გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/227-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.02.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახური
წარმომადგენელი - მ-----------------ე, გ---------–-–----ე
მოპასუხე - ი/მ ა-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი/მ ა-----------ეს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2040 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 10 ოქტომბერს ინდივიდუალური მეწარმე (ინდ. მეწარმე) ა-----------ე დარეგისტრირდა ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში.
ქალაქ რუსთვის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 და 2013 წლის 3 ივლისის №195 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე (ლუდის ბარი) დასაჯდომი ადგილების მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ 2013-2017 (იანვარი) წლებში შეადგინა 48.00 ლარი, ხოლო 2017 წლის თებერვლის თვიდან 24 ლარი.
2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით ინდ. მეწარმე ა-----------ეს ერიცხება დავალიანება 2040 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი/მ ა-----------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ამ ეტაპზე თანხის გადახდას ვერ შეძლებს, გარკვეული საპატიო მიზეზების გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2013 წლის 10 ოქტომბერს ინდ. მეწარმე ა-----------ე დარეგისტრირდა მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტად. რეგისტრაციის აქტში განისაზღვრა ობიექტისთვის ყოველთვიურად გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა - 48 ლარი და 0 თეთრი (დასაჯდომი ადგილი: 30 სკამი, ერთ სკამზე განსაზღვრულია 1 ლარი და 60 თეთრი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 10 ოქტომბრის რეგისტრაციის აქტი (დანართი 1)
- 2013 წლის 10 ოქტომბრის რეგისტრაციის აქტი (დანართი 2)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (დანართი 4)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (დანართი 5)
3.2. ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის №0--------- წერილით ინდ. მეწარმე ა-----------ეს ეცნობა არსებული დავალიანების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის №0--------- (05.10.15) წერილი (დანართი 6)
3.3 2017 წლის 6 თებერვალს ინდ. მეწარმე ა-----------ემ №3--------- განცხადებით აცნობა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს, რომ 2017 წლის 1 თებერვლიდან ქ. რუსთავში, მ-----------------------------------ზე მდებარე ლუდის ბარში განთავსებული იყო 15 სკამი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინდ. მეწარმე ა-----------ის №3--------- (06.03.13) წერილი (დანართი 7)
3.4. 2017 წლის 6 თებერვალს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის №3--------- აქტით განისაზღვრა ობიექტის ყოველთვიურდ გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა - 24 ლარი და 0 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი
მოსაკრებლის სამსახურის 2017 წლის 6 თებერვლის №3--------- აქტი (დანართი 8)
3.5. 2017 წლის 6 თებერვალს ინდ. მეწარმე ა-----------ემ №3--------- განცხადებით მიმართა ქ. რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურს და მოითხოვა მის სახელზე რიცხული მიმდინარე დავალიანების დასაფარად თანხის გადანაწილება წარმოდგენილი დანართის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ი/მ ა-----------ის №3--------- განცხადება (დანართი 9)
3.6. ი/მ ა-----------ეს რეგისტრაციის დღიდან, 2013 წლის 10 ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადი არ გადაუხდია და მას ერიცხება დავალიანება 2040 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის №6----- (20.07.17) წერილი (დანართი 10)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის მოთხოვნა მოპასუხე ი/მ ა-----------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული დადგენილ ვადაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის #26 დადგენილება, ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
6.2 საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.3 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის დ.ბ. ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
6.4 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
6.5 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.6 ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
6.7. ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის , ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის 26 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით ,,მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახური ახორციელებს დასუფთავების მოსაკრებლებს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. შესაბამისად სწორედ მერიის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურია უფლებამოსილი ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტზე, მათ შორის, ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ მოსაკრებლის გადახდის კონტროლის განხორციელებაზე.
6.8. ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უიმისოდ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის”. ამავე კანონის მე-121 მუხლის მიხედვით, ,,მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს”.
6.9 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მე- 4 პუნქტის მიხედვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ მეწარმეებს და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე ი/მ ა-----------ის სამეწარმეო საქმიანობის ობიექტი მისი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე წარმოადგენს ბარს, რომლის საქმიანობის პროცესში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი, შესაბამისად, ეკისრება დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება.
ი/მ ა-----------ე 2013 წლის 10 ოქტომბრის რეგისტრაციის აქტის შესაბამისად დარეგისტრირდა როგორც დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი ინდივიდუალური მეწარმე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახელებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების №1 დანართის მიხედვით ი/მ ა-----------ის ყოველთვიური გადასახადი განისაზღვრა 48 ლარით (დასაჯდომი ადგილი: 30 სკამი, 1 სკამზე განსაზღვრულია 1 ლარი და 60 თეთრი), ხოლო 2017 წლის თებერვლის თვიდან 24 ლარით. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებისთანავე, მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ. ამრიგად, ი/მ ა-----------ე ვალდებული იყო მისთვის განსაზღვრულ გადასახადი გადაეხადა ყოველთვიურად. ი/მ ა-----------ის მიერ რეგისტრაციის დღიდან - 2013 წლის 10 ოქტომბრიდან - 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით რუსთავის ბიუჯეტში გადახდილი დასუფთავების გადასახადის გადახდის ფაქტი რა ფიქსირდება, რაც დასტურდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის №6------ (20.07.17) წერილით. 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით ი/მ ა-----------ის დავალიანება შეადგენდა 2040 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. რის გამოც მოპასუხე ი/მ ა-----------ეს უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 24-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ი/მ ა-----------ეს მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 2040 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ი/მ ა-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. რუსთავი, ბოსტან -ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი