განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002329060
საქმე N1-188/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26.03.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლე--------------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ზა----------ძე
მამის სახელი: შა-----
დაბადებული: 1--04.1988 წელი
პირადი ნომერი: 6---------4
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ახ--––--ი
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.ქო----–-----------–---------------.
ადვოკატი - ნო----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172210118001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 20 იანვარს, ქ.ქობულეთში, მ.ა--–----------------ში მდებარე ყოფილი სკოლის ეზოში, ზა----------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გი-------------ს, რის შედეგადაც გი-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, 2018 წლის 20 იანვარს, ქ.ქობულეთში, მ.ა--–----------------ში მდებარე ყოფილი სკოლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გი-------------ს.
2.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. 2018 წლის 14 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №00-------, 29.01.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით გი------------- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა 21.01.2018წ. ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი: თავის დაჟეჟილობა. სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით აღენიშნებოდა მარჯვენა ყურის და კეფის არეში პატარა კანქვეშა ჰემატომები. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ზა----------ძის, ვარდო მოწყობილის, გია ქამადაძის, ავთანდილ შავიშვილის, გი-------------ს გამოკითხვის ოქმები, გი-------------ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზა----------ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზა----------ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გი-------------ს ცემით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს,საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ზა----------ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ის წარსულში ნასამართლევი არ არის; დაცვის მხარის განმარტებით დაზარალებული მსი მხზებელია და ამ დროისთვის შერიგებულია; არა აქვს სტაბილური სამუშაო, კმაყოფაზე ყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი 4 წლის და 5 წლის;
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა----------ძის მიერ ჩადენილი ქმედებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც, ვინაიდან სახეზე არ არის სხვა სახის სასჯელის გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება; როგორც ბრალდებულმა განმარტა, ის ამჟამად დასაქმებულია დროებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მშენებლობაზე, საიდან მიღებული შემოსავალიც არის ოჯახის რჩენის წყარო სოციალურ დახმარებასთან ერთად, ასეთ პირობებში სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს აღნიშნულის შესრულებას, რადგან ამჟამად დასაქმებულია 08:00 საათიდან 18:00 საათამდე; ასევე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის ოჯახს სასჯელის სახე - შინაპატიმრობაც, რაც გარკვეული ტერიტორიული გადაადგილების შეზღუდვით დგინდება და მისი ამჟამინდელი სამუშაო არის საცხოვრებელი ადგილიდან საკმაოდ შორს; ასევე არ არის აუცილებლობა გამოყენებული იქნეს პირობითი მსჯავრი და მითუმეტეს თავისუფლების აღკვეთა, რადგან ბრალდებული ინანიებს ჩადენილს, დაზარალებულთან შერიგებულია და დავა დასრულებულია, ის პირველადაა პასუხისგებაში;
რაც შეეხება ჯარიმის თანხის ოდენობას, სასამართლო თვლის, რომ ის უნდა განისაზღვროს მინიმალური ოდენობით, რადგან დაცვის მხარის განმარტებით ს-–----–-- შემოსავალი დროებითი სამუშაოდან არის 500 ლარი; ოჯახი სოციალურად დაუცველია და იღებს საარსებო შემწეობას; ჯარიმის მეტი ოდენობა კი მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ოჯახს, მათ შორის ორ მცირეწლოვან შვილს;
ამდენად, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ზა----------ძეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა , მინიმალური ოდენობით; სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი, - ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ზა----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ზა----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო - გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე