განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002313858
საქმე №1/58-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერუაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------ წ--------–ი, ს--–---- ჩ------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თორნიკე ბ------–---–ის, დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქარელის რაიონი, სოფ. კ---------ში.
ადვოკატი - გიორგი ჯ-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა.
სხდომის სახე - სისხლის სამართლის საქმე განხილული იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ-------- ბ------–---–მა, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს, შპს „ალიანს მედი“ - ქარელის ჰოსპიტლიდან თ-------- ბ------–---–ის ტანსაცმლის და პირადი ნივთების ამოღებისას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოებები (ფაქტები) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებენ და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარებიან. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის ფარგლებში, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.
საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ ცნო. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სამართლებრივი მსჯელობა სასამართლომ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ფარგლებში წარმართა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის მოცემულ ნაწილში, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული/ფსიქოაქტიური საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ამ ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება წარმოადგენს. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედება ჩადენილია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
,,ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების: ლევან გიგაურის, მალხაზ თიბილოვის, იოსებ სეფაშვილის და ირმა მოგელაშვილის ჩვენებებით, ასევე ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ-------- ბ------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, დოფამინერგულად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენისა და შენახვის შემადგენლობის ყველა ნიშანი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელი, ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესებს სასჯელს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვისათვის. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული/ფსიქოაქტიური საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ თ-------- ბ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------- ბ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, ნასამართლობის არმქონეა, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი საჭიროებს მკურნალობას.
თ-------- ბ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------- ბ------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია, როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმის არსებითი განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის,“ ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.“ სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თორნიკე ბ------–--მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ა). მომწვანო ფერის პოლიმერული მასალის კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 25B-NBOH (პაკეტი#FCD 741516), რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. ბ). ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედურ ოქმზე #179-ზე დართული ერთი ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- ბ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თ-------- ბ------–---–ს დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ-------- ბ------–---–ს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4. თ-------- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით.
5. მსჯავრდებულ თ-------- ბ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თ-------- ბ------–---–ი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში უზრუნველყოს შიდა ქართლის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ:
ა). მომწვანო ფერის პოლიმერული მასალის კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 25B-NBOH (პაკეტი#FCD 741516), რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ბ). ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედურ ოქმზე #179-ზე დართული ერთი ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი