გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 831310217002202902
№3/13-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2018 წელი ქ. ბაღდათი
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელე - ღ-------- ებ------ე
წარმომადგენელი - ნ-------- ჩი----–--ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
ბაღდათის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - მ------ მშ---–----ე
დავის საგანი: - მიუღებელი სოციალური დახმარების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილებას მიუღებული ფულადი სოციალური დახმარების 1080 ლარის ღ-------- ებ------ის სასარგებლოდ ანაზღაურება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, ის არის მარტოხელა, სოციალური პაკეტით მოსარგებლე 81 წლის პენსიონერი. სოციალურ დახმარებას იღებდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მისნაირი შეჭირვებულების დახმარება. 2014 წლის იანვრის თვიდან დახმარება, რაც იმ მომენტისათვის შეადგენდა 60 ლარს, შეუწყდა. მიზეზი გახდა სოციალური აგენტის მიერ მისი ყოფისა და საცხოვრებელი პირობების შეფასების აქტის (დეკლარაცია) საფუძველზე დაანგარიშებული სარეიტინგო ქულები. მიმართა სოციალურ სააგენტოს, ჯანდაცვის მინისტრს, რომელთა მეშვეობით შეწყვეტილი სოციალური დახმარება აღდგა და 2014 წელს მიიღო მაისის და ივნისის თვეში, რის შემდეგაც კვლავ შეუწყდა. განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის სამსახურს, რომლებმაც კვლავ მოახდინეს მისი ოჯახის შემოწმება და 2016 წლის პირველი იანვრიდან ისევ დაენიშნა სოციალური დახმარება, მხოლოდ უკვე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად - თვეში 40 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მის მიერ დეკლარაციების შევსებისას სოციალურ მუშაკს აწვდიდა სრულ ინფორმაციას, თუმცა არ იცის დააბრალოს ეს მათი ცოდნისა და კომპეტენციის დონეს თუ განზრახ ქმედებას, გარკვეული მონაცემები (რასაც თვლის, რომ შეეძლო გავლენა მოეხდინა სარეიტინგო ქულებზე) დეკლარაციაში შეტანილია არასწორად, მაგალითად: ერთ დეკლარაციაში მითითებულია, რომ არის სპეციალური სტატუსის არმქონე, მეორეში კი - მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი. ასევე დეკლარაციებში დაფიქსირებულია ვითომდაც აქვს სარდაფი, პირუტყვი, დამხმარე ნაგებობები, მიწის ფართობი. ყოველივე ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მიწა ნამდვილად გააჩნია, თუმცა ის, ვისაც გამოჰყავდა მისი სარეიტინგო ქულა, დაფიქრებულა თუ არა, იმაზე, რომ 81 წლის ადამიანს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირს, შეუძლია თუ არა ამ მიწიდან რაიმე სარგებლის მიღება? ერთადერთი მისი შემოსავალი არის პენსია და სოციალური შემწეობა, საიდანაც უმეტესი ნაწილი წამლებში ეხარჯება. უამრავ კითხვას ბადებს ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში, 2014 წლამდე და მას შემდეგაც, მის ოჯახში ყოველწლიურად იცვლება მხოლოდ ის, რომ ერთი წლის სიცოცხლე აკლდება, ერთი წლით ძველი ხდება სახლში არსებული ყოველი ნივთი, უუარესდება ჯანმრთელობა. რა დაინახა მის ოჯახში ან მასში სოციალური მომსახურების სააგენტომ ისეთი, რომ 2014 წლის 10 თვის, 2015 წლის სოციალური დახმარება მთლიანად წაართვა? უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელი გახდა? ქონება შეიძინა უძრავი ან მოძრავი? მემკვიდრე გამოუჩნდა, ვინც უპატრონებს? ყველა ამ კითხვაზე უარყოფითია პასუხი. შეიძლება იფიქროთ, რომ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, ბოლო სარეიტინგო ქულა (რითაც იღებს დახმარებას) მიენიჭა ახალი მეთოდოლოგიით შეფასებისას - „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით. მანამდე ხომ მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #93 დადგენილებით ხდებოდა განსაზღვრა? სწორედ მის საფუძველზე იღებდა დახმარებას 2011, 12, 13 წლებში, შესაბამისად არ არსებობდა დახმარების გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მიუღებელი სოციალური დახმარება, 2014 წლის 6 თვის და 2015 წლის მთლიანად, რაც საერთო ჯამში შეადგენს 1080 ლარს, უნდა დაეკისროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის სამსახურს მის სასარგებლოდ.
2018 წლის 01 მარტის წლის მთავარ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ღ-------- ებ------ემ და მისმა წარმომადგენელმა ნ-------- ჩი----–--ემ დააზუსტეს სარჩელი და განმარტეს, რომ ითხოვდნენ არა 22 თვის არამედ 18 თვის მიუღებელი სოციალური დახმარების უკან დაბრუნებას, ამასთან განმარტეს, რომ ისინი დეკლარაციებს არ ხდიან სადავოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაცია შევსებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები ხელმოწერით დადასტურებულია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამის შემდეგ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. შესაბამისად დეკლარაცია დამუშავდა და სარეიტინგო ქულა განისაზღვრა მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #93 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 57640 ერთეული და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შევიდა 2014 წლის 30 აგვისტოდან.
რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, იმის შესახებ, რომ ერთ დეკლარაციაში მითითებულია რომ არის სპეციალური სტატუსის არ მქონე და მეორე დეკლარაციაში მითითებულია, რომ არის მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი, ამ ინფორმაციის დამუშავებისას პროგრამა ავტომატურად ახორციელებს მარტოხელა არამომუშავე პენსიონერის გრაფის მონიშვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა არ განახორციელებდა სარეიტინგო ქულის დათვლას (იხ. დანართიN7). ასევე მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულია არასწორი გარემოებები, რომ ვითომდა აქვს, მიწის ნაკვეთი, სარდაფი, დამხმარე ნაგებობები და პირუტყვი. პირუტყვი არცერთ დეკლარაციაში არ არის მონიშნული. ყოველი დეკლარაციის შევსებისას ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი თავად აწერს ხელს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ დეკლარაციას და ხელმოწერით ადასტურებს რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში ასახულია სრულად და შეესაბამება სიმართლეს, გამომდინარე აქედან კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ეს მოთხოვნა არ დარღვეულა. მტკიცებულებას წარმოადგენს დეკლარაციები, რომელიც დართულია შესაგებელზე. სხვა მხრივ უკვე ამის შემოწმება შეუძლებელია, ვინაიდან თავად მოსარჩელის მტკიცებით მისი ქონება ხანძრის მიერ მთლიანად დაიწვა და განადგურდა. დღეის მდგომარეობით კი ნახევრადაც არა აქვს აღდგენილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ღ-------- ებ------ე დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- სარჩელი.
- მხარეების ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოსარჩელე ღ-------- ებ------ის ოჯახის კანონმდებლობით გათვალისწინებული გეგმიური შემოწმება მოხდა 2014 წლის ივნისის თვეში, გადამოწმების და შესაბამისად მიღებული ქულის გათვალისწინებით მოსარჩელეს ჯერ შეუჩერდა და შემდეგ შეუწყდა სოციალური დახმარება 2014 წლის ივნისის თვიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- სარჩელი.
- მხარეების ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოსარჩელე ღ-------- ებ------ის ოჯახის გადამოწმება კვლავ მოხდა 2014 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მაგრამ ოჯახმა კვლავ ვერ მოიპოვა დამმარების მიმღები ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- მხარეების ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2014 წლის გადამოწმების შედეგად 2015 წლის იანვრის თვეში მინიჭებული სარეიტინგო ქულას წარმოადგენდა 70840, რომლის მიხედვით ოჯახმა დაკარგა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, აღნიშნული ქულა განისაზღვრა ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #93 დადგენილების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- მხარეების ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2015 წლის ოქტომბერში ქულათა გამოთვლის ახალ მეთოდოლოგიზე გადასვლასთან დაკავშირებით კვლავ შემოწმდა ღ-------- ებ------ის ოჯახი, ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“ (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით) დეკლარაცია დამუშავდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად და ამის შემდეგ ოჯახს მიენიჭა ქულა 57040, რომლის თანახმად დაენიშნა სოციალური დახმარება თვეში 40 ლარის ოდენობით. სარეიტინგო ქულის მინიჭება მოხდა 2015 წლის ნოემბრის თვეში, ხოლო კანონის თანახმად საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება მოიპოვა 2016 წლის იანვრის თვიდან, ვინაიდან მას შეწყვეტილი ჰქონდა სოციალური დახმარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- მხარეების ახსნა-განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფატობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
– ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანება,– საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ’’
- ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #93 დადგენილება.
- ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის სამსახურს ღ-------- ებ------ის სასარგებლოდ უკანონოდ მიუღებელი სოციალური დახმარების 1080 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
დადგენილია, რომ ღ-------- ებ------ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2006 წლიდან სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული ჰქონდა 28100 სარეიტინგო ქულა. ღ-------- ებ------ე იღებდა ფულად სოციალურ დახმარებას - საარსებო შემწეობას, 2014 წლის ივნისის თვის ჩათვლით.
ასევე დადგენილია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად ღ-------- ებ------ის ოჯახის გეგმიური შემოწმება მოხდა 2014 წლის ივნისის თვეში და გადამოწმების შედეგად მოსარჩელეს შეუწყდა სოციალური დახმარება 2014 წლის ივნისის თვიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაცია შევსებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები ხელმოწერით დადასტურებულია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამის შემდეგ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. შესაბამისად დეკლარაცია დამუშავდა და სარეიტინგო ქულა განისაზღვრა მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #93 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 57640 ერთეული და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შევიდა 2014 წლის 30 აგვისტოდან. 2014 წლის გადამოწმების შედეგად 2015 წლის იანვრის თვეში მინიჭებული სარეიტინგო ქულას წარმოადგენდა 70840, რომლის მიხედვით ოჯახმა დაკარგა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, აღნიშნული ქულა განისაზღვრა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #93 დადგენილების შესაბამისად. 2015 წლის ოქტომბერში ქულათა გამოთვლის ახალ მეთოდოლოგიზე გადასვლასთან დაკავშირებით კვლავ შემოწმდა ღ-------- ებ------ის ოჯახი, შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“. დეკლარაცია დამუშავდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად და ამის შემდეგ ოჯახს მიენიჭა ქულა 57040, რომლის თანახმად დაენიშნა სოციალური დახმარება. ამასთან მოსარჩელეს დეკლარაციები სადავოდ არ გაუხდია.
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
აღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, მასზედ რომ მისი ოჯახისათვის მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ღ-------- ებ------ის სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო
აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ღ-------- ებ------ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა №7) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე