გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
130210018002315245
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002315245

N 2-205-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

5 აპრილი, 2018 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი, თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - ნ--–--------ძე

წარმომადგენელი - მ--------ძე

მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----------------------------------------------------------------------------------------------''

წარმომადგენელი - ო-–---------–-ძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 11 950 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მოსარჩელის შენობაზე არსებული დაზიანებები ნაწილობრივ გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილ დინამიურ დატვირთვებს შეეძლო გამოეწვია კედლებზე არსებული დაზიანებების პროგრესირება და ახალი ბზარების განვითარება (იხ. სარჩელის მე-3 გვერდი. ს.ფ.4); მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 11 950 ლარი - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა;

2.1. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელის სახლი აფეთქებით სამუშაოებს არ დაუზიანებია, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ბზარი შეიძლება აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოიშვა, რაც მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს; მოპასუხე მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნაზე, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას მოპასუხის ბრალით; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს თვითონ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე უძრავ ნივთზე - 1203,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6- 0- 6- 1--- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.15); 3.1.2. მოსარჩელის სახლს, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, აქვს ძირითადად მეორე ხარისხის დაზიანებები, მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 16-29); - მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით და ზიანის ოდენობაა 11 950 ლარი.

მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით, ტექნიკური მოუვლელობით და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილ დინამიურ დატვირთვებს შეეძლო კედლებზე არსებული დაზიანებების პროგრესირება და ახალი ბზარების განვითარება გამოეწვია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად მეორე ხარისხისაა. ასაკობრივი ცვეთიდან გამომდინარე მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. შემდგომი ექსპლუატაციისათვის, სახლზე, საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ -ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები);

მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ღირებულება 11 950, 02 ლარია;

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განმარტა: ექსპერტზიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ მოსარჩელეთა სახლი გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებებით არის გამოწვეული, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის ბრალით მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ვინაიდან, მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არ არის დადასტურებული, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 992-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს; 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან ამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა; მოსარჩელეს ევალება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს; მ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც, სარჩელში მითითების საწინააღმდეგოდ, პირდაპირ არ არის აღნიშნული, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება მოპასუხის ბრალითაც არის გამოწვეული, - ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: ,,ნ--–--------ძის შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით, ტექნიკური მოუვლელობით და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილ დინამიურ დატვირთვებს შეეძლო კედლებზე არსებული დაზიანებების პროგრესირება და ახალი ბზარების განვითარება გამოეწვია". ესე იგი, დასკვნაში მითითებულია სახლის დაზიანების მიზეზთა ერთობლიობაზე - ასაკობრივ ცვეთაზე და ტექნიკურ მოუვლელობაზე და ასევე - ზოგიერთი ბზარის გამოწვევის შესაძლო მიზეზზე - მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილ დინამიურ დატვირთვებზე; იგივე დაადასტურა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ავთანდილ რომელაშვილმა (სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის მთავარი სხდომის ოქმი. 15:39:40-15:43:56), მან განმარტა, ზოგიერთი დაზიანება, როგორც მის მიერ გაცემულ დასკვნაშია აღნიშნული, შესაძლებელია რკინიგზის გვირაბის მშენებლობის გამო წარმოებულმა აფეთქებებმაც გამოიწვია, მაგრამ ცალსახად მითითება იმაზე, რომ სახლზე არსებული დაზიანებები ამ მიზეზითაც არის გამოწვეული, შეუძლებელია; მოპასუხემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის“ დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის ბრალით მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას; მოსარჩელის მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომელიც სხვა მტკიცებულებით გამყარებული არ არის და მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის; ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა მისი უძრავი ნივთის მოპასუხის ბრალით დაზიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;

7. საპროცესო ხარჯები

7.1.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი