გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2018
საქმის ნომერი
421210018002287376
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N421210018002287376

N2/25-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.03.2018 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - შ.პ.ს. ,------–---------------.

წარმომადგენელი - გი------ ლო--ძე.

მოპასუხე - ნა---- სა----ძე.

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

სხდომის სახე: ზეპირი განხილვა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ნა---- სა----ძეს მოსარჩელე - შ.პ.ს. ,, ო--–---------------' სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

მოსარჩელე - შ.პ.ს. ,------–--------------'' და მოპასუხე - ნა---- სა----ძეს შორის 2015 წლის 31 დეკემბერს ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა სესხი 800 ლარი 31 დღით. სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთია 0.64 %, ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა : ორ დღემდე 50 ლარი, ოცდაათ დღემდე -100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო -2. 00 %. დასაფარი თანხის ოდენობა სესხის 31 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში 958.72 ლარი.

მოპასუხემ გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე, სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 2016 წლის 20 მარტი. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება. სესხი დღემდე არ დაუბრუნებია და ფულადი ვალდებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 12019.60 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 800 ლარი, პროცენტი დღიური 0.64 % ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდამდე არსებულ 31 დღეზე, ამას გამოკლებული მოპასუხის მიერ დაფარული 1.12 ლარი -157.60 ლარი, პირგასამტეხლო - 11062,00 ლარი, საიდანაც ერთჯერადი ჯარიმაა ჯამში 150 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების ცნობის გაცემამდე (სადაც არ შედის ის დღეები რა დროსაც მსესხებელი სარგებლობდა გადავადებით) 10912 ლარი.

საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა შემცირებული თანხა 2000 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 800 ლარი, პროცენტი 157.60 ლარი, პირგასამტეხლო 1042,40 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ძირი თანხის ნაწილში სცნო, მაგრამ არ სცნო პირგასამტეხლოს ნაწილში და განმარტა, რომ იგი არის უკიდურესად გაჭირვებული, სესი აიღო მეუღლის ავადმყოფობის გამო, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მიზერული ხელფასი, ამიტომ მას არა აქვს საშუალება გადაიხადოს სესხი და ითხოვა დაეკისროს მხოლოდ ძირის თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე - შ.პ.ს. ,------–---------------- და მოპასუხე - ნა---- სა----ძეს შორის 2015 წლის 31 დეკემბერს ელექტრონული ფორმით დაიდო N8--------- სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა სესხი 800 ლარი 31 დღით. სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთია 0.64 %, ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა : ორ დღემდე 50 ლარი, ოცდაათ დღემდე -100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო -2. 00 %. დასაფარი თანხის ოდენობა სესხის 31 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში 958.72 ლარი.

 

სესხის თანხა მიიღო მოპასუხემ.

 

სესხი სარგებლიანია. ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლოს (2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) დარიცხვას.

 

3.2. მოპასუხის დავალიანება 31.01.2018 წ მდგომარეობით შეადგენს 2000 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 800 ლარი, პროცენტი 157.60, პირგასამტეხლო1042.40 ლარი.

 

3.3. მოპასუხე ინფორმირებულია დავალიანების შესახებ.

 

3.4. მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების შესრულების ვადა გავიდა 20.06.2016 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი;

- სესხის ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულებები მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა ბანკის დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირისა და პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელ მოპასუხეს პირგასამტეხლო დარიცხული ჰქონდა 1042.60 ლარის ოდენობით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 521 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ნა---- სა----ძეს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ონ-–--- ფ---------ს “(ს/კ 4--------) სასარგებლოდ 1478. 80 ლარი ( ათას ოთხას სამოცდათვრამეტი ლარი და 80 თეთრი), საიდანაც ძირი თანხაა 800 (რვაასი) ლარი, პროცენტი 157. 60 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 60 თეთრი), პირგასამტეხლო 521.20 (ხუთას ოცდაერთი ლარი და 20 თეთრი) ლარი.

 

3. მოსარჩელე შ.პ.ს. ,,----–---------------“ (ს/კ 4--------) უარი ეთქვას 521.20 ( ხუთას ოცდაერთი და 20 თეთრი) ლარი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, უსაფუძვლობის გამო.

 

4. . მოპასუხე ნა---- სა----ძეს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,----–----------------- სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 16.95 ლარის ანაზღაურება.

 

5. . მოსარჩელე შ.პ.ს. ,,----–----------------- (ს/კ 4--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 13. 05 ლარი დარჩეს ხაზინაში გადახდილად.

 

6. მოსარჩელე შ.პ.ს. ,,----–---------------“ (ს/კ 4--------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 ლარი დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე