განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2018
საქმის ნომერი
080100117002038809
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/643-17 (N041250617001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

01.02. 2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: რ----- მ--–---

მამის სახელი: უ------–-

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

მოქალაქეობა: თურქეთი

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: თურქეთი, ქ. სამსუნგი, ბ------ს დასახლება

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, დ------–---–ის ქ. N15

 

ადვოკატი: ნოდარ ნემსიწვერიძე

 

თარჯიმანი: ვალერი გახარია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ რ----- მ--–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 24 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ქუთაისში, დ------–---–ის ქ. N15-ში მდებარე სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ----- მ--–---მ შელაპარაკების გამო იძალადა არასრულწლოვან ოჯახის წევრზე - თ---–- ჩ----–-–---–ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თ---–- ჩ----–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ თ---–- ჩ----–-–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 16 წელია, რაც რ----- მ--–--- არის მისი დედის მეორე ქმარი და მისი მამინაცვალი. იგი არის თურქეთიდან, სოფელ ბაფრიდან. თავად ამ სოფელში ნამყოფი არ არის, თუმცა დედასთან ჩადიოდა ხოლმე ქალაქ სამსუნგში. შემთხვევის დღეს, ქუთაისში დ------–---–ის ქ. N15-ში, საღამოს 11 საათი იქნებოდა, როცა იგი აცხობდა პიცას. რ----- მ--–--- მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში და გაბრაზდა, რომ პიცა არავინ მიართვა, რის გამოც დაუწყო კამათი და ჩხუბი დედას, მანაც ვერ მოითმინა დედის შეურაცხყოფა და ჩაერია ჩხუბში და მოუწოდა შეეწყვიტა ყვირილი, რადგან სირცხვილი იყო. ამ ჩარევის დროს მოხვდა მას რ----- მ--–---ს ხელი, კერძოდ მუშტი ზედა ტუჩზე, ჰქონდა დაზიანებები, ძალიან სტკიოდა, გონების კარგავდა ტკივილისგან და წყლის შესხმით მოასულიერეს. ძალადობა მასზე განხორციელდა მას შემდეგ, როდესაც საყვედური უთხრა რ----- მ--–---ს მის უღირს ქცევაზე. ეს ძალადობა გამოიხატა ერთხელ დარტყმით, ამის შემდეგ აღარ გაგრძელებულა ძალადობა და იგი წავიდა სახლიდან. ამ დროს სახლში ასევე იმყოფებოდა დეიდა ლ--–- გ---–---ი, რომელსაც ეკუთვნის ეს სახლიც. იგი კონფლიქტის მომენტში იქვე, საცხოვრებელ ოთახში, დივანზე იჯდა (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ლ--–- გ---–---ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევამდე ერთი კვირის ჩამოსულიყო რ----- მ--–--- და იმყოფებოდა მასთან სახლში, ამ ხნის განმავლობაში მართალია სვამდა, მაგრამ ცუდად არ იქცეოდა. შემთხვევის დღეს 24-ში მისი დისშვილი თ---–- აცხობდა პიცას, რ-----მა მის დას ნ---ს უსაყვედურა თუ რატომ არ მიაწოდა პიცა მისმა შვილმა, რაზედაც ნ---მ უთხრა, რომ რა საჭირო იყო მიწოდება, როდესაც შეეძლო თვითონ მისულიყო და აეღო. ამაზე განაწყენებული რ-----ი გავიდა სახლიდან და დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. მან დაუწყო კამათი ნ---ს და წაიწია მისკენ.... აღნიშნული ვერ მოითმინა თ---–-მ და გამოექომაგა დედას, რა დროსაც მას მოხვდა რ----- მ--–---ს ხელი ტუჩზე და წამოუვიდა სისხლი. მან ზუსტად დაინახა ის, რომ რ-----ი იქნევდა ხელს და ასევე ის, რომ თ---–-ს მოსდიოდა ტუჩიდან სისხლი. უშუალოდ დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა მის გარდა ხელს არავინ იქნევდა. ამის შემდეგ დაირეკა პოლიციაში, მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და თ---–- წაიყვანეს ექსპერტიზაზე. რ----- მ--–--- და მისი და 16 წელია ცხოვრობენ ერთად და ამჟამადაც აგრძელებენ თანაცხოვრებას (სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს 23:21 საათზე ტელეფონის ნომრიდან 579-27-84-46 ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა მოქალაქე თ---–- ჩ----–-–---–ი, მცხოვრები ქ. ქუთაისი, დ------–---–ის ქ. N15-ში, რომელმაც განაცხადა, რომ მამინაცვალმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ტომი 1. ს.ფ. 3)

 

საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს 23:48 საათზე ტელეფონის ნომრიდან 5----------- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლ განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა N102 საპატრულო ეკიპაჟის ო–----–-ს მ--------- დ. გ-------------, რომელმაც განაცხადა, რომ ქ. ქუთაისში, დ------–---–ის ქ. N15-ში თ---–- ჩ----–-–---–ს დაბადებული 1---წ. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისი დედის ქმარმა, თურქეთის მოქალაქე რ----- მელექმა (ტომი 1. ს.ფ. 2)

 

საქმეში წარმოდგენილი მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 26.06.2017წ. 02:50-03:05 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე თ---–- ჩ----–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და უსწორო კიდეებიანი ჭრილობის სახით. მათ შორის ზედა ტუჩის არეში მარჯვნივ, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ტ.1 ს.ფ. 38-41).

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უდავო მტკიცებულად ცნო ბრალდებულმა და უარი განაცხადა ექსპერტის დაკითხვაზე, რის გამოც აღარ მომხდარა მისი გამოკვლევა. ასევე, უდავოდ ცნო სხვა წერილობითი მტკიცებულებებიც.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ბრალდებული არ უარყოფს, რომ მისი მოქნეული ხელი მართლაც მოხვდა დაზარალებულს, მაგრამ მისი აზრით სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ თ---–- ჩ----–-–---–ი მისი გაზრდილია და დანაშაულის ჩადენის სურვილი არ ჰქონია.

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

სასამართლოს უტყუარ დადგენილ ფაქტად მიაჩნია რ----- მ--–---ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია როგორც მოწმე ლ--–- გ---–---ის ჩვენებასთან, ისე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. აღსანიშნავია, რომ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტები არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

სასამართლო დაზარალებულზე ზიანის მიყენების ფაქტს ვერ განიხილავს როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას, ვინაიდან უტყუარად დგინდება, რომ რ----- მ--–--- ოჯახური კონფლიქტის დროს ხელებს იქნევდა, რაც სულ მცირე მის არაპირდაპირ განზრახვაზე მიუთითებს კონფლიქტში მონაწილე პირების მიმართ. საქმეზე ასევე არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება მით უფრო, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო თავად ბრალდებული.

უდავოდ დაგენილი ფაქტია ისიც, რომ დაზარალებული შემთხვევის დროს 2017 წლის 24 ივნისს იყო არასრულწლოვანი, ვინაიდან დაბადებულია 1--- წლის 27 სექტემბერს - რაც კარგად იყო ცნობილი მისი მამინაცვლისათვის, რომელთანაც წლების განმავლობაში ჰქონდა ახლო ოჯახური ურთიერთობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ--–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

რ----- მ--–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან(პირველად არის სამართალში, არ უარყოფს ჩადენილ ქმედებას) გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ----- მ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

მსჯავრდებულ რ----- მ--–---ს მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე