გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2018
საქმის ნომერი
190310017001914149
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/105-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30.03.2018წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე: ვ-–--------------------

მოსარჩელის წარმომადგენელი: მ-----–----–----–---–-

მოპასუხე მხარე: გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოპასუხე წარმომადგენელი: თ-------------

მესამე პირი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირის წარმომადგენელი: გ-----------------–-–---–-

 

დავის საგანი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1------------------–-–--------------–----------------------------------------- ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” 2017 წლის 17 მარტის №---------- განკარგულება და კომისიის #-- სხდომის ოქმი.

 

1.2. დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 19 აგვისტოს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №------------ განცხადებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს ტერიტორიაზე არსებულ (600კვ.მ მიწის ნაკვეთის) უფლების რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას თან ერთვოდა ყველა მის ხელთ არსებული და კანონით გათვალისწინებული საბუთი - მოსარჩელის სახელზე 2003 წლის 25 მარტს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გადააგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სადაც ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ” არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 1981 წელს, სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის პერიოდში, შექმნილი ამხანაგობის მიერ გადაეცა სააგარაკო მიწის ნაკვეთები. მოსარჩელემ მიიღო გარდაბანში ნორიოს ტერიტორიაზე 600კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოსარჩელე სისტემატურად უვლის, იხდის შესაბამის გადასახადებს. მოსარჩელის განმარტებით, მას 1999 წლის 16 მაისს საქართველოს პრეზიდენტის №--- ბრძანებულების თანახმად შესაძლებლობა მიეცა უკვე სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასულიყო. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო სადავო განკარგულება, რომლითაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი 600კვ.მ) მოქალაქე ვ-–-------------------------------------- საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (სააგენტოში რეგისტრირებული განცხადება №------------) ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა (–-----–--------------------- არ დააკმაყოფილა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მოთხოვნა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთარების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ეთანხმება წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტავს, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 19 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით №------------ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციის ანალიზით, აგრეთვე კომისიის მიერ საკითხის ადგილზე შესწავლით დასტურდება, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს.

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განმარტა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა, კერძოდ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საკუთრების უფლებააღსაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მშენებარე ნაგებობა.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ ვ-–--------------------ს საქმესთან დაკავშირებით კომისიის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის სრული დაცვით.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1 მესამე პირის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს, ეთანხმება მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებას და ითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4.1 ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1 2016 წლის 19 აგვისტოს, მოსარჩელემ #------------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადება #------------

 

4.1.2. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 07 სექტემბრის #-------- მიმართვით დგინდება, რომ რუსთავის არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ნორიოს სასოფლე საბჭოს სოფელ ნორიოს 1986-1995, 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლე წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ვ-–--------------------ს კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ. გარდაბნის რაიონის ნორიოს სასოფლე საბჭოს სოფელ ნორიოს 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, მიწის განაწილების (სარეფორმო) მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები რუსთავის არქივში დაცაზე არ შესულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 07 სექტემბრის #-------- მიმართვა

 

4.1.3. 2016 წლის 10 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აღიარების კომისიას #------ წერილით და განსახილველად გადაუგზავნა ვ-–--------------------ს განცხადება და მასალები, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფ. ნორიო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #------ წერილი

 

4.1.4 საკადსტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების სამსახურებრივი ბარათიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საარქივო მასალების მიხედვით წარდგენილ მიწის ნაკვეთის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ დგინდებოდა. ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, საკდასასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე, სადავო უძრავი ნივთზე, ინფორმაციის მომზადების მომენტისთვის, საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების 2016 წლის 14 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათი #---------

 

4.1.5 2017 წლის 17 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მღებული იქნა №---------- განკარგულება, რომლითაც ვ-–--------------------ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტაციის ანალიზით, აგრეთვე კომისიის მიერ საკითხის ადგილზე შესწავლით დასტურდებოდა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთარების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს. კერძოდ: ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მშენებარე ნაგებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება №----------;

 

4.1.6. საქმეში წარმოდგენილია მებაღის წიგნაკი რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელის სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთზე შესრულებული სამუშაოების გამო მას გადახდილი აქვს შესაბამისი თანხები ყოველწლიურად (1983 წლიდან).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მებაღის წიგნაკის ასლი, გადახდის ქვითრები

 

4.1.7 საქმეში წარმოდგენლია საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–----------------- ბრაძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ სადო უძრავო ქონება, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, მდებარე გარდაბანი, სოფ. ნორიო, კერძო საკუთრების უფლებით ეკუთვნის ვ-–----------------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს, ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.

 

7.4 საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.6 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

7.7 სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

7.8 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.9 მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ. რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძვნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

7.10 საქართველოს მთავრობის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია თავის ფუნქციას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ამავე კოდექსის 107.2 მუხლის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, ’’ბ’’ და ’’გ’’ ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს ცნობები.

 

7.11. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტის მიზნით არათუ მოითხოვოს ესა თუ ის დოკუმენტი, არამედ თავად შეუძლია დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, გამოკითხოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, მეზობლები მოპასუხე ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ნორმის გამოყენებით მოეხდინა ადგილზე დათვალიერება არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით. შესაბამისად, უშუალოდ ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ საქართველოს მთავრობის №--- დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მოსაზრებით მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს თუ იგი წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

 

7.12 სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

7.13 მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია ყველა სადაო საკითხი. განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სწორედ ისეთი შემთხვევა როდესაც, საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აჭარბებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით. ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება. გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნებისათვის, რა მიზანიც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

 

ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული რამდენიმე ღონისძიებიდან კონკრეტული ვითარებისათვის ყველაზე უფრო მისაღები სამართლებრივი შედეგი. სასამართლო კი დისკრეციის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ სპეციფიკური შეცდომების თვალსაზრისით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.14 სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

7.15 სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

7.16 სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორციელებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.

 

7.17 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1----------------- წლის განკარგულება და დაევალოს მოპასუხე მხარეს გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იმსჯელოს აბდურახმან ნაბიევის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ყოფილი აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობის №--- 0-.0--1--–- თაობაზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ვ-–--------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-2, 22-25-ე, 32-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. ვ-–--------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------------- განკარგულება და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა მოსარჩელე ვ-–---------------------- სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის #7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი