გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 080210016001296373
№ 2/554-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 მარტი 2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე ზ--- ძა----ე;
მოპასუხე მა----- მა--------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მა----- მა--------ეს ზ--- ძა----ის სასარგებლოდ დაეკისროს 3270.6 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 15 სექტემბერს მა----- მა--------ეს ასესხა 3215 ლარი, რაც მსესხებელს უკან უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 15 მარტს ერთიანი თანხით. ამ თანხას დაემატა ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმების საზღაური 55.60 ლარი. შესაბამისად, დავალიანებამ შეადგინა 3270.60 ლარი, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხეზე.
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ თანახმაა ვალი გადაუხადოს მოსარჩელეს, მხოლოდ ეტაპობრივად, რადგან ფინანსური პრობლემების გამო ერთიანად გადახდის საშუალება არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მა----- მა--------ემ განმარტა, რომ თანხის ნაწილი უკვე გადაიხადა, დარჩენილ დავალიანებას კი დაფარავს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს ზ--- ძა----ემ მა----- მა--------ეს ასესხა 3215 ლარი, რაც მსესხებელს უკან უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 15 მარტს ერთიანი თანხით. 2016 წლის 07 მარტს მოპასუხემ წერილობით აღიარა ვალი, მათ შორის აღიარების სანოტარო წესით გაფორმების საზღაური 55.60 ლარი, ჯამში 3270.60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
-ვალის აღიარების ხელწერილი (ს.ფ. 18-20);
3.1.2. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ ზ--- ძა----ესთან შეთანხმებით, მა----- მა--------ემ მოსარჩელის რძალს ხათუთი მასხარაშვილს გადაუგზავნა სესხად აღებული თანხის ნაწილი, კერძოდ 2016 წლის 14 მაისს – 500 ლარი, იმავე წლის 17 ივლისს – 300 ლარი, 09 აგვისტოს – 900 ლარი, 5 ოქტომბერს – 300 ლარი, 2017 წლის 21 აპრილს – 400 ლარი, 2018 წლის 1 თებერვალს –150 ლარი, 2017 წლის 11 ნოემბერს თავად ზ--- ძა----ეს – 50 ლარი, ჯამში – 2600 ლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეეს სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულებით მა----- მა--------ის ვალი ზიგნა ძა----ის მიმართ შეადგენდა 3270.60 ლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 2600 ლარი, შესაბამისად, მას გადასახდელი დარჩა 670.6 ლარი. მოპასუხემ ამ ნაწილშიც ცნო სარჩელი, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 131–ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 49–ე მუხის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხემ კი სარჩელი ცნო, შესაბამისად, მას არ უნა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მა----- მა--------ეს ზ--- ძა----ის სასარგებლოდ დაეკისროს 670.6 ლარის გადახდა.
2. მხარეები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე