“ და თ------ ს-------ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი