გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
080210018002255282
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/100-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - ბორენა იობიძე

მოსარჩელე: გ------------------–----

მოპასუხე: ზ-----–---–----

წარმომადგენელი: ლ---------–----–---–-

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ზ-----–---–----ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–-----–---–----- სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 20 აპრილს იქორწინა ზ-----–---–----სთან. თანაცხოვრების პერიოდში 2011 წლის 17 ივნისს შეეძინათ შვილი ნ-----–-----–---–----. ნ-----–----- დაახლოებით ორი წლის ასაკიდან აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პროგრესირებადი პრობლემები. კერძოდ, დაავადებულია აუტიზმით, საჭიროებს სისტემატურ კონტროლს. ფაქტიურად მისი მარტო დატოვება შეუძლებელია. მისი ქცევა არის ძალიან ძნელად სამართავი, რის გამოც თითქმის შეუძლებელია მისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. სისტემატურად საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე სისტემატურად ესაჭიროება ექიმის, მათ შორის ფსიქიატრის კონსულტაციები. მოსარჩელე და მოპასუხე მეოთხე წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე არასდროს გამოირჩეოდა დიდი მზრუნველობით ბავშვის მიმართ, ხოლო ბოლო სამი თვეა მისი მონაწილეობა შვილის აღზრდაში შემოიფარგლება 25-25 ლარით. მოსარჩელე აღნიშნავს რომ ბავშვს ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტების გარდა ესაჭიროება სისტემატური ზედამხედველობა, ვინაიდან არის ჰიპერაქტიური ბავშვი. ამასთან ჩვეულებრივ ჯანმრთელ ბავშვთან შედარებით, ესაჭიროება უფრო მეტი საკვები. მისი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით თითქმის შეუძლებელია, ამიტომ სისტემატურად უწვს ტაქსით მგზავრობა, რაც დამატებით ზრდის ხარჯებს. მოპასუხის მიერ თვეში 25 ლარიდან გამომდინარე, ცხადია რომ ის არასერიოზულად ეკიდება თავის როგორც მშობლის მოვალეობებს და მასთან შეთანხმება ალიმენტის ოდენობაზე შეუძლებელია, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ თავისი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 400 ლარი არის ძალიან დიდი თანხა, რომლის გადახდა ყოველთვიურად მისთვის შეუძლებელია, რადგან დღეის მდგომარეობით არის უმუშევარი, რასაც ფაქტობრივად მოსარჩელის პროვოკაციულმა ქმედებებმა შეუწყო ხელი, რადგან მოპასუხე არის პრობაციონერი და მუდმივ სამუშაო ადგილს ვერ შოულობს და ვერც საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, ხოლო ბოლო სს საქმემ საერთოდ ვალებში გადააგდო და ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა საკუთარ შვილს ალიმენტის სახით ყოველთვიურად ნებაყოფლობით გადაუხდის 100 ლარს, საბანკო გადარიცხვით, ხოლო ეკონომიური პრობლემების გადაჭრის შემდეგ თავად მოუმატებს ალიმენტის ოდენობას.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე გ------------------–---- 2010 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ზ-----–---–----სთან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ნ-----–-----–---–---- დაბადებული 2011 წლის 17 ივნისს.

 

3.1.2. მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც ისინი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ.

 

3.1.3. ნ-----–-----–---–----ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი დიაგნოზია: ბავშვთა აუტიზმი F84.0. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა. სისტემატურად ესაჭიროება ექიმის, მათ შორის ფსიქიატრის კონსულტაციები, ჩვეულებრივ ჯანმრთელ ბავშვთან შედარებით, ესაჭიროება უფრო მეტი საკვები. მისი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჭირს, ბავშვი საჭიროებს სისტემატურ ზედამხედველობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 16);

- სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 17-24);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და თანახმაა ალიმენტი გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

 

3.2.2. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ზ-----–---–----- მიმართ მიმდინარეობს სს საქმის წარმოება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. მოპასუხე არის პრობაციონერი, რის გამოც მუდმივ სამსახურს ვერ შოულობს. იგი ამჟამად უმუშევარია და თუ გაუჩნდება რაიმე სახსრები, თავისივე ინიციატივით დაეხმარება ბავშვს.

 

3.2.3. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე დასაქმებულია ერთ-ერთ კომპანიაში, თუმცა კონკრეტულად რომელში და რა პოზიციაზე, ვერ ასახელებს. ამასთან მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა მოპასუხის დასაქმების შესახებ მიცემულ განმარტებებს. შესაბამისად სასამართლო ალიმენტის განსაზღვრისას უნდა დაეყრდნოს მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ (იხ. ს.ფ. 36);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. მოსარჩელე გ------------------–---- არის უმაღლესი განათლებით, პედაგოგი, თუმცა ამჟამად ვერ მუშაობს თავისი პროფესიით. მოსარჩელე და მისი შვილი იმყოფებიან გ------------------–----ს ოჯახის კმაყოფაზე. მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, რის გამოც მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს, რათა დაავალდებულოს ბავშვის მამა, მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და საჭიროებებს.

 

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში მამამ, მოპასუხე ზ-----–---–----მ უნდა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური კვების ღირებულების ანაზღაურებით. მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი რომ არასრულწლოვან ნ-----–-----–---–----ს მძიმე ჯანმრთელკობის მდგომარეობა აქვს. შესაბამისად მოპასუხის საალიმენტო ვალდებულება შვილის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 150 ლარით ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს. ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს მეორე მშობლის, მოსარჩელე გ------------------–----ს თანაბარ ვალდებულებასაც შვილის მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომითაც მოუპოვოს არასრულწლოვან შვილს საარსებო საშუალებები.

 

6.2. ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-----–---–---- იზრდება დედასთან, იგი დაავადებულია ბავშვთა აუტიზმით, რის გამოც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს, კერძოდ, 100 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან მისი განმარტებით, მისი შემოსავალი მეტის გადახდის საშუალებას არ იძლევა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განმარტებების მიზანი არის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდება, რომლის რჩენის ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვან ნ-----–-----–---–----- განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

ვინაიდან ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხე ზ-----–---–----ს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით მისი შვილის - ნ-----–-----–---–----- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოპასუხემ 100 ლარის დაკისრების ნაწილში შესაგებლით ცნო სარჩელი შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, 18 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------------------–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ზ-----–---–----ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ნ-----–-----–---–----- (დაბ. 2011 წლის 17 ივნისს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

 

3. მოპასუხე ზ-----–---–----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 18 (თვრამეტი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე