განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002335416
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - გელა თებიძე
ბრალდებული - ირ---–----------ძე
ადვოკატი - კო---------ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ირ---–----------ძე
მამის სახელი: გურამი
დაბადებული: 31.10.1976 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 0----------
მისამართი: ქ. თბილისი, ვე--–--–ის ქ. N29
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 04 იანვარს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. სარფში ირ---–----------ძე მართავდა ,,მერსედეს ბენცი’’-ს მარკის ავტომანქანას N OU 367 UU, რომელიც შეჩერებული იქნა აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რა დროსაც ირ---–----------ძემ გამოიყენა რა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა მის სახელზე დამზადებული N2-------- ყალბი მართვის მოწმობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა ირ---–----------ძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმს, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, მოწმეების - თა--------------ნის და ბა------------ძის გამოკითხვის ოქმებს, ირ---–----------ძის გამოკითხვის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–----------ძემ გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი.
სამართლებრივი შეფასება:
6. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დადგენილი იქნას დოკუმენტის სიყალბე და ადგილი ჰქონდეს მის გამოყენებას.
7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ტექნიკური ექსპერტიზის Nდტ/4 დასკვნით დადგენილია, რომ ირ---–----------ძის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით 2-------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. მასში რაიმე სახის ცვლილებები შეტანილი არ არის. მოწმეების - თა--------------ნის და ბა------------ძის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ირ---–----------ძემ ავტომანქანის შეჩერების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს წარუდგინა მის სახელზე დამზადებული ყალბი მართვის მოწმობა. წარმოდგენილი მართვის მოწმობა ვიზუალური დაკვირვებით იწვევდა დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ორივე ნიშანი - დადგენილია დოკუმენტის - მართვის მოწმობის სიყალბე და ირ---–----------ძის მიერ ადგილი ჰქონდა მის გამოყენებას.
8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ირ---–----------ძემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ირ---–----------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება.
10. ირ---–----------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ირ---–----------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება თანაზომიერია ბრალდებულის მატერიალურ მდგომარეობასთან, ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ირ---–----------ძის პიროვნების გათვალისწინებით მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ირ---–----------ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი