გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-472/2017 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ლე--–ა გო-----ე
წარმომადგენელი - გი-----------------ე
მოპასუხე - აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ირი---------–--ე
დავის საგანი - მოპასუხისთვის ქმედების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ლე--–ა გო-----ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, ლე--–ა გო-----ის სასარგებლოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის ბრძანებით მისთვის მინიჭებული 200 კალენდარული დღის ანაზღაურებადი შვებულების თანხის, 5636 ლარის ოდენობით გადახდის შესახებ.
1.2. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ლე--–ა გო-----ის მიერ დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა და მან მოპასუხისათვის 200 კალენდარული დღის ანაზღაურებადი შვებულების თანხის დაკისრება მოითხოვა, 6252 ლარის ოდენობით.
1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ლე--–ა გო-----ეს 2016 წლის 1-ელ დეკემბერს სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა ტყუპი შვილები, ალექსანდრე და ერეკლე კობალაძეები, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავჯდომარის 2017 წლის 20 იანვარის №5 ბრძანებით ლე--–ა გო-----ეს, როგორც დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფლების მთავარ სპეცილისტს, მიეცა ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის გამო, 200 კალენდარული დღის ოდენობით, 2016 წლის 12 დეკემბრიდან, 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით.
2017 წლის 28 აპრილს ლე--–ა გო-----ემ განცხადებით მიმართა დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა 2017 წლის 20 იანვრის №5 ბრძანებით, მისთვის მინიჭებული 200 კალენდარული დღის ანაზაღაურებადი შვებულებისთვის განკუთვნილი თანხის გაცემა, რაზეც 2017 წლის 18 მაისს მიიღო წერილობითი უარი კუთვნილი საშვებულებო ანაზღაურების გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში არ მოიპოვებოდა ლე--–ა გო-----ეზე გასაცემი თანხა.
ვინაიდან ადმინიტრაციულმა ორგანომ გამოსცა ინდვიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც ლე--–ა გო-----ეს უნდა აუნაზღაურდეს შვებულება ბავშვის მოვლის გამო 200 კლანდარული დღის ოდენობით, მაგრამ მისი მიმართვის საფუძველზე დეპარტამენტი არ ახდენს კუთვნილი თანხის გაცემას, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თავისი კანონიერი ინეტრესების დასაცავად ერთადერთი საშუალება სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ქმედების, კერძოდ, კუთვნილი თანხის გაცემის დავალდებულებაა, 200 კალენდარული დღის ანაზაღაურებადი შვებულების თანხის ჩარიცხვა, 6252 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მისაღები თანხების ოდენობას, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს შემდეგს:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომითი გასამრჯელო, ანუ ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამ მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა საშუალებას, დაწესებულების ხელმძღვანელმა განსაზღვროს „სხვა დანამატები“, ხოლო აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ დადგენილი დანამატები (2016 წლის 20 იანვრის №4 განკარგულება) ასეთ დანამატს არ წარმოადგენს, რადგან ის არ განისაზღვრება ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში.
დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის პირობებს და ოდენობის გაანგარიშების წესებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანება, თანახმად საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 411-ე მუხლისა. კონკრეტულად ამ წესს ბრძანების მე-7 და მე-8 მუხლი შეეხება. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით ადგენს, რომ ამ ოდენობის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება: „ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები; ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები; გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
ამავე მუხლის სხვა პუნქტები აგერთვე ეხება დახმარების ოდენობის განსაზღვრას სხვადასხვა პირობების არსებობისას (რამდენიმე სამუშაოს შემთხვევაში, სხვადასხვა თვიური ანაზღაურების დროს და ა.შ.).
ამავე მუხლის მე-11 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს კომპენსაციის გაცემის წესს და ადგენს, რომ მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად. ნორმა პირდაპირ იმეორებს საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 411-ე მუხლის მეორე პუნქტს და ადგენს, რომ მე-8 მუხლით განსაზღვრული წესებით დადგენილი დახმარების მიცემის გარდა, საჯარო მოსამსახურე კიდევ იღებს კომპენსაციას, რომლის გაანგარიშების წესია - შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შევსება. რას წარმოადგენს შრომითი გასამრჯელო, ეს განმარტებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლში.
შესაბამისად, თუ საჯარო მოსამსახურე იღებს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს, მას ჯერ უანგარიშდება დახმარების ოდენობა, მინისტრის დასახელებული ბრძანების მე-8 მუხლის 1-10 პუნქტების შესაბამისად და მიეცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ. მინისტრის ბრძანების თანახმად, დახმარების ოდენობა ვერ იქნება 1000 ლარზე მეტი (მე-5 მუხლი). თუკი საჯარო მოსამსახურის მისაღები შრომითი გასამრჯელო შვებულებაში ყოფნის პერიოდში 1000 ლარზე მეტია, ამ თანხის სრულ ოდენობამდე შესავსებად შესაბამისი დაწესებულება მისცემს კომპენსაციას.
მოსარჩელის მიმართ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ლე--–ა გო-----ის თანამდებობრივი სარგოა 790 ლარი, დანამატი კი 316 ლარი, იგი შვებულებაში ყოფნის პერიოდში მიიღებდა 7252 ლარს. დახმარების გაანგარიშების წესის თანახმად, ლე--–ა გო-----ისთვის მისაცემი დახმარება იქნება 1000 ლარი, ხოლო დანარჩენი 6 252 ლარი კი კომპენსაციის სახით უნდა მისცეს შესაბამისმა დაწესებულებამ საკუთარი ასიგნებებიდან. ვინაიდან დახმარების სახით მიღებული აქვს 1000 ლარი, ხოლო მოპასუხისგან უნდა მიიღოს დარჩენილი 6 252 ლარი.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სარჩელი ნაწილობრივ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ლე--–ა გო-----ის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 790 ლარს, ხოლო დანამატი, 316 ლარს, თუმცა აღნიშნული დანამატი არ წარმოადგენს მისი ხელფასის ნაწილს, რამდენადაც არ არის კანონით განსაზღვრული.
ლე--–ა გო-----ე, როგორც დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იღებს დანამატს დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 იანვრის №2 ბრძანების საფუძველზე.
ლე--–ა გო-----ე, როგორც დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, 2016 წლის 31 დეკემბრამდე იღებდა დანამატს აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 22 იანვრის №4 ბრძანების საფუძველზე.
აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ეთანხმება მოსარჩელეს, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებს აქვთ ბიოლოგიური მშობლის ყველა უფლება-მოვალეობები და საქართველოს შრომის კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ერთობლივი წაკითხვა ბავშვის დედას ანიჭებს კანონით განსაზღვრულ ყველა უფლებას, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლებას და ანაზღაურების მიღების უფლებასაც.
დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისარგებლა კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებით და მოსარჩელეს მისცა ტყუპების შობის გამო 200 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება. თუმცა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად ბიუჯეტის შესაბამის მუხლში - სოციალური დახმარების მუხლში თანხა მიმდინარე წელს არ არის, რის გამოც აღსრულება ვერ ხდება.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას, ლე--–ა გო-----ის მოთხოვნა სარგოსა და დანამატის 200 დღის ოდენობით დაკისრებაზე, არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და მხოლოდ სარგოს ოდენობის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელე აცხადებს, რომ მისთვის ბავშვის მოვლის გამო მისაცემი კომპენსაციის ოდენობა უნდა გაანგარიშდეს სარგოსა და დანამატის ოდენობის ჯამით, რისთვისაც მოთხოვნას საქართველოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლზე ამყარებს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, შრომითი გასამრჯელო, რომლის სრულ ოდენობამდე შესავსებადაც მოხელეს მიეცემა კომპენსაცია, მოიცავს სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
ლე--–ა გო-----ე, როგორც აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დანამატს იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 22 იანვარს დამტკიცებული №4 ბრძანებით, რომლის საფუძველია აჭარის ა.რ. მთავრობის 2016 წლის 20 იანვრის №4 განკარგულება და 2017 წლის 18 იანვარს დამტკიცებული №2 ბრძანების შესაბამისად, რომლის საფუძველია აჭარის ა.რ. მთავრობის 2017 წლის 17 იანვრის №8 განკარგულება.
ორივე შემთხვევაში დანამატი დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
შესაბამისად, დანამატი, რომელსაც ლე--–ა გო-----ე იღებს, არ წარმოადგენს კანონით, არც ნორმატიული აქტით დადგენილ დანამატს, რის გამოც, იგი ვერ ჩაითვლება შრომის ანაზღაურების ნაწილად საჯარო სამსახურის 41-ე მუხლის მიზნებისათვის და ვერ მიეცემა მოსარჩელეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლელა გო-----ეს ვერ მიეცემა დანამატი და მისი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ სარგოს მოთხოვნის ნაწილში.
2. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ლე--–ა გო-----ე მუშაობს აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 790 ლარს, ამასთან ის იღებდა დანამატს, ყოველთვიურად 316 ლარის ოდენობით.
ლე--–ა გო-----ეს 2016 წლის 1-ელ დეკემბერს სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა ტყუპი შვილები, ალექსანდრე და ერეკლე კობალაძეები.
დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის №5 ბრძანებით, ლე--–ა გო-----ეს მიეცა ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის გამო, 200 კალენდარული დღის ოდენობით, 2016 წლის 12 დეკემბრიდან, 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით.
ბრძანებით დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო განყოფილების უფროსს დაევალა, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობის შესაბამისად.
ლე--–ა გო-----ეს დახმარების სახით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან მიღებული აქვს 1000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის №5 ბრძანება;
- ერეკლე კობალაძის დაბადების მოწმობა;
- ალექსანდრე კობალაძის დაბადების მოწმობა;
- ექიმ რეპროდუქტოლოგის მაია ბუცხრიკიძის 2016 წლის 20 აპრილის №N2Nცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2017 წლის 18 მაისს აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ №274/01-15 წერილით ლე--–ა გო-----ეს თავისი განცხადების პასუხად აცნობა, რომ 2017 წლის 20 იანვრის №5 ბრძანებით მას მიეცა ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის გამო, 200 დღის განმავლობაში და რამდენადაც ამ ტიპის ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს სოციალურ დახმარებას, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის თანახმად, ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გათვალისწინებული უნდა იყოს სოციალური დახმარების მუხლში. დეპარტამენტს 2017 წლის ბიუჯეტის სოციალური დახმარების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამის მუხლში თანხები არ აქვს, რის გამოც დეპარტამენტი ვერ ახერხებს ბრძანებით განსაზღვრული კომპენსაციის გადახდას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დეპარტამენტის თავმჯდომარის №274/01-15 წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ლე--–ა გო-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები თავისი არსითა და ფორმით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის სამოხელეო სამართლის კანონმდებლობით, რაც, თავის მხრივ გამომდინარეობს და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების სტანდარტს.
საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშია რეგლამენტირებული, დიდწილად გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით სახელმწიფომ დაადგინა შრომითი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობების, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობების კანონით განსაზღვრის ვალდებულება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთაგან ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს საჯარო სამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
6.2. მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია განიმარტოს საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში მყოფი საჯარო მოსამსახურის ორსულობისა და მშობიარობის პერიოდის დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი წესი, რომელიც არა მხოლოდ სამოხელეო სამართლის, არამედ ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპების და პროცედურების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარეობს.
საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი საქართველოში დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციური ნორმებით, ხოლო კონკრეტიზირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დანაწესებით. საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების თაობაზე გადაწყვეტილებათა მომზადების, მიღებისა და გამოქვეყნების წესები, პროცედურები კი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №183 „დედობის შესახებ“ კონვენცია ეხება რა დედობის დაცვის საკითხებს, ადგენს რიგ უფლებებს, რომელიც დაცული უნდა იყოს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში ორსულთა მიმართ და რაც მიჩნეულია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივ ვალდებულებად.
6.3. საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სადავო პერიოდისათვის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022 საქართველოს კანონის 37-ე მუხლით:
1. ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
2. სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ შვებულების ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქციით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411-ე მუხლით განისაზღვრება ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი:
1. მოსამსახურეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო 183 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დახმარება.
2. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება მოსამსახურეს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.
4. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციას ანაზღაურებს დაწესებულება შესაბამისი ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.
5. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს შრომის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემუშავებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი“, რომელიც არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს. აღნიშნული წესის მე-7 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; წესების მე-8 მუხლით კი განისაზღვრება დახმარების და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების საკითხი:
1. მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო.
2. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
3. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
4. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
5. ამ მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
6. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
7. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
8. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების(თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება ფონდის მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
10. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნას ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
11. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.
ანუ, დახმარების გარდა კიდევ იღებს კომპენსაციას, რომლის გაანგარიშების წესია, შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შევსება, ხოლო რას წარმოადგენს შრომითი გასამრჯელო, განმარტებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლით.
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ მე-9 მუხლის მიხედვით, დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.
6.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლე--–ა გო-----ე მუშაობს აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე.
დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის №5 ბრძანებით, ლე--–ა გო-----ეს მიეცა ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის ტყუპების) მოვლის გამო, 200 კალენდარული დღის ოდენობით, 2016 წლის 12 დეკემბრიდან, 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით.
ლე--–ა გო-----ეს დახმარების სახით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან მიღებული აქვს 1000 ლარი.
2017 წლის 18 მაისს აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ №274/01-15 წერილით ლე--–ა გო-----ეს თავისი განცხადების პასუხად აცნობა, რომ 2017 წლის 20 იანვრის №5 ბრძანებით მას მიეცა ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის გამო, 200 დღის განმავლობაში და რამდენადაც ამ ტიპის ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენდა სოციალურ დახმარებას, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის თანახმად, ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გათვალისწინებული უნდა იყოს სოციალური დახმარების მუხლში. დეპარტამენტს კი 2017 წლის ბიუჯეტის სოციალური დახმარების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამის მუხლში თანხები არ აქვს, რის გამოც დეპარტამენტი ვერ ახერხებს ბრძანებით განსაზღვრული კომპენსაციის გადახდას.
ამდენად, ლე--–ა გო-----ეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს (დამსაქმებლის) მიერ კომპენსაციის გადახდაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს სოციალურ დახმარებას, ხოლო დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტში ასეთი თანხების გაცემა არ იყო გათვალისწინებული.
დავის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარე ნაწილობრივ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, რომ ლე--–ა გო-----ე კომპენსაციის სახით მიიღებდა 200 დღეზე მხოლოდ ლე--–ა გო-----ის კუთვნილ სარგოს, რაც ყოველთვიურად 790 ლარს შეადგენდა, ხოლო სახელფასო დანამატის გაცემას კომპენსაციის ანგარიშისას მოპასუხე არ დაეთანხმა, რამდენადაც მიაჩნია, რომ ასეთი წესი არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
მოსარჩელე მხარე კი მიიჩნევს, რომ კომპენსაცია უნდა მიიღოს ყოველთვიური ხელფასის სრული ოდენობის სახით, ხოლო გასამრჯელოში (ხელფასში) შედის ლე--–ა გო-----ისთვის დანიშნული ყოველთვიური დანამატიც, რადგანაც „საჯარო სასმსახურის“ შესახებ კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ხელფასი დანამატსაც მოიცავს.
6.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის უნდა განიმარტოს მოსარჩელე ლე--–ა გო-----ის შრომითი გასამრჯელო, დეპარტამენტში მუშაობის დროს.
საჯარო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტშის თანახმად მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ნორმაში მითითებული დანამატის ქვეშ იგულისხმება გასამრჯელოს (ხელფასის) ის ნაწილი, რაც სპეციალური კანონით არის გათვალისწინებული, კონკრეტულ საჯარო დაწესებულებებსა და უწყებებში დასაქმებული მუშაკებისათვის, ჩინისა და რანგების, ასევე სტაჟის შესაბამისად და უკავშირდება გარკვეული სპეციფიური საქმიანობის სფეროებს, როგორიცაა შინაგან საქმეთა ორგანოების საპოლიციო სამსახური, თავდაცვის სფეროში სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობა და ა.შ.
მაგალითად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ
1. პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან.
2. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
3. პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მოცემულ შემთხვევაში ლე--–ა გო-----ე აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ყოველთვიურად იღებდა ხელფასთან ერთად დანამატს, თუმცა ეს არ ყოფილა გათვალისწინებული და განსაზღვრული შესაბამისი კანონით, არამედ, როგორც დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ლე--–ა გო-----ე დანამატს იღებდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 22 იანვარს დამტკიცებული №4 ბრძანებით, ხოლო ამ ბრძანების საფუძველს თავის მხრივ წარმოადგენს აჭარის ა.რ. მთავრობის 2016 წლის 20 იანვრის №4 განკარგულება და 2017 წლის 18 იანვარს დამტკიცებული №2 ბრძანების შესაბამისად, რომლის საფუძველია აჭარის ა.რ. მთავრობის 2017 წლის 17 იანვრის №8 განკარგულება.
კერძოდ, აჭარის ა.რ. მთავრობის 2017 წლის 17 იანვრის №8 განკარგულებით განისაზღვრა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მთავრობის აპარატის, სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთათვის გასაცემი დანამატების ზღვრული მოცულობები.
აჭარის ა.რ. მთავრობის 2017 წლის 17 იანვრის №8 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 იანვარს დამტკიცებული №2 ბრძანებით კი განისაზღვრა დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთათვის ყოველთვიური გასაცემი დანამატების ზღვრული მოცულობა, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების მთავარ სპეციალისტისთვის შეადგენდა სახელფასო სარგოს 40 %-ს, 316 ლარს.
ანალოგიური წესით გაიცემოდა დანამატები აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოსამსახურეებზე, მათ შორის მოსარჩელე ლე--–ა გო-----ეზე 2016 წელშიც, კერძოდ, აჭარის ა.რ. მთავრობის 2016 წლის 20 იანვრის №4 განკარგულებისა და აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 22 იანვარს დამტკიცებული №4 ბრძანების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით ნორმატიული აქტისაგან, მრავალჯერადი გამოყენების მიზნით არ გამოიცემა და ქცევის ზოგად წესს არ წარმოადგენს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის თანახმად, განკარგულება აჭარის ა.რ. მთავრობის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტს წარმოადგენს. შესაბამისად, ზემოთ დასახელებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის აქტები, რომლებიც ყოველწლიურად, კონკრეტული წრის პირებისათვის (მოსამსახურეებისათვის) გასაცემი დანამატების ზღვრული მოცულობების დადგენას და კონკრეტულ პირებზე მის გაცემას შეეხება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
ამდენად, დადგენილია, რომ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოსამსახურეებზე გასაცემი დანამატების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა არა შესაბამისი კანონი და კანონით განსაზღვრული წესი, არამედ, აჭარის ა.რ. მთავრობის აქტი და მის საფუძველზე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც მისი გაიგივება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრულ, კანონით გათვალისწინებულ დანამატთან, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
მოსარჩელისათვის გაცემული დანამატი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანამატის კატეგორიას მიკუთვნებულად უნდა ჩაითვალოს, რამდენადაც კანონის ამ ნორმით სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მოხელეზე სხვა სახის დანამატების გაცემის საფუძველს წარმოადგენს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. აღნიშნული საფუძვლით დანამატების გაცემა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება და ის არ წარმოადგენს შესაბამისი კანონით დაწესებულ დანამატებს, რომლის გაცემაც სავალდებულოა და შედის მოხელის ხელფასში, ხოლო ლე--–ა გო-----ისათვის გაცემული დანამატი, მოხელის გასამრჯელოს (ხელფასი) შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ის არ უნდა იქნას შეტანილი ლე--–ა გო-----ისათვის გასაცემი კომპენსაციის გამოთვლაში, მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობის შევსებისას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ლე--–ა გო-----ისათვის
ორსულობისა და მშობიარობის გამო მიღებულ დახმარებასთან ერთად კომპენსაციის გაცემისას მის შრომითი გასამრჯელოში ყოველთვიური დანამატის ჩართვის შესახებ, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებულობას.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლე--–ა გო-----ის სარჩელი ორსულობისა და მშობიარობის გამო მიღებულ დახმარებასთან ერთად კომპენსაციის გაცემის დავალდებულების შესახებ, პროცედურულად ემყარება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს და წარმოადგენს მოპასუხისათვის ქმედების დავალებულებას, ორსულობისა და მშობიარობის გამო მიღებულ დახმარებასთან ერთად კომპენსაციის გაცემაზე.
ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესიდან და მოპასუხე ვალდებულია, დააკმაყოფილოს ლე--–ა გო-----ის მოთხოვნა, ორსულობისა და მშობიარობის გამო მიღებულ დახმარებასთან ერთად კომპენსაციის გაცემაზე, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს ანაზღაურებადი შვებულების 200 კალენდარული დღის შესაბამისად, ყოველთვიური სარგოს, 790 ლარის ანგარიშით, რაც შეადგენს 4242,73 ლარს.
7.საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მხარეები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლე--–ა გო-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაეკისროს ლე--–ა გო-----ისთვის 200 კალენდარული დღის ანაზღაურებადი შვებულების თანხის გადახდა, მისი ყოველთვიური სარგოს შესაბამისად, 4242,73 ლარის ოდენობით.
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4. ლე--–ა გო-----ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე