განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002333323
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ოლღა მერებაშვილი
ბრალდებული - მინ----------–აძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მინ----------–აძე
მამის სახელი: მიხეილი
დაბადებული: 15.03.1978 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, მი----------ის ქ. N4
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 04 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გონიოში მოძრავი ,,ტოიოტა’’-ს მარკის ავტომანქანა, ტრანზიტული სანომრე ნიშნით NGG6483, რომელსაც მართავდა მინ----------–აძე მოძრაობის წესების დარღვევისათვის შეჩერებული იქნა აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მინ----------–აძემ გამოიყენა რა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა მის სახელზე დამზადებული ყალბი NBXX308671 მართვის მოწმობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა მინ----------–აძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმს, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის N003605617 დასკვნას, მოწმეების - პაა----------ის, ამი--------–-ძის გამოკითხვის ოქმებს, მინ----------–აძის გამოკითხვის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მინ----------–აძემ გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი.
სამართლებრივი შეფასება:
6. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დადგენილი იქნას დოკუმენტის სიყალბე და ადგილი ჰქონდეს მის გამოყენებას.
7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ტექნიკური ექსპერტიზის N003605617 დასკვნით დადგენილია, რომ მინ----------–აძის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის და საგამოცდო ფურცლის ბლანკები არ არის დამზადებული ტიპოგრაფიული წესით, შესრულებულია პრინტერზე და მინ----------–აძის სახელზე გაცემული საგამოცდო ფურცლის მარცხენა ზედა ნაწილში განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდი არ არის დატანილი ბეჭდით, არამედ შესრულებულია პრინტერზე. მოწმე - პაა----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო შეჩერების დროს მინ----------–აძემ მას წარუდგინა მის სახელზე გაცემული უკრაინული მძღოლის მოწმობა, რომელსაც გასული ჰქონდა მოქმედების ვადა. წარმოდგენილი მძღოლის მოწმობა ვიზუალური დაკვირვებით არ იწვევდა დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ორივე ნიშანი - დადგენილია დოკუმენტის - მართვის მოწმობის სიყალბე და მინ----------–აძის მიერ ადგილი ჰქონდა მის გამოყენებას.
8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მინ----------–აძემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. მინ----------–აძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
10. მინ----------–აძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიმართ დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მინ----------–აძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება თანაზომიერია ბრალდებულის მატერიალურ მდგომარეობასთან, ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მინ----------–აძის პიროვნების გათვალისწინებით მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მინ----------–აძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება: მინ----------–აძის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა და მინ----------–აძის სახელზე გაცემული საგამოცდო ფურცელი, რომელიც ერთვის სს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი