გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
820210017002146974
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210017002146974 (2-554/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი. 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: მე--------------აძე

წარმომადგენელი: რა--------ძე

მოპასუხე ვა–-------------იძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვა–-------------იძეს მე--------------აძისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის სახით დაეკისროს 2016 წლის 1 აპრილიდან დღემდე 19000 (ცხრამეტი ათასი) ლარის და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის გადახდა, როგორც მიუღებელი შემოსავლისათვის, ხოლო 10000 (ათი ათასი) ლარის გადახდა მორალური ზიანისათვის.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2016 წლის 31 მარტს მოპასუხე ვა–-------------იძემ მოსარჩელე მე--------------აძეს მიაყენა ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანება, რის გამოც ის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 07.09 კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული ქმედებით მე--------------აძეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. კერძოდ მე--------------აძე მუშაობდა გა-–--- ახ--------იას ოჯახში დამლაგებლად და მამის მომვლელად, სადაც უხდიდნენ ყოველთვიურად 1000 (ათას) ლარს და იმის გამო, რომ მე--------------აძე გადიოდა მკურნალობას, ჰქონდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მოტეხილი ჰქონდა მარცხენა ხელის იდაყვი, რის გამოც მან ვეღარ შეძლო ახ--------იას ოჯახში მუშაობა, დაკარგა სამუშაო და დღემდე ვეღარ მიიღო ის ხელფასი და შემოსავალი, რასაც ის 2016 წლის 31 მარტამდე იღებდა. ახ--------ია არ დაელოდა მ----ს გამოჯანმრთელებას, მას სჭირდებოდა სახლში დამხმარე და აიყვანა სხვა პირი. მე--------------აძეს ასევე მიადგა მორალური ზიანიც, ვინაიდან ამ დაზიანებისა და ამ დაზიანების თანმდევი შედეგების შედეგად განიცადა ძლიერი სულიერი ტკივილი. ემოციურად მძიმე მდგომარეობაში იყო და განიცდიდა ყოველივე მომხდარს. მე--------------აძეს მოტეხილი ხელიდან 7 თვე არ ჰქონდა მოცილებული თაბაშირი და ხელი კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ხოლო შემდეგ რეზინის მჭიმით ჰქონდა ხელი კისერზე მიმაგრებული. მოსარჩელე ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის სახით თანხის მოპასუხეზე დაკისრებას სარჩელში აღნიშნული ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვა–-------------იძე სარჩელს არ ცნობს, მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის არა გონივრული და არა რეალური. აცხადებს რომ მას არ ჰქონდა მისი ყოფილი მეუღლის -მოსარჩელე მე--------------აძის მოკვლის განზრახვა. მოსარჩელემ ისარგებლა მისი ავადმყოფობით და შეიყვანა კონფლიქტში, მას არ ჰქონდა მძიმე დაზიანებები და ცოტა ხანი იყო საავადმყოფოში, მალე განაგრძო მუშაობა და არ აქვს მტკიცებულება, რომ მას ნამდვილად ჰქონდა 1000 ლარის ყოველთვიური შემოსავალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 სექტემბრის განაჩენით ვა–-------------იძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა 7 წლის ვადით აღკვეთა. ვა–-------------იძის მსჯავრი დაედო მასზედ, რომ 2016 წლის 31 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ბათუმის ს. მესხის ქ. N 25-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვა–---------------ძემ განზრახ მკვლელობის მიზნით, იარაღად ნაჯახის გამოყენებით ყოფილ მეუღლეს მე--------------აძეს თავის, ზურგისა და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები. ფაქტის შემსწრე პირების წინააღმდეგობის გაწევის და ნაჯახის წართმევის გამო ვა–---------------ძემ ვერ მოახერხა განზრახვის სისრულეში მოყვანა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მე--------------აძე გადაურჩა სიკვდილს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 სექტემბრის განაჩენი ვა–-------------იძის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განჩინებით აღნიშნულ განაჩენზე ვა–-------------იძის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 სექტემბრის განაჩენი (ს/ფ 16-21);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენი (ს/ფ 22-29);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განჩინება (ს/ფ 30-33).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ვა–-------------იძე სადავოდ ხდის მე--------------აძის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხსა და შრომის უუნარობის ხანგრძლივობას, ასევე ყოველთვიურად მის მიერ 1000 ლარის გამომუშავების ნამდვილობას.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მე--------------აძე მუშაობდა გა-–--- ახ--------იას ოჯახში დამლაგებლად და მამის მომვლელად, სადაც უხდიდნენ ყოველთვიურად 1000 (ათას) ლარს და იმის გამო, რომ მე--------------აძე გადიოდა მკურნალობას, ჰქონდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მოტეხილი ჰქონდა მარცხენა ხელის იდაყვი, რის გამოც მან ვეღარ შეძლო ახ--------იას ოჯახში მუშაობა, დაკარგა სამუშაო და დღემდე ვეღარ მიიღო ის ხელფასი და შემოსავალი, რასაც ის 2016 წლის 31 მარტამდე იღებდა. თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები: სასამართლოს განაჩენები, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გა-–--- ახ--------იას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, ასევე მოსარჩელის ინიციატივით მოწმის სახით დაიკითხა გა-–--- ახ--------ია, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად უხდიდა მე--------------აძეს მისი ოჯახისა და ოჯახის წევრების მომვლელობისათვის ყოველთვიურად 1000 ლარს, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ მიაყენა დაზიანებები, ვეღარ შეძლო მუშაობა და მან აიყვანა სხვა მომვლელი.

 

მოპასუხე მოპასუხე ვა–-------------იძეს თავისი არგუმენტების განსამტკიცებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ განმარტა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ის დაზიანებები, რომლებიც ასახულია განაჩენსა და სამედიცინო ცნობებში, რადგან მერე ფუტკარაძე მეორე დღესვე გაეწერა საავადმყოფოდან.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის დაძლევა, მის წარმოდგენილი მიერ იქნა სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა ვა–-------------იძის მიერ მე--------------აძეზე მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად სასამართლო ნაწილობრივ დააკმაყოფილებს სარჩელის მოთხოვნას, რომლის სამართლებრივი საფუძველი დასაბუთებული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-მოწმის ჩვენება.

-განაჩენები,- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ,- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მე--------------აძის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 413-ე მუხლები,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 39020 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის დანაწესთა თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. ხოლო ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 სექტემბრის განაჩენით ვა–-------------იძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა 7 წლის ვადით აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით აღნიშნულ განაჩენზე საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არსებობს ვა–-------------იძისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა პირობა, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ვა–---------------ძემ განზრახ მკვლელობის მიზნით, იარაღად ნაჯახის გამოყენებით ყოფილ მეუღლეს მე--------------აძეს თავის, ზურგისა და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები. აღნიშნული დაზიანებების შემდეგ მე--------------აძემ დაკარგა სამუშაო, მისივე განმარტებით სრული გამოჯანმრთელებისთვის დაჭირდა ცხრა თვე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

მ---- ხოზრევანიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულ აღსადგენად დაჭირდა ცხრა თვე, მას შეეძლო შემდგომ გაეგრძელებინა მუშაობა და მისივე განმარტებით დადგინდა, რომ მუშაობა გააგრძელა საავადმყოფოში. შესაბამისად, მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მისთვის დაზიანების მიყენებიდან დღემდე დაეკისროს ვაჯა ხოზრევანიძეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება სამუშაოს დაკარგვის გამო, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია და თვლის რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ცხრა თვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

 

6.3. რაც შეეხება მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ყოფილი მეუღლის დანაშაულებრივი მოქმედება ნაჯახით დაჩეხვისა და ჭრილობების მიყენების სახით, წარმოადგენს მორალური ზიანის გამომწვევ ქმედებას და სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, ვა–-------------იძის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას.

მორალური ზიანის მოცულობას, რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება, განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური , ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები . მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი წონასწორობის მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი ) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს ამდენად, გონივრულია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულით მე--------------აძის განცდილი უარყოფითი ემოციების გათვალისწინებით, მორალური ზიანი განისაზღვროს 3000 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება, შესაბამისად,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ვაჯა ხოზრევანიძეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის -360 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, 30917, 309 21 მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მე--------------აძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.ვა–-------------იძეს (პ/ნ 61006047589) მე--------------აძის(პ/ნ 61006021456) სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის 9000 (ცხრა ათასი) ლარისა და მორალური ზიანის 3000 (სამი ათასი) ლარის, სულ 12000 (თორემეტი ათასი) ლარის ანაზღაურება.

3. ვა–-------------იძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის- 360 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე