გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210017002027169
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.03.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე შპს ,,ონ-–----------ნს",მოსარჩელის წარმომადგენელი ს---------–-------–---–-
მოპასუხე ჯა--–-ტ მოს---–-–--ლი,დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჯა--–-ტ მოს---–-–--ლს შპს „ონ-–----------ნსის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2000 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა-1000 ლარი, სარგებელი -150.00 ლარი, პირგასამტეხლო - 850.00 ლარი.
1.2. ჯა--–-ტ მოს---–-–--ლს დაეკისროს შპს „ონ-–----------ნსის“ სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
1.3 გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად .
2. მოპასუხის პოზიცია
ჯა--–-ტ მოს---–-–--ლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის- 1000 ლარის და სარგებელის -150.00 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელს დაეთანხმა. ამასთან, განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ონ-–----------ნს“ს და ჯა--–-ტ მოს---–-–--ლს შორის, 2016 წლის 18 ივლისს გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება N83075876-5, რომლის საფუძველზე მოპასუხის სახელზე გაცემული იქნა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ყოველდღიური საპროცენტო სარგებელი 0,5%, სესხის ვადის გადაცილების ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე-50 ლარი, 30 დღემდე- 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო- 2.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის ძირითადი-1000 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი- 150 ლარი დაებრუნებინა 2016 წლის 17 აგვისტოს .
3.1.3. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2016 წლის 17 აპრილს, ასევე მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხის დავალიანება შეადგენს სესხის ძირითადი თანხა- 1000 ლარი და სარგებელი 150 ლარი .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხის ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს .
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს „ონ-–----------ნს“ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 115-ე, 417-418-ე, 420 მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 18 ივლისს გაფორმებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულება N83075876-5, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაცემულია სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ყოველდღიური საპროცენტო სარგებელი 0,5% . მოპასუხე ვალდებული იყო სესხის ძირი-1000 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი - 150 ლარი დაებრუნებინა 2016 წლის 17 აგვისტოს .
ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი, სულ ჯამში 1150 ლარი დაეფარა 30 დღის ვადაში- 2016 წლის 17 აგვისტოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 18 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება მოპასუხის მიერ დარღვეულია, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და არც შემდგომ მას კრედიტორის წინაშე ვალდებულება არ შეუსრულებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს . იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 1000 ლარის და სარგებლის 150 ლარის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის- 1150 ლარის დასაკისრებლად.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%, რაც დღეში 20 ლარია (1000*2%). ასევე, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხაა 1000 ლარი , ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 850 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლით. პირგასამტეხლო მოთხოვნილია ვადაგადაცილებული პერიოდიდან 42 დღისათვის (850:20) და არა სრული ვადაგადაცილების დროისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. ყოველდღიურად 2% პირგასამტეხლო გულისხმობს თვეში 60%-ის დარიცხვას. ამგვარი გაანგარიშებით ყოველდღიურად ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოა 20 ლარი, რაც თვეში 600 ლარია. ისეთ პირობებში როცა, სესხის ძირითადი თანხაა 1000 ლარია, ამ ოდენობით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად, მითუმეტეს, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია ვალდებულების დარღვევიდან 12 თვის შემდეგ. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, იგი არაერთგზის შეეცადა მოსარჩელესთან მიეღწია თანხის განაწილვადებაზე შეთანხმებას, რაც გულისხმობს, რომ იგი ვალდებულების შესრულების მიმართ არ იჩენდა არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია 42 დღის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო . სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრული რაოდენობა იქნება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%, რაც ჯამში შეადგენს 42*(1000*0.3%)=126.00 ლარს, რაც შეესაბამება პირგასამტეხლოს მიზანს და საქმის გარემოებებს.
6.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მულის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში 2016 წლის 18 ივლისს გაფორმებული N83075876-5 სესხის ხელშეკრულების 17.2 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეოდა აღსასრულებლად, ამიტომ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა 2000 ლარის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი ცნო 1150 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ძირი თანხის და სარგებლის-1150 ლარის და ნაწილობრივ პირგასამტეხლოს ნაწილში, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 126 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს-724 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. რის გამოც, მოსარჩელეს სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილზე გადახდილი ბაჟის პროპორციული თანხა - 34,5 ლარის ოდენობით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3.38 ლარის გადახდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ , ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ .
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ონ-–----------ნს’’-ის სარჩელი მოპასუხე ჯა--–-ტ მოს---–-–--ლის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ჯა--–-ტ მოს---–-–--ლს მოსარჩელე შპს ,,ონ-–----------ნსის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1276.00 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი- 150.00 ლარი, პირგასამტეხლო- 126.00 ლარი;
3. მოსარჩელე შპს „ონ-–----------ნს“ს დაუბრუნდეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 34.5 ლარი , რომელიც გადახდილია 18/07/2017 წელს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; ანგარიშის N300503150;
4. მოპასუხე ჯა--–-ტ მოს---–-–--ლს შპს ,,ონ-–----------ნსის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3,38 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით .
5. გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი