გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2018
საქმის ნომერი
140310117001898812
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117001898812

საქმე № 3/117-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: მ------ კ------–--

 

მოპასუხეები: შპს ,,ჯ--", ჯ------–--- ნ----- ო---–-, ა---–-- ნ----- კ----

წარმომადგენელი: ტ---- რ-------

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,ჯ--"-ის, ჯ------–--- ნ----- ო---–-სა და ა---–-- ნ----- კ----ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, შპს ,,ჯ--"-ს (საიდენტ. კოდი 4--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება; შემოსავლების სამსახურის მხრიდან მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების ელექტრონულად გაცნობისთანავე შპს ,,ჯ--"-მა 2016 წლის 7 ივლისს ნაღდი ანგარიშსწორებით ერთი დღის განმავლობაში მოახდინა 358 440 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაცია და შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა მაშინ, როდესაც მისი ყოველდღიური სარეალიზაციო ბრუნვა საშუალოდ 1 000 ლარს შეადგენდა.

 

შპს ,,ჯ--"-ის დირექტორმა - ჯ------–--- ნ----- ო---–-მ (პირ № 2----------) 2016 წლის მარტსა და ივნისში ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონებები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თ---სა და ქალაქ თბილისში, ასევე მსუბუქი ავტომანქანა; მან 2017 წლის იანვარში თბილისში მდებარე უძრავი ქონება გადაუფორმა დას - ა---–-- ნ----- კ----ს (პირ № 2----------), რაც, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. ა---–-- ნ----- კ----მ უძრავი ქონება შეიძინა მისი მეუღლის მიერ კრედიტით აღებული ფულადი სახსრებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს ,,ჯ--” დარეგისტრირდა 2010 წლის 23 აგვისტოს, მისი იურიდიული მისამართი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ფ-----ა; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე ჯ------–--- ნ----- ო---–-ა;

 

მტკიცებულება: 2010 წლის 23 აგვისტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 32-33).

 

3.2.2. შპს ,,ჯ--“-ის ქონებას დაედო შემოსავლების სამსახურის ყადაღა;

 

მტკიცებულება: შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 ივნისის ბრძნება № 052-152 (ს. ფ. 38).

 

3.2.3. ჯ------–--- ნ----- ო---–-ს სახელზე 2016 წლის 23 მარტიდან ირიცხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თ---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5 000 მ2 მიწის ნაკვეთი, 2016 წლის 21 მაისიდან - მსუბუქი ავტომანქანა, ხოლო 2016 წლის 18 მაისიდან მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ თბილისში, 2017 წლის 13 იანვრიდან ირიცხება მისი დის - ა---–-- ნ----- კ----ს სახელზე.

 

მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ამონაბეჭდი ავტომობილის შესახებ (ს. ფ. 23-24, 28-29, 36-37, 41).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ჯ--“-ის სხვა მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

დადგენილია, რომ ჯ------–--- ნ----- ო---–- არის შპს ,,ჯ--“-ის დირექტორი და 100 %-აინი წილის მფლობელი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა გაუმიჯნაობას.

 

მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ჯ--“-ის განსხვავება შეუძლებელია დანარჩენი მოპასუხეებისაგან.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

მოსარჩელის მითითებით, ჯ------–--- ნ----- ო---–-ს მხრიდან პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმების ბოროტად გამოყენება გამოიხატა იმაში, რომ მან ერთ დღეში მოახდინა მის მიერვე დაფუძნებულ შპს ,,ჯ--“-ზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია, ხოლო მიღებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადაუხდია, ამასთან, მან შეიძინა უძრავი ქონება და ავტომანქანა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, არ არის განმსაზღვრელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევისათვის.

 

მოსარჩელის აღნიშნული განმარტება იმთავითვე არ ქმნის შპს ,,ჯ--“-ისა და ჯ------–--- ნ----- ო---–-ს ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობის წინაპირობას;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სრულიად სხვაა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობის ფორმები, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, და სხვაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით პირთა ცრუმაგიერად მიჩნევის საფუძვლები: პირველი შემთხვევა დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობებზე, ხოლო მეორე - საგადასახადო სამართალურთიერთობასთან.

 

გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას.

 

საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას.

 

ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა.

 

არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება.

 

სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას.

 

გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა, დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ჯ------–--- ნ----- ო---–-მ ერთ დღეში მოახდინა მის მიერვე დაფუძნებულ შპს ,,ჯ--“-ზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია, ხოლო მიღებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადაუხდია, ამასთან, მან შეიძინა უძრავი ქონება და ავტომანქანა, ამავე დროს, თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება გადააფორმა თავის დაზე - ა---–-- ნ----- კ----ზე.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება.

 

წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით, გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ჯ--“-ის ჯ------–--- ნ----- ო---–-სა და მით უფრო ა---–-- ნ----- კ----საგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა არ დგინდება;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების უდიდესი და ძირითადი ნაწილი სარჩელში გადატანილია შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის 1 თებერვლის № 11347-21 მიმართვიდან, რომელიც, თავისი ფორმითა და შინაარსით, მხოლოდ მიმართვაა და არ წარმოადგენს მასში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებას.

 

მოცემულ სარჩელზე უტყუარად დასტურდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. - 3.2.3. პუნქტები), რომელიც არ იძლევა სარჩელით მოთხოვნილი ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე მსჯელობის საფუძველს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

როგორც აღინიშნა, სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ჯ------–--- ნ----- ო---–-მ ერთ დღეში მოახდინა მის მიერვე დაფუძნებულ შპს ,,ჯ--“-ზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია, ხოლო მიღებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადაუხდია, ამასთან, მან შეიძინა უძრავი ქონება და ავტომანქანა, ამავე დროს, თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება გადააფორმა თავის დაზე - ა---–-- ნ----- კ----ზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებს გაააჩნიათ, ან გააჩნდათ იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე.

 

მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ყადაღა დაედო ა---–-- ნ----- კ----ს უძრავ ქონებას: საკადასტრო კოდით №0--1--0--0---0---0--0--- მდებარე ქ. თბილისი, ლ----–----ს ქ. 11ა, ბინა 22, ფართი 82.80 კვ.მ; უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით №0--1--0--0---0---0--0--0---- მდებარე თბილისი, ლ----–----ს ქ. N11, ბინა 23ა, ფართი 99,84 კვ.მ. ჯ------–--- ნ----- ო---–-ს უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით: №6--0--4--0--- მდებარე კასპი, სოფელი თ---ი. ჯ------–--- ნ----- ო---–-ს ავტომობილს ”MERSEDES-BENC C 180”, სახელმწიფო ნომრით T---------

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,ჯ--"-ის, ჯ------–--- ნ----- ო---–-სა და ა---–-- ნ----- კ----ს მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა---–-- ნ----- კ----ს უძრავ ქონებას: საკადასტრო კოდით №0--1--0--0---0---0--0--- მდებარე ქ. თბილისი, ლ----–----ს ქ. 11ა, ბინა 22, ფართი 82.80 კვ.მ; უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით №0--1--0--0---0---0--0--0---- მდებარე თბილისი, ლ----–----ს ქ. N11, ბინა 23ა, ფართი 99,84 კვ.მ. ჯ------–--- ნ----- ო---–-ს უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით: №6--0--4--0--- მდებარე კასპი, სოფელი თ---ი. ჯ------–--- ნ----- ო---–-ს ავტომობილს ”MERSEDES-BENC C 180”, სახელმწიფო ნომრით T---------

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი