გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/157-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.03.2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - დ---------–---–ი
წარმომადგენელი -ა----------შვილი, ნ----------შვილი,მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - თ---------იძე
დავის საგანი: გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2017 წლის 18 აპრილს გამოცემული ინდვიდუალრი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება # 7--) ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდიულური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დ---------–---–ის სამართლებრივად გარანტირებული სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიცაპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №7-- მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები დ---------–---–ის სამართლებრივად გარანტირებული სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
1.2 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გამოიცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელის მიხედვითაც მოხდება დ---------–---–ის სამართლებრივად გარანტირებული სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
1.3 დ---------–---–ის სარჩელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ გათავისულდეს სახელმწიფო ბაჟისგან.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წლის 29 ივლისს ორგანიზაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოში (საქმე № 3-189-16) ორი სასარჩელო მოთხოვნით:
1. ბათილად ცნობილიყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (№ 0------) მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები დ---------–---–ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე;
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცემულიყო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა დ---------–---–ის საცხოვრებელით დაკმაყოფილება გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია საქმის მასალები. გამგეობის წარმომადგენლის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის წარმოება არ ჩაუტარებია, რის გამოც ვერ უზრუნველყვეს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ,,მოპასუხეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი“. (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №3/189-16, პარაგრაფი 6.12). თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დ---------–---–ის სარჩელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ. სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათილად ცნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი № 0------ და დაავალა მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ემსჯელა და გამოეცა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების (2017 წლის 06 მარტი) შემდეგ 2017 წლის 15 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოხდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მოსარჩელე დ---------–---–ი და მისი წარმომადგენელი ნ----------შვილი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართული შეხვედრის ამსახველი ოქმის (№ 7) ,,რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის № 3-189-16 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის ოქმი №7“ თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა საბინაო ფონდის არარსებობის გამო, მოსარჩელე დ---------–---–ს შესთავაზეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა ბინის ქირის გადახდის პირობით მხოლოდ 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ შეთავაზებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა, ვინაიდან 2017 წლის დეკემბრის შემდეგ არსებობს სერიოზული რისკი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეთავაზებული პირობების გაზიარების შემთხვევაში, კვლავ დარჩეს სახლის გარეშე და ქუჩაში მოუწიოს ცხოვრება.
დ---------–---–ის მიერ მხოლოდ 2017 წლის დეკემბერის ჩათვლით ბინის ქირის გადახდის შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ, 2017 წლის 18 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი (№ 7--), რომლის თანახმადაც მოსარჩელე დ---------–---–ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მუნიციპალიტეტში საბინაო ფონდის არარსებობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 25 მაისის წერილით (№ 0------).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოებისას დ---------–---–ს და მის წარმომადგენლს განემარტათ, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა საბინაო ფონდი, რის გამოც ვერ მოხდებოდა მისთვის ფართის საკუთრებაში გადაცემა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის #9დადგენილებით, დამტკიცებული სოციალური პროგრამის მე-11 მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარება - ბინის ქირით უზრუნველყოფა 2017 წლის ბოლომდე. რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ გასაჩივრებული 2017 წლის 18 აპრილის #7-- ბრძანების ბათალად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვიანიდან იგი მიღებულია კანონის სრული დაცვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დ---------–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მას აქვს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F 70.0, რომელიც არ წარმოადგენს სტატუსის დამადასტურებელი ცნობის გაცემის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100/ა, ცნობა #--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დანართი 1).
3.1.2. დ---------–---–ს შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრობა, მას აქვს ამისთვის საჭირო ყველა უნარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ფსიქოლოგის, რ----------------–---–-ს დახასიათება (დანართი 2)
3.1.3 დ---------–---–ის განცხადების საფუძველზე ორაგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წერილით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს გ----------------–ს მისთვის სახლის გადაცემით მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ორაგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წერილები (2016 წლის 18 მარტის წერილი #0-------; 2016 წლის 28 აპრილის წერილი #გ---------; 2016 წლის 18 ივლისის წერილი #გ---------)
3.1.4 გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განაცხადა დ---------–---–ისათვის ბინის გადაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 22 ივლისის წერილი #0------
3.1.5. 2012 წლის 14 მარტიდან დ---------–---–ი ირიცხება მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების უფროსის, ი---------------–--ს 2012 წლის 14 მარტის წერილი #0-----------
3.1.6 დ---------–---–ს პირველად 2011 წლის 05 მაისს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. დ---------–---–ს 2013 წლის 27 დეკემბრიდან აღარა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2010 წლის 24 მაისის ცნობა #1----- (დანართი 9); მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2011 წლის 05 მაისის ცნობა #1----- (დანართი 10); შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 2013 წლის 27 დეკემბრის ცნობა #0------ (დანართი 11).
3.1.7 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბერის საქმეზე #3/189-16 გადაწყვეტილების შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ უზრუნველყო დ---------–---–ისათვის სტაბილური საცხოვრებლით დაკმაყოფილება და 2017 წლის 18 აპრილის ბრძანებით #7-- უარი უთხრა დ----- ჭ--–---–ს საცხოვრებელის გადაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 25 მაისის წერილი #0------ (გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება #7-- და 2017 წლის 15 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართული შეხვედრის სხდომის ოქმი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ დ---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.2 მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.
6.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
6.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
6.5 საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.
საკუთრების უფლების კონკრეტული გარანტია მოცემულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და ხელშეუვალია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, არამედ მითითებული მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში.
6.7 საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.
6.8 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
6.10 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ საქმეზე დავის საგანია გარდაბნის მუნიცაპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №7-- მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები დ---------–---–ის სამართლებრივად გარანტირებული სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოიცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელის მიხედვითაც მოხდება დ---------–---–ის სამართლებრივად გარანტირებული სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
6.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.
კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ უფლებას, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში, მათ შორის უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ უფლებას თავად შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი, სად და ვისთან სურთ მათ ცხოვრება და არ იყვნენ ვალდებულნი, დასახლდნენ საცხოვრებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირითა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებეში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართით, მათ შორის ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს - სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დ---------–---–ს 28 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი არ დადგენია. პირველად, 2011 წლის 05 მაისს, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნით (სერია 10882) დაუდგინდა დიაგნოზი-გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევითი აშლილობით F.71.1 და დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ბავშვობიდან, უვადოდ.
6.13 2013 წლის 27 დეკემბერს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამატებითი გამოკვლევისა და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, დ---------–---–ს ჩაუტარდა განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, რომლის თანახმადაც დ---------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი-მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F.70.0. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აღარ დაუდგინდა. 2014 წლის 20 თებერვალს დ---------–---–ი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აიყვანეს რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იგივე დიაგნოზით: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა F.70.0. რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში რამდენიმე ვიზიტის განხორციელების შემდეგ, დ---------–---–ის დიაგნოზი არ შეცვლილა.
ამჟამად, დ---------–---–ი მუშაობს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პანსიონატში მომვლელად.
მხოლოდ იმის გამო, რომ დ---------–---–ს არა აქვს საცხოვრებელი, იგი აგრძელებს ცხოვრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში. მისი სურვილია, რომ შექმნას ოჯახი და ჰყავდეს შვილები, ამიტომ სურს საკუთარ სახლში გადასვლა.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს.
გათვალისწინებით იმისა, რომ საჭირო აღარ არის დ---------–---–ის ყოფნა პანსიონატში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანომ უნდა უზრუნველყოს იგი საცხოვრებელი ფართით.
6.14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდაბნის მუნიცაპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №7-- გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანომ უზრუნველყოს იგი საცხოვრებელი ფართით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ,,ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი გარდაბნის მუნიცაპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №7-- და დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- ჭ--–---–ის სამართლებრივად გარანტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. რუსთავი, ბოსტან -ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი