გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002273123
N 2-68-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 მარტი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე - დ--------------შვილი
წარმომადგენელი - ქ--------------–-ძე
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---------------------------------------------------------------------------------------------''
წარმომადგენელი - ო-–---------–-ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 40 401 ლარის და 92 თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია ხოლო სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის და ღობის ბეტონოს ზეძირკვლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არსებული დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით (იხ. სარჩელის მე-3 გვერდი. ს.ფ.4); მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 40 401 ლარი და 92 თეთრი, - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა;
2.1. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელის სახლი გვირაბიდან საკმაოდ დაშორებულია და აფეთქებით სამუშაოებს ის არ დაუზიანებია, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, თუმცა, ექსპერტი არც მიუთითებს, რომ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები აფეთქებითი სამუშაოებით არის გამოწვეული, მის მიერ წარმოდგენილი აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნით კი გამორიცხულია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავ ნივთზე - 575,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6----------- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17); 3.1.2. დ--------------შვილის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის და ღობის ბეტონის ზეძირკვლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 18-36); - მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით და ზიანის ოდენობაა 40 401 ლარი და 92 თეთრი.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის და ღობის ბეტონის ზეძირკვლის ტექნიკუროი მდგომარეობა არდამაკმაყოფილებელია;
დასკვნაში აღნიშნულია, რომ მობინადრეების განცხადებით, სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის, ღობის ბეტონის ზეძირკვლის და საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----–- გვირაბის მშენებლობის დაწყების შემდეგ, სახლში აღინიშნებოდა ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურება და შენობა-ნაგებობების დაზიანებები ძირითადად, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით;
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განმარტა: ექსპერტზიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ მოსარჩელის ნივთის დაზიანება გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებებით არის გამოწვეული, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის ბრალით მოსარჩელის სახლის დაზიანებას;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ვინაიდან, მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არ არის დადასტურებული, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 992-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს; 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა; მოსარჩელეს ევალება, სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს; მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც, სარჩელში მითითების საწინააღმდეგოდ, არ არის აღნიშნული, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება მოპასუხის ბრალით არის გამოწვეული, - ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მობინადრეების განცხადებით, სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის, ღობის ბეტონის ზეძირკვლის და საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----–- გვირაბის მშენებლობის დაწყების შემდეგ, სახლში აღინიშნებოდა ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურება და შენობა-ნაგებობების დაზიანებები ძირითადად, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით; იმის დასადგენად, დ--------------შვილის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და დ--------------შვილის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ უძრავი ნივთის დაზიანება მოპასუხის ბრალით არის გამოწვეული, - როგორც მოსარჩელე მიუთითებს. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ კითხვაზე პასუხის გასაცემად ექსპერტის მიერ მოთხოვნილი საჭირო მონაცემები არ წარდგენილა; სასამართლო თავისი ინიციატივით არ დანიშნავს ექსპერტიზას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. იგივე ეხება დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობას. აღნიშნულის და სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, თვითონ მოსარჩელეა ვალდებული სასამართლოს წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები იმ გარემოებათა დასამტკიცებლად, რომლებზედაც თავის მოთხოვნებს ამყარებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული დებულებების დარღვევა იქნებოდა; ა მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2009-2016 წლებში საქართველოში მოხდა ონის, ვანის, ამბროლაურის, დმანისის მიწისძვრები, რომელთაც, შესაძლოა, გარკვეული ეფექტი მოეხდინა ამ ტერიტორიაზე, თუმცა, მათი მოსაზრებით, სერიოზული ზიანის ან ნგრევის მიზეზი ვერ გახდებოდა (ს.ფ.53); ე ეს მიმართვა არ გამოდგება ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის დაზიანების შესაძლო მიზეზთა შორის არის მიწისძვრები, რადგან მიმართვა, როგორც მასშია აღნიშნული, ვარაუდს ემყარება, ექსპერტზის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ დაზიანების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებია. დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ მოსარჩელის განმარტებით, სახლი 2000 წელს არის აშენებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიმართვა კი მხოლოდ 2009-2016 წლებს შეეხება; ექსპერტზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ სახლის დაზიანება მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული; მ მოპასუხემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის ბრალით მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას; მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის და მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის; ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა მისი უძრავი ნივთის მოპასუხის ბრალით დაზიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;
7. საპროცესო ხარჯები
7.1.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, მოსარჩელეს, შშმ პირს, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ აქვს - გათავისუფლებულია მისი გადახდისაგან, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი