გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.04.2018
საქმის ნომერი
140310018002316251
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002316251

საქმე № 3/30-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი

 

მოსარჩელე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი: ო----- ჯ-----–---

 

მოპასუხე: ზ------ დ--–---–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ხელფასის სახით გაცემული თანხის - 2 593,30 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ზ------ დ--–---–---–ი (პირ. № 6-----------) მუშაობდა საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მესამე განყოფილების უფროს ინსპექტორად, საიდანაც სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების გამო გათავისუფლდა 2017 წლის 10 სექტემბრიდან. მას 2017 წლის სექტემბერ-ნოემბერში სრულად ჩაერიცხა სახელფასო თანხა პირად ანგარიშზე საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით; შესაბამისად, 3 თვის სახელფასო ანაზღაურება მას ზედმეტად აქვს აღებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ზ------ დ--–---–---–ი მუშაობდა საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მესამე განყოფილების უფროს ინსპექტორად, საიდანაც გათავისუფლდა 2017 წლის 10 სექტემბრიდან;

 

მტკიცებულება: საქართველოს შსს 2017 წლის 28 ნოემბრის № 2861747 ბრძანება.

 

3.2.2. ზ------ დ--–---–---–ს 2017 წლის სექტემბერ-ნოემბერში სრულად ჩაერიცხა სახელფასო თანხა პირად ანგარიშზე საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით - 2 593,30 ლარი;

 

მტკიცებულება: საგადასახადო მოთხოვნები: № 227608, № 274747, № 230099, № 253611, № 232318, № 248920, № 272537, № 251404, № 277118, საქართველოს შსს 2017 წლის 4 დეკემბრის № MIA 6 17 02910515 მიმართვა.

 

3.2.3. ზ------ დ--–---–---–ი 2017 წლის 21 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, მას 2017 წლის 11 სექტემბრიდან სამსახურებრივი ფუნქციები და უფლებამოვალეობები აღარ შეუსრულებია.

 

მტკიცებულება: საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს 2018 წლის 3 აპრილის № MIA 8 18 00778426 პატაკი, 2017 წლის 11 სექტემბრის პატაკები, საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადების ოქმი, შეტყობინება № 20, საქართველოს შსს 2017 წლის 28 ნოემბრის № 2861747 ბრძანება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ხელფასი ნაწილი 3 სამუშაო თვისათვის, რაც მას რეალურად არ შეუსრულებია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე;

 

იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო; მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; შრომითი გასამრჯელო მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

 

დადგენილია, რომ ზ------ დ--–---–---–ი მუშაობდა საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მესამე განყოფილების უფროს ინსპექტორად, და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები შრომითი გასამრჯელოს მიღების ნაწილში.

 

დადგენილია, რომ ზ------ დ--–---–---–ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან 2017 წლის 10 სექტემბრიდან და ამ დროიდან დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები აღარ შეუსრულებია;

 

მას 2017 წლის სექტემბერ-ნოემბერში პირად ანგარიშზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჩაერიცხა ამ 3 თვის ხელფასი, თუმცა იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 2017 წლის 10 სექტემბრიდან; შესაბამისად, მან მიიღო სახელფასო ანაზღაურება იმ დღეებზეც, რაც მას არ უმუშავია - 2 593,30 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 2 593,30 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობამ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ზ------ დ--–---–---–ს მოსარჩელე საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის სექტემბერ-ნოემბერში ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 2 593 (ორიათას ხუთასოთხმოცდაცამეტი) ლარისა და 30 თეთრის გადახდა.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი