გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/187-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2018 წელი ქ.რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ----ა ბ-–--–-შვილი
მოპასუხე - ი/მ რ---–---- ჭ---------ძე
დავის საგანი: სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი/მ რ---–---- ჭ---------ძეს დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის ივნისის ჩათვლით 264 ლარის გადახდა.
უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, მ------ის დასახლება მ--------- და მ------ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ (ს/კ 0---------------) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად იყენებდა ი/ რ---–---- ჭ---------ძე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.05.15 წლის #5--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, მ------ის დასახლება მე-4----- და მ------ის საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ რეგისტრირებული შენობა ½-ის 85.65 კვ.მ ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით შეადგენს 66 ლარს.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეს არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
მოსარჩელის განმარტებით, ი/მ რ---–---- ჭ---------ძეს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით შეადგენს 264 ლარს.
2.1. მოპასუხის პოზიცია
სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ. სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით შუამდგომლობა, ან რაიმე ცნობა საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც სასამართლომ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა მიიჩნია არასაპატიოდ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საქმე განიხილა მოპასუხე მხარის დასწრების გარეშე.
მოპასუხე ი/მ რ---–---- ჭ---------ძეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებით ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შემოტანილი სარჩელის შესახებ და ასევე, 2018 წლის 26 თებერვლას,15:00 საათზე დანიშნული სასამართლო მთავარი სხდომის თაობაზე. მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, რის გამოც მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავო ქონება მდებარე ქ. თბილისში, მ------ის დასახლება მე-4----- და მ------ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ (ს/კ 0---------------) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. შენობა 4/1-ის 21.95 კვ.მ ფართი სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად იყენებდა ი/მ რ---–---- ჭ---------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქმის მასალებში არსებული ფოტოსურათები
3.1.3. საქმეში წარმოდგენილია, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2015 წლის 08 მაისის #0-------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, მ------ის დასახლება მ--------- და მ------ის საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ (ს/კ 0---------------) რეგისტრირებული შენობა 4/1-ის 21.95 კვ.მ ფართის საიჯარო ქირა შეადგენს 66 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2015 წლის 08 მაისის ექსპერტიზის დასკვნა #0--------
3.1.4. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 აპრილის წერილი №7------, 2015 წლის 19 მაისის #7------ წერილი, 2015 წლის 15ოქტომბრის #7------წერილი
3.1.5. უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, მ------ის დასახლება მე-4-----, და მ------ის საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ (ს.კ 0---------------) 17.06.2015 წლიდან წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხე ი/მ რ---–---- ჭ---------ძეს დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის ივნისის ჩათვლით 264 ლარის გადახდა. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი/მ ,,რ---–---- ჭ---------ძე’’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს.
დადგენილია ასევე, რომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავო ქონება მდებარე ქ. თბილისში, მ------ის დასახლება მე-4----- და მ------ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ (ს/კ 0---------------) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ამასთან, შენობა 4/1-ის 21.95 კვ.მ ფართი სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად იყენებდა ი/მ რ---–---- ჭ---------ძე.
საქმეში წარმოდგენილია, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2015 წლის 08 მაისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, მ------ის დასახლება მე-4 მიკრო რაიონსა და მ------ის საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ არსებული ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიურ საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებები 2015 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვის ჩათვლით მთლიან 336.60 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 340 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 66 ლარს (21.95 კვ.მ, ერთეულის საიჯარო ღირებულება - 3 ლარი (დანართი #1-ის შესაბამისად).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 აპრილის №7------ წერილით ი/მ ,,რ---–---- ჭ---------ძეს’’ ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, მ------ის დასახლება მე-4----- და მ------ის საცხოვრებელი რ-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: №0---------------) შენობა #4/1-ის 21.95 კვ.მ ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე ), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შემდგომ, მოპასუხეს ეცნობა, რომ უზრუნველყოფილ უნდა ყოფილიყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფიო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 16 თებერვლიდან არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის.
იმავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე- ი/მ ,,რ---–---- ჭ---------ძის ’’ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე ი/მ ,,რ---–---- ჭ---------ძეს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ი/მ ,,რ---–---- ჭ---------ძეს’’ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 264 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე ი/მ ,,რ---–---- ჭ---------ძეს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის №6).
მოსამართლე ნინო ონიანი