გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2018
საქმის ნომერი
190310017001905740
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
19.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/101-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19.02.2018 წელი ქ.რუსთავი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ზ------ ქ----–---–ი

წარმომადგენელი - ა-----– თ-------ი

 

მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ლ-------------–ი

 

მესამე პირი - რ----- თ-------ი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოპასუხის დავალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.03.2017 წლის #-- განკარგულება;

 

1.2 დაევალოს მოპასუხეს განკარგულების გამოცემა, რომლთაც აღიარებული იქნება მოსარჩელე ზ------ ქ----–---–ის საკუთრების უფლება ქ. რუსთავში, დ-------ს ქუჩა #---ის მიმდებარედ 594 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციით და ფართობით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. რუსთავში, დ-------ს ქუჩა #---ში. აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს მის კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე კერძო სახლით და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობებით.

 

აღნიშნულ მისამართზე კერძო სამოსახლო მიწის ნაკვეთი რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1958 წლის 10 ოქტომბრის #-- გადაწყვეტილებით გადაეცა მოსარჩელის პაპას - ვ--–--ო ქ----–---–ს, რომელიც მისი ოჯახით დასახლდა აღნიშნულ მისამართზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, საბჭოთა პერიოდში ყველა კერძო მოსახლეს ოფიციალურად გამოყოფილი ჰქონდა 600 კვ.მ სამოსახლო მიწის ნაკვეთი, ანალოგიურად იყო დ-------ს ქუჩაზეც. მოსარჩელის განმარტებით, მისი ნაკვეთის მიმდებარედ, არსებობდა ბუნებრივი ხევი, რომელიც ამოვსებული იქნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. შესაბამისად, გაიზარდა ფაქტობრივი ტერიტორია.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 07 დეკემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. რუსთავში, დ-------ს ქუჩა #---ში მიწის ნაკვეთის უშუალო გაგრძელებაზე არსებული 594 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რაზეც 2017 წლის 30 მარტის #-- განკარგულებით უარი ეთქვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბრის აუქციონით (ინიცირების წესით მიმართული აქვს რ----- თ-------ს) ს.კ 0----------- აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა რ----- თ-------ი, თუმცა თანხის გადახდა არ განხორციელებულა.

 

მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის უფლებამოსილება ახორციელებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის #376 მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

განცხადებაში უნდა აღინიშნოს ა) კომისია, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, გ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა. დ) განცხადებაზე დართული დოკუმენტების ნუსხა; ე) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

 

განცხადებას უნდა დაერთოს: ა)მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელითაც დაგიდნება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100000-ზე(ასი ათასზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. 5. განმცხადებელს უფლება აქვს, განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედო მის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ კომისია საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილებებს ახორციელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესების შესაბამისად. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის #376 მთავრობის დადგენილების მიხედვით.

 

აღნიშნულო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის #376 მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც 2007 წლის 11ივლისამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული და დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასევე, დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიჩნევს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მოტივით უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და წარადგინოს მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს რომ მართალია სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზედ ფაქტობრივ მფლობელობას. დაინტერესებული პირის მხრიდან დადასტურებული უნდა იქნას მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ამ კანონის ამოქმედებამდე.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ზ------ ქ----–---–მა 2016 წლის 07 დეკემბერს, წარადგინა მასალები მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2017 წლის 30 მარტის #-- განკარგულებით უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ დაინტერსებული პირის მიერ (ზ------ ქ----–---–ის მიერ ) 2007 წლის 11 ივლისამდე სალეგალიზაციო ობიექტის ფლობა-სარგებლობა არ დასტურდებოდა ნახაზით წარმოდგენილი კონფიგურაციითა და ფართით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

ამასთან, განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში სადავო მიწის ნაკვეთზე მოსაზღვრე მეზობელმა - რ----- თ-------მა ინიცირების წესით მიმართა ქონების სააგენტოს სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შესყიდვის თაობაზე. 2015 წლის 21 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა რ----- თ-------ი, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა თანხის გადაუხდელობის გამო. მისივე განმარტებით, უდავოა, რომ მან ინიცირების წესით აუქციონზე მიწის ნაკვეთის გატანის თაობაზე სახელმწიფოს მიმართა თავის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ დაცულია აქტის გამოცემისათვის საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, 2017 წლის 30 მარტის #-- განკარგულება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირმა - რ----- თ-------მა სარჩელი ცნო და სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია. ამასთან, განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. რუსთავში, დ-------ს #---ში, მდებარე კერძო სახლში. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეადგენს 600 კვ. მეტრს. მისი განმარტებით, სახლს ესაზღვრებოდა უსწორმასწორო კუთხეების მქონე ხევი, რომელიც ამოვსებული იქნა და აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა საკარმიდამო ფართობებიც. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ 1960 წლიდან რეალურად რ----- თ-------ის ოჯახი ფლობდა უფრო მეტ ფართობს ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა გამოყოფილი. მისივე განმარტებით, ზ------ ქ----–---–ი ცხოვრობს ქ. რუსთავში, დ-------ს #---ში და მსგავსად რ----- თაბგარისა, მისი სახლიც მდებარეობდა იმ ხევის გასწვრივ, რომელიც ამოვსებული იქნა, ხოლო ამოვსების შემდეგ კი გაიზარდა საკარმიდამო მიწის ფართობი. რაც შეეხება სადავო 594 კმ.მ ფართს, იგი განმარტავს, რომ მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მასთან.

 

3.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა, რის გამოც მისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უცნობია.

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1 2016 წლის 16 დეკემბერს #0------- წერილით ზ------ ქ----–---–ს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციას არ იყო წარდგენილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების შესაბამისად და განესაზღვრა ვადა დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 16 დეკემბერს #0------- წერილი (ს. ფ. 17-18).

 

4.1.2. 2016 წლის 22 დეკემბრის #3----- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, მოსარჩელის წარმოდგენელს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ნაწილი ზედდებაშია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლება რეგისტრირებული უძრავ ნივთთან, რის გამოც უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიჩნეულ იქნა დაუზუსტებლად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი #3-----

 

4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება #T--------------, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა ცნობა-დახასიათების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა, მისამართი: ქ რუსთავი, დ-------ს #---ის მიმდებარე ტერიტორია წარდგენილი არ იყო. რის გამოც სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას მოემზადებინა და გაეცა მოთხოვნილი დოკუმენტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს # T-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ 22)

 

4.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. 2017 წლის 30 მარტს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული იქნა განკარგულება #--, რომლითაც ზ------ ქ----–---–ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 30 მარტის განკარგულება #-- (ს.ფ. 31 )

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი ზ------ ქ----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს, ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.

 

7.4 საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.6 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

7.7 სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

7.8 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.9 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.10 საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია თავის ფუნქციას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ამავე კოდექსის 107.2 მუხლის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს ცნობები.

 

7.11. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტის მიზნით არათუ მოითხოვოს ესა თუ ის დოკუმენტი, არამედ თავად შეუძლია დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, გამოკითხოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, მეზობლები მოპასუხე ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ნორმის გამოყენებით მოეხდინა ადგილზე დათვალიერება არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით. შესაბამისად, უშუალოდ ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მოსაზრებით მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს თუ იგი წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

 

7.12 სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

7.13 სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კანონის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია უფლებამოსილებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დააფუძნოს უკვე გაუქმებულ ან შეცვლილ ნორმებს.

 

7.14 სასამართლო აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის წარდგენა, საჭიროებიდან საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

 

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

7.15 სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2017 წლის 30 მარტის #-- განკარგულება არ შეიცავს საკმარის წერილობით დასაბუთებას თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, არამედ მთლიანად უნდა იქნას გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესი.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.16 სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.

 

მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ. რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

ზ------ ქ----–---–მა 2016 წლის 07 დეკემბერს, წარადგინა მასალები მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2017 წლის 30 მარტის #-- განკარგულებით უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ დაინტერსებული პირის მიერ (ზ------ ქ----–---–ის მიერ ) 2007 წლის 11 ივლისამდე სალეგალიზაციო ობიექტის ფლობა-სარგებლობა არ დასტურდებოდა ნახაზით წარმოდგენილი კონფიგურაციითა და ფართით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე მიიღო გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ.

 

7.17 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2017 წლის 30 მარტის #-- განკარგულება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ------ ქ----–---–ის (წარმომადგენელი - ა-----– თ-------ი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 30 მარტის #-- განკარგულება და მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

 

3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი