განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2018
საქმის ნომერი
080100118002278102
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/78-18

გამოძიების N041060118003

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გუ------ ტა--–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მა------ არ--------ე

 

ბრალდებული - ბო----- ში-----–---–ი

პირადი ნომერი: N6----------

დაბადების თარიღი: 17.07.1986 წელი

მამის სახელი: ნიკიფორე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: არასრული საშუალო

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, რ. თა-----–---–ის ქ. #205 ბ. 17

ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, შ. და-----ის #59ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა ბო---- ში-----–---–მა 2018 წლის 06 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში შ. და-----ის ქ. #59/9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის ვა---– ში-----–---–ისა და მასთან მუდმივად მცხოვრები ძმისშვილის ბო---- ში-----–---–ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას თა---- ში-----–---–სა და ძმის ცოლს ლუ-- ში-----–---–ს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისა----თით, რის შემდგომაც ხელი დაარტყა მათ რამოდენიმეჯერ სახის არეში. ბო----- ში-----–---–ის ქმედებების შედეგად თა---- ში-----–---–მა და ლუ-- ში-----–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 06 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში შ. და-----ის ქ. #59/9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბო----- ში-----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნო-----------–--ას, კერძოდ აგინებდა დედის მისამართით და თეფში ესროლა სახის არეში. ბო---- ში-----–---–ის ქმედების შედეგად ნო-----------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ბო----- ში-----–---–ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1. ბო----- ში-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.

 

2. ბო----- ში-----–---–მა ჩაიდინა ძალადობა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ბო----- ში-----–---–ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი მოწმეების: თა---- ში-----–---–ის, ლუ-- ში-----–---–ის და ნო-----------–--ას ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N000194818, N000194418 და N000195918 დასკვნები, 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარდგენილ კვალიფიკაციას, 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას. შესაბამისად ბო----- ში-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

 

ასევე, ბო----- ში-----–---–ის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ კვალიფიკაციას, ძალადობა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ბო----- ში-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

 

ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტი უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაა. ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის. მართალია, ამ შემთხვევაში ძალადობა და ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევდა, მაგრამ ისინი მაინც ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულებია. რომელიც ხშირად კვალს ტოვებს ადამიანის სხეულზე, ზოგჯერ კი არანაირი კვალი არ აღენიშნება, თუმცა მეტ-ნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ბო----- ში-----–---–ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა მთვრალ მგომარეობაში.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნასამართლობის მქონე ბრალდებულმა კვლავ განახორციელა ახალი განზრახი დანაშაულებრივი ქმედებები. აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულებს, რომლებიც თავიანთ განცხადებებში ითხოვენ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, აღიარებს და ინანიებს მომხდარს.

 

სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას”. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ,, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი“.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის წარსულს, მის ნასამართლობას, რომელიც სსკ-ის 58-ე, მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნის თანახმად, მართალია არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მის მიმართ, სსკ-ის 1261-ე, მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს, რადგანაც, ბრალდებულს წარდგენილი აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული არაერთგზის განზრახი დანაშაულის ჩადენა, მაგრამ ბრალდებულის ნასამართლობა არ წარმოადგენს მის მიმართ, სსკ-ის 126-ე, მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რის გამოც, ბრალდების ამ ნაწილში სახეზეა, სსკ-ის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი.

 

სასამართლო ამავე დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ კმაყოფაზე ყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილები, შეურიგდა დაზარალებულებს, აღიარებს და ინანიებს მომხდარ ქმედებას და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნახევარს ჩაუთვლის პირობით მსჯავრად, რაც თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რადგანაც იგი გამართლებული იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ბო----- ში-----–---–ის რესოციალიზაციისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული ბო----- ში-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

3. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბო----- ში-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე; 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5. გაუქმდეს ბო----- ში-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ ბო----- ში-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 იანვრიდან.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ბო----- ში-----–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს ბო----- ში-----–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე