გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
200210017001983952
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/440-17

N200210017001983952

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - კ----–-- დ----–---–ი

წარმომადგენელი - უ–---ი გ--–--–---–ი

მოპასუხე - შ----- შ-------–---–ი

წარმომადგენელი - ვ-–-------------–---–ი

დავის საგანი - ზარალის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1.მოთხოვნა სარჩელში

1.1. მოპასუხე შ----- შ-------–---–ს მოსარჩელე კ----–-- დ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში -5 000 (ხუთი ათასი) ლარის, ასევე სასამართლოში გადახდილი ბაჟის 160 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2010 წლის სექტემბრის თვეში იყიდა სოფელ ზემო ა-–---ში შ----- შ-------–---–ის სახლი, რაშიც უნდა გადაეხადა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, იმავე დღეს გადაუხადა 2 200 (ორი ათას ორასი) აშშ დოლარი, შეთანხმებისამებრ 1 წლის ვადაში უნდა დაეფარა დანარჩენი თანხა. სამი თვის შემდეგ მასთან მივიდა შ----- შ-------–---–ი 17000 (ჩვიდმეტი ათასი) დოლარი უნდა გადამიხადოო, თუ არ გადამიხდი ამ თანხას, მყავს კლიენტი რომელიც მიხდის 17 000 დოლარსო, მან უარი უთხრა 17 000 დოლარის გადახდაზე და მოსთხოვა მის მიერ მიცემული 2 200 დოლარის დაბრუნება,მან უთხრა დამეხარჯა შენი ფული და როგორც გავყიდი ამ სახლს მაშინვე მოგცემო, აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა შ----- შ-------–---–ის ძმის შვილი გ--–- შ-------–---–ი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, როგორც მისთვის ცნობილია, შ.შ-------–---–მა აღნიშნული სახლი გაყიდა 20 000 (ოცი ათას) აშშ დოლარად, მაგრამ დღემდე არ მიუცია ვალი, ბოლოს უთხრა წადი და სადაც გინდა იქ მიჩივლე ვერაფერს დამიმტკიცებო, რის შემდეგაც მიმართა განცხადებით შსს ა-----ის რაიონულ სამმართველოს, სადაც მოხდა მასალების მოკვლევა, გამოიკითხა შ----- შ-------–---–ი, რომელმაც აღიარა 2200 აშშ დოლარის აღება და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა იყო ”ბე” და ამის გამო არ აპირებს თანხის უკან დაბრუნებას, ასევე გამოიკითხა შ----- შ-------–---–ის ძმის შვილი გ--–- შ-------–---–ი, რომელიც ესწრებოდა მისსა და შ. შ-------–---–ის შეთანხმებას, მან დაადასტურა ის გარემოებას, რომ ფულის გადაცემიდან სამი თვის შემდეგ მოპასუხე მივიდა მასთან და მოსთხოვა გაზრდილი თანხის 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა. მოკვლეული მასალები ინახება შ.სს ა-----ის რაიონულ სამმართველოში, რომლის გამოთხოვნით და პასუხის მიღებით შეზღუდულია სასამართლოს განჩინების გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ----- შ-------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოპასუხე და მოსარჩელე შეთანხმდნენ იმაზე, რომ იგი მიყიდიდა მას ბინას სოფელ ზემო ა-–---ში 15 000 აშშ დოლარად და ბინის ღირებულებას იგი სრულად დაფარავდა 1 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ მას გადაუფორმებდა მისგან შესყიდულ საცხოვრებელ ბინას. მოსარჩელეს ”ბე”-ს სახით 2 200 აშშ დოლარის გადახდიდან 1 წლის განმავლობაში მისთვის უნდა გადაეხადა 12 800 აშშ დოლარი. მოსარჩელე კ. დ----–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და 1 წლის განმავლობაში არ გადაუხადა ბინის ღირებულების დარჩენილი თანხა. მოპასუხემ კი იმის გამო, რომ მოსარჩელემ ”ბე”-ს გადაცემის შემდეგ დარჩენილი თანხა 1 წლის განმავლობაში არ გადაუხადა დარჩენილი თანხა კანონის შესაბამისად პირადი შეხედულებით მოიხმარა. მოსარჩელე ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც 2013 წლის 10 აპრილს განცხადებით მომართა შს ა-----ის პოლიციის სამმართველოს უფროსს, აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელის მხრიდან მის მიმართ შეწყდა ყოველგვარი მუქარა. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არარსებობს.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე კ----–-- დ----–---–მა 2010 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხე შ----- შ-------–---–ს გადაუხადა ბეს სახით 2 200 (ორი ათას ორასი) აშშ დოლარი,ხოლო 12 800 ა.შ.შ დოლარი უნდა გადაეხადა ერთი წლის განმავლობაში, რადგან შეთანხმდნენ რომ მოპასუხე მოსარჩელეს სახლს მიჰყიდიდა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ა.შშ დოლარად და შესაბამის ხელშეკრულებას გააფორმებდნენ ფულის სრულად გადხდის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი(ს.ფ.3-8)

-შესაგებელი(ს.ფ.22-27)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(ოქმი)

3.2.2. ბეს გადაცემიდან სამი თვის შემდეგ შ----- შ-------–---–მა კ----–-- დ----–---–ს მოსთხოვა 17 000 აშშ დოლარის გადახდა, იმ მიზეზით რომ ჰყავდა სხვა მყიდველი. მოსარჩელემ 17000 აშშ დოლარის გადახდაზე უარი უთხრა და მოსთხოვა ბეს 2 200 აშშ დოლარის დაბრუნება, თუმცა მოპასუხეს არ დაუბურნებია მოთხოვნილი თანხა. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ თანხის მოთხოვნის თაობაზე სარჩელით სასამართლოსთვის არ მიუმართავს 2017 წლის 26 ივნისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი(ს.ფ.3-8)

-შესაგებელი(ს.ფ.22-27)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(ოქმი)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე,129-ე,130-ე 131-ე, 144-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება რომ მოსარჩელე კ----–-- დ----–---–ი და მოპასუხე შ----- შ-------–---–ი შეთანხმდნენ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე 15000 აშშ დოლარად და მოსარჩელემ მოპასუხეს 2010 წლის სექტემბრის თვეში ბეს სახით გადსცა 2200 აშშ დოლარი.

ასევე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბეს გადაცემიდან სამი თვის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა 15000 აშშ დოლარის ნაცვლად 17000 აშშ დოლარის გადხდა, რის შემდეგაც მოპასუხე მოსარჩელეს გაუფორმებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მოსთოხვა მოპასუხეს უკან მის მიერ გადაცემული 2200 აშშ დოლარის დაბრუნება, თუმცა მოპასუხეს იმ დროისათვის უკან არ დაუბრუნებია მოსარჩელისათვის მოთხოვნილი თანხა.

ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელე კ----–-- დ----–---–მა სასამართლოს სარჩელით მომართა 2017 წლის 26 ივნისს.

მოპსაუხე მხარემ კი წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

დადგენილია რომ მხარეთა შეთანხმება ეხებოდა უძრავი ნივთის ნასყიდობას, რისთვისაც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ბეს სახით თანხა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, შესაბამისად მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ,,სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება.“(სუსგ საქმე №ას-369-350-2015). სუსგ Nას-1342-1380-2014 წლის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ,,...სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმასი მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორცილებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სსკ-ს 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.“

 

მოეცმულ შემთვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ თავისი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო მოპასუხისათვის ფულის გადაცემიდან სამი თვის შემდეგ, კონკრეტულად კი 2010 წლის დეკემბრის ბოლოს-2011 წლის იანვრის თვეში, შესაბამისად მას სასამართლოსათვის უნდა მიმაერთა მაქსიმუმ 2017 წლის იანვრის თვეში მაინც, მან კი სასამართლოს მომართა 2017 წლის 26 ივნისს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე კ----–-- დ----–---–ის სარჩელი მოპასუხე შ----- შ-------–---–ის მიმართ ზარალის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე