გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1247-17 (140210017002050832)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 მარტი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ვასილ ჯოჯიშვილი
მოსარჩელე - ვ----–---------–---–ი
წარმომადგენელი - ა-–------------–---–-
მოპასუხე - მ------------–-–---–ი
წარმომადგენელი - კ-------–-----–---
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის (საქმე №2/360-17) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ----–---------–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 200 ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული ა-----------–---–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, გორის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 31 მაისს მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მ------------–-–---–ის სარჩელი განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ სრულად დააკმყოფილა. ვ----–---------–---–ი აღნიშნავს, რომ სხდომაზე იმიტომ არ გამოცხადდა, მ------------–-–---–ს სარჩელის გამოხმობისა და დავის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტის თაობაზე შეუთანხმდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის მარტიდან უმუშევარი დარჩა და შემოსავალი აღარ გააჩნია, რის გამოც ვერ გადაიხდის ალიმენტის სახით დაკისრებულ 200 ლარს, თუმცა არ გაურბის საკუთარ პასუხისმგებლობას და მატერიალური შესაძლებობის ფარგლებში გადაიხდის უფრო მეტსაც. მოსარჩელის მტკიცებით, დღეის მდგომარეობით ოჯახში ყველა უმუშევარია, რის გამოც ითხოვს მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის ოდენობის 50 ლარამდე შემცირებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ------------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალიმენტი ვ----–---------–---–ს რამდენიმე თვის წინ დაეკისრა და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების კუთხით არ დასტურდება. ამასთან, ალიმენტის ოდენობა ისედაც მიზერულია და ბავშვის მოვლისა და აღზრდის ხარჯებს მინიმალურად უზრუნველყოფს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გორის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 6 მარტს სარჩელით მიმართა მ------------–-–---–მა მოპასუხე ვ----–---------–---–ის მიმართ, განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. 2017 წლის 31 მაისს, შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. მ------------–-–---–სა და ვ----–---------–---–ს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო მოპასუხეს მ------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული ა-----------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის, 200 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 6 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები 2016 წლის 23 ნოემბრიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ვ----–---------–---–ი არ ზრუნავდა შვილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №2/360-17).
3.1.2. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს ცნობის თანახმად, ვ----–---------–---–ის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა ხელფასიდან შეადგინა 3368,75 ლარი. კერძოდ, იანვრის თვეში 468.75 ლარი; თებერვლის თვეში 1400 ლარი; მარტის თვეში 1500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვ----–---------–---–ი 2017 წლის მარტის შემდეგ დარჩა უმუშევარი და აღარ გააჩნია შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს ცნობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს უნდა დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა შეიცვალა და დაკისრებული ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა აღარ აქვს, ხოლო მოპასუხეს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაექარწყლებინა.
მ------------–-–---–ი ალიმენტის დაკისრების თაობაზე აღძრულ სარჩელში უთითებდა, რომ ვ----–---------–---–ი მუშაობდა და შემოსავალიც გააჩნდა, რის გამოც მოითხოვა ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრება, რაც სასამართლომ 2017 წლის 31 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ცნობით დასტურდება, რომ 2017 წლის მარტის შემდეგ ვ----–---------–---–ს შემოსავალი აღარ უფიქსირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მისი მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა და ეს გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული არ იქნა. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის შემოსავლების შესახებ მ------------–-–---–მა ვერ წარმოადგინა.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვ----–---------–---–ის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა და მოსარჩელეს შემოსავალი აღარ გააჩნია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ შეიცვალა მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ა-----------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და ნაცვლად 200 (ორასი) ლარისა უნდა განისაზღვროს 120 (ას ოცი) ლარით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლები;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს როგორც ალიმენტის მიმღების, ისე მისი გადამხდელი პირების როგორც მატერიალურ, ისე ოჯახურ მდგომარეობაში. შესაძლებელია დამატებიტი შემოსავლის წყაროს გაჩენა, კმაყოფაზე მყოფი პირის გარდაცვალება ან ოჯახის ახალი წევრის გაჩენა, პირის ქმედუნარიანად აღიარება, ავადმყოფობა და სხვა. თითოეული გარემოება შეიძლება ალიმენტის ადრე დადგენილ ოდენობაში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდეს. სასამართლოს შეუძლია ალიმენტის მიმღები პირის ან მისი გადამხდელის სარჩელის საფუძველზე შეამციროს ან გაზარდოს ალიმენტის ადრე დადგენილი ოდენობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, ვ----–---------–---–ს 2017 წლის მარტის შემდეგ შემოსავალი აღარ უფიქსირდება, ხოლო ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის იგი დასაქმებული იყო და შემოსავალსაც ღებულობდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან, მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ვ----–---------–---–ის შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილი აუცილებელ მოთხოვნილებათა ფარგლებში. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება მ------------–-–---–თან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები www.geostat.ge , გამოხმობის თარიღი 09.03.2018წ.), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის იანვრის თვეში - 155 ლარს, თებერვლის თვეში - 155.3 ლარს და მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებისა და მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი შემცირდეს 80 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ვ----–---------–---–მა სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ------------–-–---–ს ვ----–---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 26,66 (ოცდა ექვსი ლარისა და სამოცდაექვსი თეთრის) ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ვ----–---------–---–ის სარჩელი მ------------–-–---–ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შემცირდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №2/360-17) ვ----–---------–---–ისათვის (პირადი №-----------) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მოსარჩელე ვ----–---------–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ა-----------–---–ის (დაბადებული 2015 წლის 26 ოქტომბერს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 15 აგვისტოდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
3. მოპასუხე მ------------–-–---–ს ვ----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 26,66 (ოცდა ექვსი ლარისა და სამოცდაექვსი თეთრის) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი