გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210017002195245
N 2-868-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 მარტი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელეები: - რ--------------------------------------------------------ძეები
რე---- კვ-----ძის
წარმომადგენელი - ქ--------------–-ძე
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------------------------------------------------------------------''
წარმომადგენელი - ო-–---------–-ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 22 848 ლარის და 26 თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეების თანასაკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლზე არსებული ბზარები გამოწვეულია რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. შენობა შემდგომი ესქპლუატაციისათვის ვარგისია და საჭიროებს დაკვირვებას, ბზარწარმოქმნილ ადგილებზე უნდა გაეკრას თაბაშირის და ქვიშა-ცემენტის ხსნარის მანიშნები (იხ. სარჩელის მე-3 გვერდი. ს.ფ.4); მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 22 848 ლარი და 26 თეთრი, - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა;
2.1. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელეთა სახლი გვირაბიდან საკმაოდ დაშორებულია და აფეთქბით სამუშაოებს ის არ დაუზიანებია, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, თუმცა, ექსპერტი არც მიუთითებს, რომ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები აფეთქებითი სამუშაოებით არის გამოწვეული, მის მიერ წარმოდგენილი აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნით გამორიცხულია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავ ნივთზე - 1617,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, და საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6- 0- 6- 7-- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17); 3.1.2. მოსარჩელეთა სახლს, დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, აქვს მეორე ხარისხის დაზიანება, შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 19-34); - მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით და ზიანის ოდენობაა 22 848 ლარი და 26 თეთრი.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბზარები გამოწვეულია სხავადასხვა მიზეზთა ერთობლიობით: ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით. გარე და შიდა მზიდ კედლებში გაჩენილი ზოგიერთი ბზარები შესაძლოა გამოწვეული იყოს რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით;
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განმარტა: ექსპერტზიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ მოსარჩელეთა სახლი გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებებით არის გამოწვეული, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის ბრალით მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ვინაიდან, მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელეებისათვის მიყენებულ ზიანში არ არის დადასტურებული, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 992-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს; 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა; მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს; მ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც, სარჩელში მითითების საწინააღმდეგოდ, პირდაპირ არ არის აღნიშნული, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება მოპასუხის ბრალით არის გამოწვეული, - ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: რე---- კვ-----ძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება II ხარისხის დაზიანება. ბზარები გამოწვეულია სხავადასხვა მიზეზთა ერთობლიობით: ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით. გარე და შიდა მზიდ კედლებში გაჩენილი ზოგიერთი ბზარები შესაძლოა გამოწვეული იყოს რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. II ხარისხში დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ესე იგი, დასკვნაში მითითებულია სახლის დაზიანების მიზეზთა ერთობლიობაზე - ფუძე-გრუნტების გაწყლიანებასა და ესპლუატაციის მანძილზე გადატანილ სხავადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებზე და ასევე - ზოგიერთი ბზარის გამოწვევის შესაძლო მიზეზზე - მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილ დინამიურ დატვირთვებზე; ა მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2009-2016 წლებში საქართველოში მოხდა ონის, ვანის, ამბროლაურის, დმანისის მიწისძვრები, რომელთაც, შესაძლოა, გარკვეული ეფექტი მოეხდინა ამ ტერიტორიაზე, თუმცა, მათი მოსაზრებით, სერიოზული ზიანის ან ნგრევის მიზეზი ვერ გახდებოდა; ე ეს მიმართვა არ გამოდგება ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის დაზიანების მიზეზთა შორის არის მიწისძვრები, რადგან მიმართვა, როგორც მასშია აღნიშნული, ვარაუდს ემყარება, ექსპერტიზის დასკვნაში კი კატეგორიულად არის აღნიშნული, რომ დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებია. დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ სახლი გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიმართვა კი მხოლოდ 2009-2016 წლებს შეეხება; ექსპერტზის დასკვნაში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ სახლის დაზიანება მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული; სასამართლო თავისი ინიციატივით არ დანიშნავს ექსპერტიზას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. იგივე ეხება დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობას. აღნიშნულის და სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, თვითონ მოსარჩელეა ვალდებული სასამართლოს წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები იმ გარემოებათა დასამტკიცებლად, რომლებზედაც თავის მოთხოვნებს ამყარებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული დებულებების დარღვევა იქნებოდა; მ მოპასუხემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის ბრალით მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას; მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის და მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის; ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა მისი უძრავი ნივთის მოპასუხის ბრალით დაზიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;
7. საპროცესო ხარჯები
7.1.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი