გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2554-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი -გ------- ესაძე
მოსარჩელე - მ-----–- მ-------–---–ი
წარმომადგენელი - თ---------- მ---ი
მოპასუხე - გ------- ტ-------
წარმომადგენელი - ზ-----ი კ------–--ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------- ტ-------ზე, მისი მცირეწლოვანი შვილის, ნ-----–---- ტ------ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით 300 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლიდან მ-----–- მ-------–---–ი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხე მხარესთან. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი ნ-----–----ი ტ-------, დაბადებული 2013 წლის 27 მარტს. 2015 წლიდან მოპასუხე არანაირი სახის დახმარებას არ უწევს შვილს, სავარაუდოა, რომ მოპასუხე იმყოფებოდეს რუსეთის ფედერაციაში. წასვლის დღიდან, დღემდე არ აქცევს შვილს ყურადღებას, მინიმალურ სარჩოსაც არ უგზავნის და შვილის მოვლა სრულად დაეკისრა მოსარჩელეს.
მოსარჩელე, ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს ყოველთვიურად, ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდა, ხოლო ალიმენტის გადახდის ათვლა დაიწყოს წინამდებარე სარჩელის შეტანის დღიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------- ტ-------მ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა თვეში 300 (სამასი) ლარი არაგონივრულია, რადგან არის უმუშევარი და ვერ შეძლებს თვეში აღნიშნული თანხის გადახდას, მითუმეტეს, როცა მას ჰყავს კანონიერი მეუღლე და ელოდება შვილს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ ალიმენტის სახით გ------- ტ------- გადაიხდის 80 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე მ-----–- მ-------–---–სა და მოპასუხე გ------- ტ-------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, ნ-----–----ი ტ-------, დაბადებული 2013 წლის 23 მარტს.
მტკიცებულება:
- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ.15);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე გ------- ტ------ის წარმომადგენელის განმარტებით, მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა თვეში 300 (სამასი) ლარი არაგონივრულია, რადგან არის უმუშევარი და ვერ შეძლებს თვეში აღნიშნული თანხის გადახდას. მოპასუხე გ------- ტ------- იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ელოდება შვილს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ ალიმენტის სახით გ------- ტ------- გადაიხდის 80 ლარს.
მტკიცებულება:
- სამახსოვრო ბარათი ბარათი ქორწინების განმეორებითი მოწმობის გაცემის თაობაზე.
3.2.2. საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია.” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.3. უდავოდ დადგენილია მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, ნ-----–----ი ტ-------, დაბადებული 2013 წლის 22 მარტს, რომელიც ცხოვრობს და იზრდება დედასთან - მოსარჩელე მ. მ-------–---–თან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის – ნ-----–----ი ტ------ის აღზრდაში მონაწილეობის მიღება თანაბრად ეკისრებათ მის მშობლებს: მ-----–- მ-------–---–ს და გ------- ტ-------ს. დადგენილია, რომ ნ-----–----ი ტ-------, იზრდება დედასთან და ის ახორციელებს მის მოვლა-პატრონობასა და აღზრდას.
6.5. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
6...გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), მესამე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით - ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2.მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას
6.7. ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ეყრდნობა, რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას” მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამამ, მოპასუხე გ------- ტ-------მ უნდა უზრუნველყოს შვილის რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური პურისა და რძის ნაწარმის ღირებულების ანაზღაურებით. შესაბამისად მისი საალიმენტო ვალდებულება შვილის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 180 ლარით, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის, გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს. საყურადღებოა, რომ რაიმე სახის ფინანსური ვალდებულებების არსებობა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს მეორე მშობლის, მოსარჩელე მ-----–- მ-------–---–ის თანაბარ ვალდებულებასაც შვილის მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომითაც მოუპოვოს შვილს საარსებოდ საშუალებები, რადგან შვილების მიმართ, ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულების პრინციპი ასევე აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-18 მუხლით - მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
6.8. სასამართლო მხარეებს მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. შვილის გონებრივი და ფიზიკური განვითარება მშობლების პრიორიტეტი უნდა იყოს.
6.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
6.10. მოხმობილი სამართლის ნორმები შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რადგან მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა კანონით გათალისწინებული ვალდებულებისაგან გათავისუფლების საპირწონე მტკიცებულება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი დადგენილია სსს კოდექსის 41-ე მულით. მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილის გ) პუნქტით - დავის საგნის ფასი განისაზღვრება - ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი სცნო 80 ლარის ნაწილში და იგი სსს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ ნაწილში სას. ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე გ------- ტ-------ს მისი შვილის ნ-----–----ი ტ------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით. 100X12=1200. 1200:100X3=36.
შესაბამისად, მოპასუხე გ------- ტ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 36.00 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ-----–- მ-------–---–ის სარჩელი გ------- ტ------ის მიმართ, შვილის - ნ-----–----ი ტ------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების შესახებ.
2. დაეკისროს მოპასუხე გ------- ტ-------ს, მისი შვილის, ნ-----–----ი ტ------ის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დღიდან (2017 წლის 08 სექტემბრიდან) ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 (ასი) ლარის ოდენობით, ნ-----–----ი ტ------ის სრულწლოვანებამდე ან/და მდგომარეობის შეცვლამდე.
3. მოპასუხე გ------- ტ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 36.00 ლარის ოდენობით.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე