გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310018002273011
N3/9-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.04.2018 ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება,წარმომადგენელი: გ-----------------;
მოპასუხე ვ------–--------,დავის საგანი : უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვ------–--------ს დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 20 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
ვ------–--------- ოჯახი 2017 წლის ივნისამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან 2017 წლის 22 ივნისს შესული № 04/40701 მიმართვით ცნობილი გახდა ვ------–--------- ოჯახის წევრის შ----------------- მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ. ვ------–--------- ოჯახს ზედმეტად დაერიცხა მისი წილი საარსებო შემწეობის თანხა 20 ლარი. აღნიშნულზე ეცნობა ვ------–--------ს და მიეთითა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 20 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, თუმცა თანხა არ დაბრუნებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ------–--------ს გადაეგზავნა სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად, რაც ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, დედას - ი----- კ---------. მოპასუხეს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მოპასუხე ვ------–--------- ოჯახი 2017 წლის ივნისამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ და განცხადება;
3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის № 04/40701 წერილით ზესტაფონის რაიონული განყოფილებისთვის ცნობილი გახდა ვ------–--------- ოჯახის წევრის - შ----------------- მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 2017 წლის 22 ივნისის № 04/40701 მიმართვა;
3.1.3. ვ------–--------ზე ზედმეტად გადაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა 20 ლარი ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- სმს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წერილები;
3.1.4. ვ------–--------ს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ ორჯერ ეცნობა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 30 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 2017 წლის 01 აგვისტოს №04-06-03/2025 და 2017 წლის 11 სექტემბრის №04-06-03/2325 მიმართვების ასლები;
3.1.5. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვა). აღნიშნული ვალდებულება ვ------–--------- მხრიდან არ შესრულება, რის გამოც ზედმეტად დაერიცხა 20 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე და 394-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.
6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.
6.1.5. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
6.1.6. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
6.1.7. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვა. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
6.1.8. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ოჯახის წევრთა ქონებრივ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რაც მოპასუხეს არ უცნობებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარმოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა სოციალურ დახმარებად (საარსებო შემწეობად);
6.1.9. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ვ------–--------- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.1.10. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 30 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
6.1.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ვ------–--------ს უნდა დაეკისროს 20 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ .
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ელზა ბანცაძე უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე _ ვ------–--------ს (პ.ნ 1----------) დაევალოს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 20 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.ქუთაისი, ნიპორტის ქ. №32) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზესტაფონი წერეთლის ქუჩა №7) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი