გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.02.2018
საქმის ნომერი
210310017001774026
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310017001774026

საქმე №3/14-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01.02.2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი

 

მოსარჩელე: მ------------–----–--ლი;

წარმომადგენელი: მ----------–--–--–---–ი, თ--------------–--ლი;

მოპასუხეები: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - მ----–-----------–--ლი

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N1-04/1 გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------------–----–--ლის კანდიდატად წამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში.

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი კონკურსის შედეგები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი.

1.3 დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს მოსარჩელე მ------------–----–--ლი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც იგი დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე.

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N1 ოქმი.

1.5 ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის N1-04 და N1-05 სხდომის ოქმები.

1.6 მ------------–----–--ლს აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი კერძოდ 2016 წლის 28 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 970 ლარის ოდენობის თანხა, ის ხელფასის ოდენობა განაცდური, რასაც მ------------–----–--ლი მიიღებდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომ განეხორციელებინა მისი წარდგენა ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

იხ. დაზუსტებული სარჩელი და სხდომის ოქმი 17.05.2017 წელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო საატესტაციო კომისიას დაევალა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი _ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში“ ვაკანტურ თანამდებობაზე, 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების ხელახალი ჩატარება, გასაუბრება ჩატარდა 2016 წლის 21 დეკემბერს, რომელშიც თავის მხრივ კონკურსანტებს წარმოადგენდნენ მ------------–----–--ლი და ზ------ ფ-------–---–-. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცედურების მიმდინარეობისას კომისიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები არის დასაბუთებული და მათი გამოცემისას სრულად იქნა დაცული საქართველოს მთავრობის N412 დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპები. გასაუბრების ოქმი სიტყვასიტყვით მოიცავს გასაუბრების დეტალურ აღწერას, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განხორცილებულ ქმედებებში არ იკვეთება შესაბამისი პროცედურების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა, კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც ანიჭებდა მას უფლებამოსილებას დასანიშნად არ წარედგინა საშუალო შეფასების მქონე არც ერთი კანდიდატი და აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოეცხადებინა ჩაშლილად. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მ------------–----–--ლის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას შესაგებელი არ წარუდგენიათ მათმა წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნო იმავე საფუძვლებით რაც მითითებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმოდგენილ შესაგებელში.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 01.04.2013 წლის №516 ბრძანებით მ------------–----–--ლი 2013 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულის თანამდებობაზე ქ. საგარეჯოში და 03.07.2014 წელს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 18.07.2014 წლის №02 420 ბრძანების საფუძველზე.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 13.08.2014 წლის №02 605 ბრძანებით მ------------–----–--ლი დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ქ. საგარეჯოს ადმინისტრაციულ ერთეულში და გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან 26.03.2015 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 26.03.2015 წლის №02 150 ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შრომის წიგნაკის ასლი (ს.ფ 19-21);

 

3.1.2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბერს მიიღო დადგენილება N54 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის დადგენილება N54 (ს.ფ22);

 

3.1.3 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 04 დეკემბერს მიიღო დადგენილება N65 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 04 დეკემბერს მიიღო დადგენილება N65;

 

3.1.4 2015 წლის 06 ივლისის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული N14/1838 ცნობიდან დგინდება, რომ მ------------–----–--ლმა 2014 წლის 27 დეკემბერს სსიპ „საქართველოს იუსტიციის ცენტრის მიერ ორგანიზებით ჩატარებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო გამოცდაზე მიიღო 49 (ორმოცდაცხრა) ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 06 ივლისის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული N14/1838 ცნობა (ს.ფ 47);

 

3.1.5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ------------–----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის №7 და 2015 წლის 18 მარტის №8 გადაწყვეტილებები, ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის №1 გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------------–----–--ლის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი №3, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი №1 და საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი №4 და კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების შედეგები მოსარჩელე მ------------–----–--ლის ნაწილში და დაევალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარება და ახალი გადაწვეტილების მიღება (კანონით დადგენილ ვადაში) რომელზედაც მოსარჩელე შეტანილი ჰქონდა განაცხადი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში, ამასთან ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის N02 134 ბრძანება ზ------ ფ-------–---–-ს თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის განჩინება (საქმეN3ბ/344-16), საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება (საქმე Nბს-679-672 (კ-16) (ს.ფ 49-98);

3.1.7. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2016 წლის 09 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2015 წლის 22 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში“- ვაკანტურ თანამდებობაზე, 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებულიყო კონკურსის მესამე ეტაპი და გასაუბრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 21 დეკემბერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 09 დეკემბრის სხდომის ოქმი N1-01 (ს.ფ 99);

 

3.1.8. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება (ს.ფ118-121);

 

3.1.9 2016 წლის 21 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი ოქმი N1-02-დან, ასევე კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმებიდან და პერსონალის შეფასების ფორმიდან დგინდება, რომ მ------------–----–--ლმა მიიღო საშუალო შეფასება 63.75 ქულა. ხოლო მეორე კანდიდატმა ზ------ ფ------იშვილმა საშუალო შეფასება 65 ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 21 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი ოქმი N1-02 (ს.ფ 104);

-კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმები, პერსონალის შეფასების ფორმა (ს.ფ 110-114);

 

3.1.10 2016 წლის 22 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმიდან, დგინდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებულ ორ კონკურსანტს, კენჭისყრის შედეგად წარდგენილი კონკურსანტები შეფასებული იქნენ დაბალი ქულათა მაჩვენებლით და კომისიის მიერ კონკურსანტები მიჩნეული იქნენ სუსტ კანდიდატებად’. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კონკურსანტებიდან ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა, შესაბამისად, მათი წარდგენა ვაკანტურ თანამდებობზე დასანიშნად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რის გამოც ვაკანტურ თანამდებობაზე- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატის არ არსებობის გამო,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმი N1-04;

 

3.1.11 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ------------–----–--ლს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქალაქ საგარეჯოში - ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება N1-04/1 (ს.ფ 122);

 

3.1.12 2016 წლის 26 დეკემბერს მ------------–----–--ლმა მიმართა განცხადებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიას საპრეტენზიო კომისიას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის მესამე ეტაპის (გასაუბრება) შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის წერილიდან დგინდება, რომ კომისიის მიერ შესწავლილი იქნა მ------------–----–--ლის განცხადება ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით, მასალები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაგზავნილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიის 28.12.2016 წლის №1 სხდომის ოქმიდან დგინდება რომ, საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის N421 დადგენილების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მე–15 მუხლისა და ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის–ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 18.11.2014 წლის N54–ე დადგენილების მე–7 მუხლის შესაბამისად, მოქალაქე მ------------–----–--ლის განცხადების კომისიის მიერ დეტალურად შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N1 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ არ იქნა გაზიარებული მოქალაქე მ------------–----–--ლის განცხადებაში დაყენებული პრეტენზია, რადგან საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისთვის დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მ. თოლომაშვილის განცხადება 26.12.2016წ

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის წერილი N4

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიის 28.12.2016 წლის №1 სხდომის ოქმი (ს.ფ 193);

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N1 გადაწყვეტილება (ს.ფ 192);

 

3.1.13 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის N258 ბრძანებით კონკურსი გამოცხადდა ვაკანტურ თანამდებობზე მათ შორის დანართი N1-ის მიხედვით გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში.

 

2017 წლის 07 ივნისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი N1-დან დგინდება, რომ ნაწილი კანდიდატების დაშვებულ იქნა კონკურსის მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე.

 

2017 წლის 08 ივნისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამეგობაში,2017 წლის 22 მაისს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი სხდომის ოქმის ამონაწერიდან დგინდება, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო კონკურსანტმა ი-------------–-ილმა.

 

პერსონალური შეფასების ფორმიდან დგინდება კონკურსანტმა ი-------------–-ილმა მიიღო შეფასება 83,3 ქულა.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში- თანამდებობაზე წარდგენილ იქნა კანდიდატი ი-------------–-ილი.

 

ამასთან დადგენილია, რომ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც ვაკანთურ თანამდებობას წარმოადგენდა გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში მოსარჩელე მ------------–----–--ლს გასაუბრებაზე არ მიუღია მონაწილეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის N258 ბრძანება;

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;

-მხარეთა ახსნა განმარტება;

 

3.1.14 მხარეთა ახსნა განმარტების მოსმენის შემდგომ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა-----------–----–---–ი გასაუბრებაზე შევიდა 2016 წლის 21 დეკემბერს 16 საათზე, შესაბამისად საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 21 დეკემბრის გასაუბრების მიმდინარეობის N1-02 სხდომის ოქმზე ტექნიკური შეცდომით არის ასახული სხდომის დაწყების დრო სადაც მითითებულია 11 საათი, შესაბამისად ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის N1-03 სხდომის ოქმზე სხდომის დაწყების დრო 15 საათი მითითებულია ტექნიკური შეცდომით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------------–----–--ლის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 2017 წლის 1 ივლისიდან), საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის №412 დადგენილება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოხელესა და საჯარო დაწესებულებას შორის სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს სპეციალური კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამდენად, მოხელის უფლება-მოვალეობები, სამსახურში მიღების, სამსახურებრივი ურთიერთობების შეცვლის, დაწინაურების, დისციპლინარული გადაცდომისა და თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურები უნდა ხორციელდებოდეს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით.

 

საქმის განხილვის შედეგად დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ------------–----–--ლის გამგებლის წარმომადგენლის ქალაქ საგარეჯოში, ვაკანტურ თანამდებობაზე წამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების დაბალი შეფასება და კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კომისიამ ერთხმად მხარი არ დაუჭირა მ------------–----–--ლის და ზ------ ფ-------–---–-ს კანდიდატურების წარდგენას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე და შესაბამისად კონკურსზე ვაკანტური თანამდებობა დარჩა შეუვსებელი.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

6.3. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2017 წლის 1 ივლისიდან) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ამ მოთხოვნის თანახმად, საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი მოწესრიგებულია საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის №412 დადგენილებით.

 

ეს წესი განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების (შემდგომში - კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.

 

წესის მე-2 მუხლის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოხელეთა კონკურსი უნდა განხორციელდეს სწორედ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის №412 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესში მოცემული ყველა პრინციპის დაცვით.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპებს. განსახილველ დავასთან მიმართებაში განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა მე-13 მუხლის ,,ბ” ,,გ” ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა; საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

 

6.4. საქართველოს მთავრობის 18.06.2015 წლის №412 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-3 მუხლი ჩამოთვლის საჯარო სამსახურში მოხელეთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის პრინციპებს, რომელიც თავისი არსით ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების იდენტურია და მათი დაცვა უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებაში თანამშრომელთა სამსახურში მიღების სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების არსებობას.

 

მოსარჩელე მ------------–----–--ლის განცხადებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპი - გასაუბრება ჩატარდა არაობიექტურად და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მ------------–----–--ლის კანდიდატურის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება მოსარჩელის მიერ გავლილი კონკურსის შედეგებს, ამასთან გასაუბრებაზე მან ყველა კითხვას გასცა ამომწურავი პასუხი, შესაბამისად კომისიას იგი უნდა წარედგინა ვაკანტურ თანამდებობაზე გამარჯვებულად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს, უნდა შეძლოს მოტივირებული და დასაბუთებული პოზიციით გააქარწყლოს დაინტერესებული მხარის პრეტენზიები. ამასთან მიმართებაში, გასათვალისწინებელია ის მინიმალური სტანდარტები, რომელთა დაცვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აუცილებელია გამჭვირვალე და ობიექტური კონკურსის ჩატარებისათვის.

 

6.5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2016 წლის 09 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, 2015 წლის 22 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ქ. საგარეჯოში“- ვაკანტურ თანამდებობაზე, 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებულიყო კონკურსის მესამე ეტაპი და გასაუბრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 21 დეკემბერი.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარი.

 

მხარეთა ახსნა განმარტების მოსმენის შემდგომ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა-----------–----–---–ი გასაუბრებაზე შევიდა 2016 წლის 21 დეკემბერს 16 საათზე, შესაბამისად საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 21 დეკემბრის გასაუბრების მიმდინარეობის N1-02 სხდომის ოქმზე ტექნიკური შეცდომით არის ასახული სხდომის დაწყების დრო სადაც მითითებულია 11 საათი, შესაბამისად ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის N1-03 სხდომის ოქმზე სხდომის დაწყების დრო 15 საათი მითითებულია ტექნიკური შეცდომით, რაც თავის მხრივ ვერ გახდება სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დადგენილია, რომ გასაუბრების მიმდინარეობა ასახულია 2016 წლის 21 დეკემბრის N1-02 სხდომის ოქმში სადაც დეტალურად არის აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დასმული შეკითხვები და პასუხები, რომლის შინაარსიც დაადასტურა თავად მოსარჩელე მხარემაც.

 

6.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ, მოსარჩელე მ------------–----–--ლმა მონაწილეობა მიიღო 2016 წლის 21 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრებაში, აღნიშნული გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი ოქმი N1-02-დან, ასევე კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმებიდან და პერსონალის შეფასების ფორმიდან დგინდება, რომ კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალური შეფასების შეჯამებისას მ------------–----–--ლმა მიიღო საშუალო შეფასება 63,75 ქულა. ასევე დადგენილია, რომ მეორე მონაწილემ მიიღო საშუალო შეფასება 70 ქულა.

 

საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის №412 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-14 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით. ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე., ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 22 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში- ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებულ ორ კონკურსანტს, კენჭისყრის შედეგად წარდგენილი კონკურსანტები შეფასებული იქნენ დაბალი ქულათა მაჩვენებლით და კომისიის მიერ კონკურსანტები მიჩნეული იქნენ სუსტ კანდიდატებად’. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კონკურსანტებიდან ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა, შესაბამისად, მათი წარდგენა ვაკანტურ თანამდებობზე დასანიშნად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რის გამოც ვაკანტურ თანამდებობაზე- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატის არ არსებობის გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ------------–----–--ლს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქალაქ საგარეჯოში- ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

 

სასამართლო განმარტავს, ვინაიდან დავა შეეხება კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შეიძლება ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, ვინაიდან ის ეფუძნება შემფასებლის პირად შეფასებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და გასაუბრების დროს უნდა წარმოებდეს სხდომის ოქმი და აისახებოდეს სხდომის მიმდინარეობა და სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი, რაც უზრუნველყოფს გასაუბრების პროცედურის გამჭვირვალობას, საჯაროობას, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას და უნდა წარმოებდეს სხდომის ოქმი რათა მოხდეს გასაუბრების მიმდინარეობის რეალური ასახვა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილ იქნა კანდიდატების შეფასების ფორმები და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარი. ამასთან სასამართლოს დადგენილია, რომ 2016 წლის 21 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი ოქმი N1-02, სადაც დეტალურად არის აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს რამდენად შესრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის №412 დადგენილებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის მოთხოვნები და ამოცანები (ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;)

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 21 დეკემბრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქ. საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე 2014 წლის 08 დეკემბერს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის ხელახალი გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველი ოქმი N1-02, დეტალურად არის აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოქმის წარმოების პროცედურა არ არის გაწერილი შესაბამისი ნორმატიული აქტებით მაგრამ ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ გასაუბრების სხდომის მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე. შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას, რომ წარმოდგენილი სხდომის ოქმი ასახავს სხდომის მიმდინარეობას და იგი ადმინისტრაციული აქტების კანონშესაბამისია.

 

ასევე დადგენილია რომ გასაუბრება მიმდინარეობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების კითხვარის შესაბამისად.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი იმპერატიულ მითითებას შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევასთან მიმართებით, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, კერძოდ, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნული იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N1-04/1 გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------------–----–--ლის კანდიდატად წამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N1 ოქმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის N1-04 და N1-05 სხდომის ოქმები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში- ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭი ეყარა გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებულ ორ კონკურსანტს, კენჭისყრის შედეგად წარდგენილი კონკურსანტები ვინაიდან ინდივიდუალურად კომისიის წევრების მიერ მათი დისკრეციული უფლების საფუძველზე გასაუბრებაზე გაცემული პასუხების შესაბამისად შეფასებული იქნენ დაბალი ქულათა მაჩვენებლით, შესაბამისად კომისიის მიერ კონკურსანტები მიჩნეული იქნენ სუსტ კანდიდატებად’. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კონკურსანტებიდან ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო თანამდებობაზე წარდგენისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა, შესაბამისად, მათი წარდგენა ვაკანტურ თანამდებობზე დასანიშნად კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს რის გამოც ვაკანტურ თანამდებობაზე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატის არ არსებობის გამო, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომისიას ჰქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, ვინაიდან კომისიის წევრების მიერ მათი დიკრეციული უფლების ფარგლებში მოხდა კონკურსანტის შეფასება ქულების დაწერით. ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაუბრების ჩატარებისას კანონით დადგენილი პროცედურები და შეფასების მეთოდოლოგია დარღვეული არ ყოფილა და თავის მხრივ მოსარჩელე მ------------–----–--ლს კვლავ მიეცემოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ახალ კონკურსზე.

 

შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 28 დეკემბრის N1 ოქმის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის N1-04 და N1-05 სხდომის ოქმების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. ასევე არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის N258 ბრძანებით ღიად დარჩენილ ვაკანტურ ადგილას კონკურსი გამოცხადდა ვაკანტურ თანამდებობზე გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 მაისის N258 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში, გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ საგარეჯოში ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრებაზე მ------------–----–--ლს არ მიუღია მონაწილეობა, რითიც მოსარჩელემ თავად განაცხადა უარი კონკურსში მონაწილეობაზე. თავად კონკურსში გამარჯვებულად კი გამოცხადდა ი-------------–-ილი.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მითითებული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

 

6.9 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს და ასევე არსებითად არ არის დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-12, 22-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ------------–----–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი