გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002290357
N 2/116-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04..04.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი ნათია ლუტიძე
მოსარჩელე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი ფ------ ხ--------ე,მოპასუხე გ-------– ს--------–--ე,დავის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მიყენებული მატერიალური ზიანის 14 840 ლარის და პირგასამტეხლოს 2607.66 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის პოზიცია
ზესტაფონის რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გ-------– ს--------–--ემ 2005 წლის 10 იანვრიდან 2005 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით გაფლანგა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი თანხა 14 840 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მოპასუხე გ-------– ს--------–--ეს შორის 2015 წლის 07 მაისს გაფორმდა N846-43 შეთანხმება, რომლის თანახმად გ-------– ს--------–--ეს გაფლანგული თანხის ანაზღაურების მიზნით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტში ყოველთვიურად უნდა ჩაერიცხა 742 ლარი. გრაფიკის მიხედვით თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,02%.
გ-------– ს--------–--ესთან 2015 წლის 04 ივნისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და გ-------– ს--------–--ეს დაედო მსჯავრი. 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა მხარეებს შორის შეთანხმება ვადის გაგრძელების შესახებ და გ-------– ს--------–--ემ იკისრა ვალდებულება 2016 წლის 07 მარტიდან 2017 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად 742 ლარის გადახდის შესახებ. მიუხედავად გაფრთხილებისა მან თანხის გადახდა არ უზრუნველყო და მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ-------– ს--------–--ემ, შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მაგრამ როგორც მოსამზადებელ ასევე სასამართლო მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო 14 840 ლარის ანაზღაურების ნაწილში და განმარტა, რომ მის მიერ მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს ნაწილ-ნაწილ, მაგრამ პირგასამტეხლოს გადახდა არ ეკუთვნის, რადგან ეს არის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და არ გამომდინარეობს ვალდებულება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ-------– ს--------–--ე 1999 წლიდან 2006 წლის 13 მარტამდე მუშაობდა ზესტაფონის რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2005 წლის 10 იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გ-------– ს--------–--ემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი თანხა 14 840 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება
3.1.2. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2015 წლის 28 აპრილის N0006402192 დადგენილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ცნობილ იქნა დაზარალებულად და მისი თანხმობით 2015 წლის 04 ივნისს გ-------– ს--------–--ესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება;
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 ივნისის N43/1556 მიმართვა;
- საპროცესო შეთანხმების შესახებ ოქმი.
3.1.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გ-------– ს--------–--ეს შორის 2015 წლის 07 მაისს დადებული შეთანხმების საფუძველზე, გ-------– ს--------–--ემ იკისრა ვალდებულება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი თანხა 14 840 ლარი აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის 2017 წლის 07 აპრილამდე ყოველთვიურად გამგეობის ბიუჯეტში 742 ლარის ჩარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება;
- 2015 წლის 07 მაისის N846-43 შეთანხმება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი 2015 წლის 7სექტემბრიდან 2017 წლის 7 მაისამდე.
3.1.4. მოპასუხე გ-------– ს--------–--ის განცხადების საფუძველზე 2015 წლის 11 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება ვადის გაგრძელების თაობაზე და გ-------– ს--------–--ემ იკისრა ვალდებულება 2016 წლის 07 მარტიდან 2017 წლის 07 ოქტომბრამდე განეხორციელებინა ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება;
- მოპასუხის 2015 წლის 07 სექტემბრის განცხადება ვადის გადავადების შესახებ;
- 2015 წლის 11 სექტემბრის შეთანხმება თანხის გადახდის გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;
- თანხის გადახდის გრაფიკი დანართი N2.
3.1.5. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა შეთანხმებით დადგენილ ვადაში, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით გააფრთხილა მოპასუხე შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 13 სექტემბრის N43/2992 მიმართვა.
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 06 დეკემბრის N43/9194 მიმართვა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ზარალის ანაზღაურების შესახებ 2015 წლის 07 მაისის და 11 სექტემბრის შეთანხმებების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში გ-------– ს--------–--ეს გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლო 0,02%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 07 მაისის N846-43 შეთანხმება ზარალის ანაზღაურების შესახებ და 11 სექტემბრის შეთანხმება თანხის გადახდის გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;
- მოსარჩელის განმარტება.
3.2.2. ზარალის ანაზღაურების შესახებ 2015 წლის 07 მაისის და 11 სექტემბრის შეთანხმებების თანახმად ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება 2015 წლის 7 სექტემბრიდან შეადგენს 878 დღეს. ჯამში 878 დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს 2607.66 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება.
- 2015 წლის 07 მაისის N846-43 შეთანხმება ზარალის ანაზღაურების შესახებ და 11 სექტემბრის შეთანხმება თანხის გადახდის გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;
- საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 31 იანვრის N223-43 წერილი პირგასამტეხლოს გაანგარიშების შესახებ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 378-ე, მე-400, 416-418-ე, 420-ე, მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 46-ე, 49-ე, 55-ე, 102-ე, 208- მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გ-------– ს--------–--ემ ცნო სარჩელი ზიანის 14840 ლარის ანაზღაურების ნაწილში, როგორც მოსამზადებელ სხდომაზე ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე გ-------– ს--------–--ის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია 14840 ლარის ანაზღაურების ნაწილში. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 14 840 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას. ამდენად, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში მხარეები ვალდებული არიან შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად მოპასუხე გ-------– ს--------–--ემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოეხდინა ნაწილ-ნაწილ, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2015 წლის 07 მაისს დადებული N846-43 და 2015 წლის 11 სექტემბრის შეთანხმებებით, რომელთა საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 07 ოქტომბერი.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია და ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის და 404-ე მუხლის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები, როგორიცაა პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია, რომლებიც წარმოადგენენ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის.
2015 წლის N846-43 შეთანხმების 1.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე გ-------– ს--------–--ე 2015 წლის 07 სექტემბრიდან 2017 წლის 07 აპრილამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტში ყოველთვიურად ჩარიცხავდა 742 ლარს შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადამხდელს, ანუ მოპასუხე გ-------– ს--------–--ეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შეთანხმებას ხელს აწერს მოპასუხე გ-------– ს--------–--ე და სადავო არ გაუხდია შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ.
2015 წლის 11 სექტემბრის შეთანხმებით გ-------– ს--------–--ის განცხადების საფუძველზე ცვლილება შევიდა თანხის გადახდის გრაფიკში და თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 07 მარტიდან 2017 წლის 07 ოქტომბრამდე. 2015 წლის N846-43 შეთანხმების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. არც ამჯერად გაუხდია სადაოდ მოპასუხეს პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის ვალდებულებით - სამართლებრივი საშუალებაა, ემსახურება მოპასუხის მიერ ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულებას და წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომელზეც თანხმდებიან მხარეები.
წარმოდგენილი მტკიცებულებით მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-ის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დადგენა ემსახურება მოპასუხე გ-------– ს--------–--ის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების სტიმულირებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება და შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
6.4 სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხეც ადასტურებს, რომ მის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ არ შესრულდა, მას დღემდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტში არ მოუხდენია თანხის ჩარიცხვა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. დაარღვია შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება გრაფიკის შესაბამისად შეესრულებინა ფულადი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმების თანახმად მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2017 წლის 07 ოქტომბერი. რა დროისთვისაც მოპასუხე გ-------– ს--------–--ეს შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია. 2015 წლის 07 სექტემბრიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 878 დღეს, შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობაა 0,02% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე თანხით 2607.66 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება.
მოპასუხემ ვერ შეძლო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების - ზარალის ანაზღაურების შესახებ ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს რა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ იგი უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის მიზანია ის, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არ იქცეს მოვალის დასჯის მექანიზმად და არ დაკარგოს მისი, როგორც ვალდებულების დარღვევის პრევენციის დანიშნულება. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ითვალისწინებს როგორც ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ასევე, დაკისრებული თანხის მოცულობას, დარღვევის პერიოდსა და სხვა გარემოებებს. საკითხს, იმის თაობაზე, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ მაღალია, თუ - არა პირგასამტეხლო, ექვემდებარება, თუ - არა იგი შემცირებას და კონკრეტული დავის მიხედვით, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, როგორ უნდა განისაზღვროს მისი ოდენობა, საბოლოოდ აფასებს და წყვეტს სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ზარალის ანაზღაურების შესახებ შეთანხმების შესრულების ვადა გადაცილებას არსებითი ზიანი არ მოყოლია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და მძიმე ტვირთად დააწვება მოპასუხეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 0,02% თანხით 2607.66 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა შემცირდეს, 0,01%-მდე და შესაბამისად, მოპასუხეს, უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით 1302.95 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
როგორც მოსამზადებელ ეტაპზე ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 14 840 ლარის ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად მხარეები ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფალი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
რადგან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, დარჩენილი სადავო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დარჩენილი სადავო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.მოპასუხე გ-------– ს--------–--ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/კ 230087045) სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის 14 840 (თოთხმეტი ათას რვაას ორმოცი) ლარის და პირგასამტეხლოს 1302.95 (ათას სამას ორი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე გ-------– ს--------–--ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 36.65 (ოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
4. სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლებული არიან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე