გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2018
საქმის ნომერი
831210017002204295
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210017002204295

საქმე №2/151-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2018 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–--------–----“

წარმომადგენელი - თ----- ქა-----–--–-–---–ი

მოპასუხე - გ------- ტა--–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ------- ტა--–--ეს შპს ,,მ-----------------------------–--------–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის 900 ლარის გადახდა, საიდანც ძირი თანხა არის 300 ლარი, სარგებლი - 60 ლარი და პირგასამტეხლო 560 ლარი.

 

1.2. მოპასუხე გ------- ტა--–--ეს შპს ,,მ-----------------------------–--------–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი და გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 18 თებერვალს მოპასუხე გ------- ტა--–--ესა და შპს ,,მონ.ჯის’’ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება №L-93908, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის მიერ ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 300 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 60 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 19 მარტს, მაგრამ აღნიშნული ვადაში არ მომხდარა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.67 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 2850.69 ლარი, 569 ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი შემცირებული სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს: მოპასუხეს შპს ,,მ-----------------------------–--------–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 900 ლარის გადახდა, საიდანც ძირი თანხა არის 300 ლარი, სარგებლი - 60 ლარი და პირგასამტეხლო 560 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------- ტა--–--ემ შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შპს ,,მ---------“ წარმომადგენელმა მას დაურეკა რამოდენიმეჯერ, შესთავაზა შეთანხმება, რომლის თანახმად, მას უნდა გადაეხადა 350 ლარი და სესხი განულდებოდა. მოპასუხემ შეასრულა ეს პირობა, გადაიხადა 350 ლარი და მისთვის გაუგებარია შპს ,,მ---------“ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 18 თებერვალს მოპასუხე გ------- ტა--–--ესა და შპს ,,მ---------’’ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება №L-93908, რომლის თანახმად მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 300.00 ლარი, ხოლო სესხის გაცემის საკომისიო შეადგენდა 60.00 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება №L-93908 (იხ. ს.ფ. 13-22);

- კლიენტის მიერ შევსებული განაცხადი (იხ. ს.ფ. 28);

- 2016 წლის 18 თებერვლის საგადახდო დავალება N1455796477 (იხ. ს.ფ. 29);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სესხი გაიცა 30 დღის ვადით, შესაბამისად სესხის სრულად დაფარვის საბოლოო თარიღად განისაზღვრა 18/03/2016. აღნიშნული ვადის დადგომისას მოპასუხემ გადაიხადა სესხის გადავადების თანხა 25.48 ლარის ოდენობით. მის მიერ გადახდილი იქნა, გადავადების საკომისიო აპრილის და მაისის თვეებშიც.

 

3.2.2. მოპასუხე გ------- ტა--–--ის მიერ 2018 წლის 29 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, მის მიერ 2016 წლის აპრილის და მაისის თვეში გადავადების საფასურის გადახდა და 2017 წლის 20 აპრილის თვეში სესხის დაფარვის მიზნით 350 ლარის გადახდა. შესაბამისად, დადგენილი იქნა, რომ შეთანხმების საფუძველზე სესხის გასანულებლად 2017 წლის 20 აპრილს მოპასუხე გ------- ტა--–--ის მიერ გადახდილი იქნა 350 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის ქვითრები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3.სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა თ----- ქა-----–--–-–---–მა განმარტა, რომ 350 ლარი წარმოადგენდა მხოლოდ გადავადების საკომისიოს, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხის გაცემის საკომისიო 60 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი სარგებელი - გათვალისწინებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის ხელშეკრულება №L-93908 (იხ. ს.ფ. 13-22);

- კლიენტის მიერ შევსებული განაცხადი (იხ. ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-418-ე 623-625-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 18 თებერვალს მოპასუხე გ------- ტა--–--ესა და შპს ,,მ---------’’ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება №L-93908, რომლის თანახმად მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 300.00 ლარი, ხოლო სესხის გაცემის საკომისიო შეადგენდა 60.00 ლარს. სესხი გაიცა 30 დღის ვადით, შესაბამისად სესხის სრულად დაფარვის საბოლოო თარიღად განისაზღვრა 18/03/2016. აღნიშნული ვადის დადგომისას, მოპასუხემ ვერ გადაიხადა სესხის თანხა, მაგრამ მომდევნო თვეებში - აპრილში და მაისში მის მიერ გადახდილი იქნა გადავადების საფასური, ხოლო 2017 წლის აპრილის თვეში შეთანხმების თანახმად გადაიხადა 350 ლარი, რომლის შემდეგაც უნდა განულებულიყო სესხის თანხა. მოპასუხის მიერ გადახდილი 350 ლარი ვერ ჩაითვლება გადავადების საფასურად, ვინაიდან როგორც მხარეებმა განმარტეს გადავადების საფასურს წარმოადგენს თვეში 25 ლარი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა გადავადების საფასური 2016 წლის მაისის თვის ჩათვლით, შესაბამისად 2017 წლის აპრილის თვემდე გადავადების საფასური შეადგენდა 250 ლარს (10 თვე).

 

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა 350 ლარი გადახდილი იქნა სესხის დასაფარად და გასანულებლად, აქედან გამომდინარე მოპასუხემ სრულად შეასრულა შეთანხმების თანახმად მის მიერ ნაკისრი ვალდებულება.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეთანხმების საფუძველზე სესხის გასანულებლად 2017 წლის 20 აპრილს მოპასუხე გ------- ტა--–--ის მიერ გადახდილი იქნა 350 ლარი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. თავის მხრივ, მოპასუხემ შეძლო დაედასტურებინა სარჩელის უსაფუძვლობა და მის მერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც ძირითადი თანხის, ასევე სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-----------------------------–--------–----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე