გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2018
საქმის ნომერი
010210116001641034
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210116001641034

საქმე №2-3854/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე მ---------–--–--ე

წარმომადგენელი თ--------------------

მოპასუხე ლ-------------ე

წარმომადგენელი ი-----------ე

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ---------–--–--ეს და ლ-------------ეს შორის 2012 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ---------–--–--ემ მიყიდა ლ------–-----ეს 1000 აშშ დოლარად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 234 კვმ ფართის მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი N20.48.05.819.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 04 მარტს გასცა საკუთრების უფლების მოწმობა N9885 მ---------–--–--ის სახელზე, რომლის თანახმადაც ქ. ქობულეთში, დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ მდებარე 558 კვმ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N20.48.05.485 დარეგისტრირდა მ---------–--–--ის საკუთრებაში.

 

უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე ზ/აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიყო ორ მიწის ნაკვეთად: ს/კ N20.48.05.818 (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, ფართი 323 კვმ) და ს/კ N20.48.05.819 (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, ფართი 234 კვმ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საჯარო რეესტრის ამონაწერები.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.07.2016წ წერილი.

 

3.2.2. 2012 წლის 08 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ---------–--–--ემ ქ. ქობულეთი, დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ მდებარე მის საკუთრებაში რიცხული 234 კვმ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ N20.48.05.819 მიყიდა მოპასუხე ლ-------------ეს 1000 აშშ დოლარად. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამისად 2012 წლის 08 ოქტომბრიდან ზ/აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ-------------ე. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განცხადება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 08.10.2012წ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს მ---------–--–--ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 68-ე, 69-ე, 183-ე, 3111-ე, 477-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 08 ოქტომბერს მ---------–--–--ეს და ლ-------------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლ-------------ემ იყიდა მ---------–--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქობულეთი, დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №20.48.05.819). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1000 აშშ დოლარით, რომელიც როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი.

 

ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ლ-------------ე 2012 წლის 8 ოქტომბრიდან საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სადაო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავ ნივთებთან მიმართებაში წარმოდგენილი ფუნდამეტური ნორმის, 183-ე მუხლის იმპერატიულად განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით და აღნიშნული რეგისტრაციისათვის, საფუძვლის – უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის მავალდებულებელი გარიგების დამოწმება სავალდებულოა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იქნა კანონით დადგენილი წესით და უძრავ ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლება წარმოიშვა მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის და აღნიშნული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა რომელიმე გარიგება ჩაითვალოს ბათილად უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადაო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს. (იხ. სასარჩელო განცხადება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად კი, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. ამასთან გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილი კი მიუთითებს, რომ წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის კანონით დადგენილი წესის დაცვით გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისად რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში. ამდენად სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სადაო გარიგებაში მონაწილე მხარეების მიერ დაცულია ზ/აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების წესი. ამასთან საქმის მასალებით არ დასტურდება არანაირი ფაქტი იმის შესახებ, რომ სადაო ხელშეკრულება დადებულია კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების საწინააღმდეგოდ, ან იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს 54-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი ნასყიდობის საფასური. როგორც საქმის მასალებით და საქმეში წარმოდგენილი სადაო ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, ნასყიდობის ღირებულება მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა სრულად. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ რომც არ დგინდებოდეს ნასყიდობის ღირებულების გადახდა, ეს მაინც არ შეიძლება გახდეს სადაო გარიგების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მ---------–--–--ის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი იქნა ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ---------–--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე მ---------–--–--ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ლ-------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქობულეთი, დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №20.48.05.819).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს მ---------–--–--ის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის N3854/16 განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ლ-------------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქობულეთი, დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №20.48.05.819).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე