განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/933-17 წ.
გამოძიების N046161017001
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---- სი-–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - იმ---- ცქ--------–---–ი
პირადი 4----------
მამის სახელი: მუ------
დაბადებული: 08.12.1975 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ტყიბული, სოფ. სა–---ე
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 14 ოქტომბერს დაახლოებით 11 საათზე, ტყიბულის რაიონის სოფელ სა–---ეში გამავალ ტყიბულის ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, იმ---- ცქ--------–---–ის მართვის ქვეშ არსებულ ვაზ 2121 ,,ნივა“-ს მოდელის A------ სახელმწიფო სერიისა და ნომრის მქონე ავტომანქანის უკანა საბარგულიდან ავტომანქანის მოძრაობის დროს გადმოვარდა და ასფალტზე დაეცა ტყიბულის რაიონის სოფელ სა–---ეში მცხოვრები, გი------ რო-----ე რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ იმ---- ცქ--------–---–ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ---- ცქ--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ იმ---- ცქ--------–---–ის ბრალეულობას, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ევ----- ცქ--------–---–ის, ნი---- კუ--–-–---–ის, და---- ცქ--------–---–ის, ქრისტინა დავიდოვას ჩვენებები, დაზარალებულ გი------ რო------ის ჩვენება, თავად იმ---- ცქ--------–---–ის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებლებები საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე, მიღებული იქნა მტკიცებულებებად და ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ იმ---- ცქ--------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა იმ---- ცქ--------–---–მა ჩაიდინა - ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით.
საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბრალდებულ იმ---- ცქ--------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით, რადგანაც ბრლადებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედება სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდების - დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და იგი დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ იმ---- ცქ--------–---–ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:
ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
დამამძიმებელი გარემოება საქმეზე არ მოიპოვება.
სასჯელის დასაბუთება:
ბრალდებულის მიმართ, სასჯელის შეფარდებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ უკანასკნელის პიროვნული მახასიათებლები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასჯელის სახეთა და ზომის განსაზღვრისას, სავალდებულოა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროება, კერძოდ, ის თუ რა საფრთხის შემქმნელია იგი საზოგადოებისათვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს გააცნობიერა თუ არა ბრალდებულმა მის მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიტანა თუ არა სათანადო დასკვნები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ბრალდებულის რეაბილიტაცია და საზოგადოებისათვის ღირსეულ წევრად დაბრუნება.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. იმ---- ცქ--------–---–ი აღიარებს და ინანიებს მომხდარს, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ კონკრეტულ საქმეზე ვინმეს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე, სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლწესრიგის ნორმების უგულებელყოფას და ამით გამოწვეულ მოვლენათა დარღვევის ხარისხს. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო, ბრალდებულის დადებით პიროვნულ მახასიათებლად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მომხდარს, რაც, შესაძლებელია ბრალდებულის მიერ გათვალისწინებული იქნეს მომავალში და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, ამასთან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ იმ---- ცქ--------–---–ის მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ, სასჯელის სახით, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ჯარიმის გამოყენება, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული იმ---- ცქ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
იმ---- ცქ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: იმ---- ცქ--------–---–ის კუთვნილი ვაზ 2121 ,,ნივა“-ს მოდელის A------ სახელმწიფო სერიისა და ნომრის მქონე ავტომანქანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში დგას ტყიბულის რაიონული სამმართველოს ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე