განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2018
საქმის ნომერი
110100117001771425
დავის ტიპი
125 1
თარიღი
12.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001771425

N1/5-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი, აკაკი კვინიკაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ--- ი------ ასული კ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი დ--–--------;

 

ადვოკატი - ნ---- ვ----–---–ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა (ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2016 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე პერიოდში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ბ----–--–ი, შელაპარაკების ნიადაგზე, მ--- კ-----–---–მა ხელი ორჯერ დაარტყა სახეში, ცხვირის არეში მ--- ე-------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ--- ე-------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურში, მეუღლესთან, დედამთილთან და შვილებთან ერთად. დაახლოებით, 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე პერიოდში, მათთან მივიდა მისი მული მ--- კ-----–---–ი, მეუღლესთან ერთად. ისხდნენ და საუბრობდნენ. პენსიის თანხის აღებასთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მ--- კ-----–---–მა მას ორჯერ ჩაარტყა მუშტი ცხვირის არეში, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი და გახდა ცუდად, წაიქცა. იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. როდესაც მ---მ მას ჩაარტყა სახის არეში, ფაქტს შეესწრო მისი მეუღლე და შვილები, ასევე, მ.კ-----–---–ის მეუღლე. ინციდენტის დროს ტანზე ეცვა ვარდისფერი მაისური, მკლავიანი ზედა და შავი კაბა. როდესაც სისხლი წამოუვიდა, მაისური დაესვარა სისხლით. მომხდარი ფაქტის შესახებ 15 ნოემბერს, არ განუცხადებია პოლიციაში, აღნიშნული განაცხადა 2016 წლის 17 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მ--- კ-----–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწოდა „ძროხა“, ვინაიდან აღარ შეეძლო ამდენი შეურაცხყოფის ატანა. მოწმის განმარტებით, როდესაც მას მ.კ-----–---–მა ხელი ჩაარტყა და წამოუვიდა სისხლი, ბავშვები შეშინდნენ, დაიწყეს ტირილი, იგი კი შეეცადა მათ დამშვიდებას.

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ლ---- ც---–---ემ განაცხადა, რომ მათთან მივიდა მ--- და გ-----. მ--- წამოხტა და მ.ე-------ეს მუშტი ჩაარტყა ცხვირში, რა დროსაც მ.ე-------ე წაიქცა და იტირა. როდესაც მ---მ მუშტი ჩაარტყა მ---ს სახეში, მ---ს სისხლით დაესვარა ვარდისფერი მაიკა. მ---ს და მ---ს კამათი მოუხდათ პენსიის აღებასთან დაკავშირებით.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 16 ნოემბერს, მას ტელეფონზე დაუკავშირდა მისი და - მ--- ე-------ე და უთხრა, რომ მ--- კ-----–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უთხრა, რომ იყო ცუდად და მიშველებოდა. აღნიშნულის გამო, მის მიერ იქნა გამოძახებული პოლიცია. მოწმის განმარტებით, ვინაიდან იცოდა, რომ მ.ე-------ე იყო ნაცემი, გამოიძახა პოლიცია.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---- კ---–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის უფროს-ინსპექტორ გამომძიებლად. 2016 წლის 16 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მასთან გამოცხადდა მოქალაქე მ--- ე-------ე, რომელმაც განუცხადა, რომ მეუღლის და გაუსწორდა ფიზიკურად და ითხოვა პოლიციის დახმარება. თავის მხრივ შეადგინა შესაბამისი ოქმი და აცნობა ხელმძღვანელობას.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა ქ------- ც----------ემ და ნ---- ზ-----ძემ განაცხადეს, რომ მონაწილეობა აქვთ მიღებული არასრულწლოვანი მოწმის ლ---- ც---–---ის დაკითხვაში, როგორც საპროცესო წარმომადგენელს (ქ------- ც----------ე) და გარეშე პირს (ნ---- ზ-----ძე).

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ და ე-–--- გ--–--ემ განაცხადეს, რომ მუშაობენ ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, გამომძიებლების თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვთ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხეს მოწმეები და დაზარალებული, დანიშნეს სამედიცინო ექსპერტიზა, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ბრალი წარუდგინეს მ.კ-----–---–ს.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----- კ-----–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, სტუმრად მივიდა ცოლის ძმის როინ ც---–---ის ოჯახში, მეუღლესთან მ--- კ-----–---–თან ერთად, ნასესხები ფულის დასაბრუნებლად. როდესაც ოჯახში შევიდნენ, დასხდნენ, საუბარი დაიწყეს ქორწილზე და დაათვალიერეს სურათები. მ--- ე-------ე დატრიალდა ვახშმის გასაწყობად. საუბარი დაიწყეს პენსიის საკითხთან დაკავშირებით და ვინაიდან საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ პენსიის თანხა დააკლდათ, მ---მ კი როინს ვერ გასცა სრულყოფილი პასუხები, როინმა მ---ს სთხოვა ამ საკითხის მეორე დღეს გარკვევა. აღნიშნულზე გაბრაზდა მ--- ე-------ე და როდესაც სახლიდან გადიოდნენ მ---ს მიაძახა, რომ ამას არ აპატიებდა, რატომ ერეოდა მისი ოჯახის საქმეში, დაიჭერდა. მოწმის განმარტებით, მ--- კ-----–---–ს, მ--- ე-------ისათვის, 2016 წლის 15 ნოემბერს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, საერთოდ არ შეხებია ფიზიკურად.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ--- კ-----–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, მეუღლესთან გ----- კ-----–---–თან ერთად სტუმრად მივიდა ძმასთან როინ ც---–---ესთან, ვალის გასასტუმრებლად. ოჯახში მისულებმა საუბარი დაიწყეს მისი შვილის ქორწილზე, რა დროსაც ქორწილის სურათები და ვიდეოები აჩვენა დედამისს შურა ც---–---ეს. მათ შორის საუბარი შედგა შ.ც---–---ის პენსიის საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ვერ გაიგეს, თუ რატომ ვერ იღებდა შურა ცერცხვაძე 6 თვე პენსიას სრულყოფილად. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით მეორე დღეს ე.წ. „სობესში“ მისვლაზე შეუთანხმდა მ.ე-------ეს, თუმცა რამდენიმე ხანში მ--- გახდა აგრესიული და მას დაუმუქრა დაჭერით, ასევე როინს ეუბნებოდა „მ---ს არ გაატანო შურას საპენსიო ბარათიო“. 2016 წლის 15 ნოემბერს, მას მ--- ე-------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 16.11.1-–-------------------ე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ--- ე-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით (პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად უჩივის ტკივილებს ცხვირის მიდამოში. ცხვირის ზურგზე მარჯვნივ ზედა მესამედში, გარდამავალი მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში და მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4,2X2,2სმ). დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

11. 2016 წლის 16 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----–--–ი და წარმოადგენს მ--- ე-------ის საცხოვრებელ სახლს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, დაზარალებულ მ--- ე-------ის მიერ გამომძიებელს მიეთითა ადგილი, სადაც მას მ--- კ-----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, ამოღებული იქნა მ--- ე-------ის მოწითალო ფერის მაისური, რომელიც მას ეცვა 2016 წლის 15 ნოემბერს, როდესაც მ.კ-----–---–მა მას დაარტყა ხელი და წამოუვიდა სისხლი. მაისურს ემჩნევა მოწითალო ფერის ლაქები.

 

12. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ხელის ჩარტყმა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემისა და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--- კ-----–---–მა, განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა მ--- ე-------ის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სამართლებრივი შეფასება:

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).

 

16. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მ--- კ-----–---–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ამ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ--- კ-----–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილი---რთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ--- კ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

18. სასამართლო ვერ გაიზიარებს მ--- კ-----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- ვ----–---–ის პოზიციას მ.კ-----–---–ის უდანაშაულობის შესახებ და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა (დაზარალებულ მ--- ე-------ის და მოწმეების ლ---- ც---–---ის, ი----------ის ჩვენებების) ერთობლიობით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, მ--- კ-----–---–მა ხელი ორჯერ ჩაარტყა მ--- ე-------ეს სახის არეში - ცხვირში, რა დროსაც ამ უკანასკნელს წამოუვიდა სისხლი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სრულ თანხვედრაშია მოწმეების განმარტებებთან, სადაც მითითებულია, რომ მ--- ე-------ეს დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით აღენიშნებოდა ცხვირის ზურგზე მარჯვნივ ზედა მესამედში, გარდამავალი მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში და მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე. დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ანუ 2016 წლის 15 ნოემბერს. მ--- ე-------ემ სხდომაზე განმარტა, რომ მას ეცვა ვარდისფერი მაისური, როდესაც მ---მ ჩაარტყა ხელი ორჯერ ცხვირის არეში, რომელიც დაესვარა სისხლით. ლ---- ც---–---ემ განაცხადა, რომ როდესაც მ---მ მ---ს ჩაარტყა ხელი, დედას ეცვა ვარდისფერები. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ მ--- ე-------ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ კი უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმე ლ---- ც---–---ის ჩვენებით, რომლის განმარტებებიც სრულ თანხვედრაში მოდის მ--- ე-------ის განმარტებებთან. ისინი ნათლად და გარკვევით მიუთითებენ მ--- კ-----–---–სა და მ--- ე-------ეს შორის წარმოშობილი კონფლიქტის დროს განვითარებულ მოვლენებზე და განხორციელებულ ქმედებებზე.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

19. მ--- კ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

20. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

21. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - წარსულში ნასამართლევი არ არის, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, ხასიათდება დადებითად და არის ოთხი შვილის დედა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ--- კ-----–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, მ--- კ-----–---–ს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

22. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ--- კ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

მ--- კ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 2016 წლის 16 ნოემბერს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი ერთი ცალი „CD-R“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 2016 წლის 16 ნოემბერს, მ--- ე-------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მ--- ე-------ის კუთვნილი მოწითალო ფერის მაისური, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ--- ე-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე